უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზოევი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებსა და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოჰყვა მღელვარებას ყარაყალპაკეთში, შუა აზიის ამ რესპუბლიკის ავტონომიურ რეგიონში.
გამოსვლაში, რომლის ტექსტსაც 3 ივლისს მისი პრესსამსახური ავრცელებს, მირზოევი არ აკონკრეტებს მსხვერპლის რიცხვს ან მათი დაღუპვის გარემოებებს. არეულობა მოჰყვა ხელისუფლების ამჟამად უკვე გაუქმებულ ინიციატივას, განხორციელებულიყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც აკნინებდა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს.
"სამწუხაროდ, არის მსხვერპლი სამოქალაქო პირებს და სამართალდამცველებს შორის", - მირზოევის ამ სიტყვებს მისი პრესსამსახური ავრცელებს.
ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში მირზოევი ამბობს, რომ დემონსტრანტებმა რეგიონის დედაქალაქ ნუქუსში განახორციელეს "დესტრუქციული მოქმედებები" - რომ ისინი ისროდნენ ქვებს, აჩენდნენ ხანძრებს და თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს.
სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ფულატ აჰუნოვის სიტყვებს - რომ, როგორც კონტაქტებმა აცნობეს, ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანია დაღუპული, თუმცა შიშობენ, რომ რეალური მონაცემი ათობით ადამიანს უტოლდება.
დაზუსტებული ცნობების მოპოვება რთულია რეგიონიდან, სადაც, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მკაცრად იზღუდება საინტერნეტო და სატელეფონო მომსახურება.
ყარაყალპაკეთში მღელვარე აქციები მოჰყვა ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა გაუქმებას ავტონომიური რესპუბლიკის უფლებისა უზბეკეთისგან გამოყოფაზე - თუმცა, 2 ივნისს, რეგიონში ვიზიტისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ცვლილება აღარ განხორციელდებოდა და ფორმულირება დარჩებოდა კონსტიტუციაში.
ხელისუფლება 27 ივნისს გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმით, რომლის თანახმადაც, ამოღებული იქნებოდა ყარაყალპაკეთის უფლება უზბეკეთს გამოეყოს. მირზოევის მიერ შეთავაზებული გეგმის პროექტით, ყარაყალპაკეთი ინარჩუნებდა ავტონომიას, მაგრამ ამ, დაახლოებით 2 მილიონი მოსახლის მქონე რეგიონს, უუქმებდნენ კონსტიტუციურ უფლებას უზბეკეთისგან დამოუკიდებლობა მოეთხოვა, რეფერენდუმის საფუძველზე.
ყარაყალპაკეთის ტერიტორიის ნაწილში 2 ივლისს ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეგიონი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს, იქ სახლობს 2 მილიონამდე მოქალაქე - ეთნიკური უზბეკები, ყაზახები და ყარაყალპაკები.