ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველების" დამფუძნებელმა გიორგი მშვენიერაძემ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს მოუწოდა, რომ მათი ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისთან გადავიდეს, "არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქციით".
"ერთ საათსა და 40 წუთში იწურება ვადა, რომელიც ქართველმა ხალხმა მისცა... გვჭირდება 3000 ადამიანი, რომელიც მზად იქნება მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან, ესაა "ქართული ოცნების" ოფისი. აქედან 3000 ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები. მე წამოვალ წინ. დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია.
თუ ხელისუფლება მომდევნო წუთებში არ გადადგამს ნაბიჯს უკან, ასეთი კერები ბევრი გაჩნდება", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.
ეს არის მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მართავს. აქციამ ათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.