რუსეთის ძალები უტევენ უკრაინის მნიშვნელოვან ქალაქებს, აცხადებენ, რომ ლუგანსკი დაიკავეს

ბევრი მოქალაქე უარს ამბობს სლოვიანსკის დატოვებაზე, რუსეთის ძალების ინტენსიური შეტევის მიუხედავად (კადრი ვიდეოჩანაწერიდან)

3 ივლისს რუსეთის ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს შეტევა უკრაინის დონეცკის რეგიონზე, ისინი ცეცხლს უხსნიან ქალაქ სლოვიანსკს - მას მერე, რაც მანამდე აცხადებდნენ, რომ მთლიანად დაიკავეს მეზობელი ლუგანსკის რეგიონის ტერიტორია.

სლოვიანსკის მერი ვადიმ ლიახი "ფეისბუკით" წერს, რომ ქალაქზე განხორციელდა თავდასხმა "მრავალი რაკეტის მტყორცნელიდან... დიდი ხნის განმავლობაში ეს ყველაზე მძიმე შეტევაა".

"15 ადგილას ხანძარია. არის ბევრი დაღუპული და დაჭრილი", - დასძენს ის.

მას მერე, რაც დედაქალაქ კიევის დაკავება ვერ შეძლო, რუსეთმა თავის საომარ მიზნად დაისახა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის აღება, რომელიც მოიცავს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს.

სლოვიანსკი, სადაც ომამდე 107 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დიდი ხანია წარმოადგენს ცენტრს მოსკოვის ტერიტორიული მისწრაფებებისთვის დონეცკის რეგიონში. 2014 წლის აპრილში ქალაქი დაიკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, მაგრამ სამ თვეში მასზე კონტროლი აღადგინეს უკრაინის ძალებმა.

ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ნაწილებს რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ 2014 წლიდან, როცა რუსეთი ასევე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიჭრა და მისი ანექსირება მოახდინა.

3 ივლისს, უფრო ადრე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ რუსეთის არმიამ მთლიანად დაიკავა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ლუგანსკის რეგიონის ტერიტორია - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადებას ავრცელებს სააგენტო TASS-ი.

რუსეთის სახელმწიფო მედია აქვეყნებს თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, იგორ კონაშენკოვის სიტყვებს: "რუსეთის სამხედროები ... ლისიჩანსკის შიგნით იბრძვიან და ბოლომდე მიჰყავთ ალყაშემორტყმული მტრის დამარცხება".

ლუგანსკის რეგიონის კიევის მომხრე გუბერნატორი სერგეი ჰაიდაი "ტელეგრამით" წერს, რომ რუსეთის ძალებმა "პოზიციები გაიმყარეს ქალაქში". უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა 2 ივლისს, გვიან საღამოს თქვა, რომ რუსეთის ძალები "საფრთხის შემცველ სიტუაციას" ქმნიდნენ ქალაქისთვის.

ბოლო დღეებში რუსეთის არმია ლისიჩანსკს ინტენსიურად უტევდა რაკეტებით და ჭურვებით. ერთი კვირის წინ დაეცა ქალაქი სევეროდონეცკი, რომელიც მდებარეობს ლისიჩანსკის გადაღმა, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მეორე ნაპირზე. კონტროლის დამყარებამდე რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკი ფაქტობრივად გაანადგურეს.

პარალელურად, 3 ივლისს უკრაინის ქალაქ ხარკოვის მოსაზღვრე, რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ წინა ღამით სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ბევრი შენობა დაზიანდა ინციდენტით, რომელსაც რუსეთის გავლენიანმა დეპუტატმა უწოდა "უკრაინის მხრიდან აგრესიის პირდაპირი აქტი".