დეზერტირობის ბრალდებით დააკავეს ჰოკეიში რუსეთის ნაკრების მეკარე

25 წლის ივან ფედოტოვი 1 ივლისს დააკავეს პეტერბურგში სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ბრალდებით. როგორც სპორტსმენის ადვოკატი ალექსეი პონომარიოვი ამბობს, 2 ივლისს ღამით რუსეთის ნაკრების მეკარე პეტერბურგიდან სევერომორსკში გადაიყვანეს.

ადვოკატის თქმით, ღამით ფედოტოვი გამოიყვანეს საავადმყოფოდან, სადაც ის ბოლო 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მასთან კომუნიკაცია შეწყდა. პონომარიოვმა ასევე განაცხადა, რომ ფედოტოვმა მისი დახმარებით მოახერხა სასამართლოში საჩივრის შეტანა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო კომისარიატის იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის შესაბამისადაც სპორტსმენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

ცსკა-სა და რუსეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრების მეკარე, 25 წლის ივან ფედოტოვი სამართალდამცავებმა 1 ივლისს დააკავეს. სამხედრო კომისარიატში ფედოტოვი ცუდად გახდა, რის გამოც პირველ საზღვაო-კლინიკურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გასულ წელს ფედოტოვი ჰოკეის კონტინენტური ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. გაზაფხულზე მან გამოაცხადა, რომ აპირებდა ცსკა-ს დატოვებას: მეკარემ გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ NHL-ის ლეგენდარულ კლუბ The Philadelphia Flyers-თან და აპირებდა შეერთებულ შტატებში გადასვლას.