რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ „განთავისუფლებულია“ თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
შოიგუმ ასევე აცნობა პუტინს ქალაქ ლისიჩანსკზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ, თუმცა უკრაინულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ლისიჩანსკის კონტროლისთვის. 3 ივლისს, დილით, ლუგანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ ამჟამად რუსული ძალები პოზიციებს ამაგრებენ ქალაქის მისადგომებთან დაკავებულ ტერიტორიებზე.
ასევე ნახეთ ლისიჩანსკში განადგურებულია ყველა ადმინისტრაციული შენობა„ოკუპანტებმა მთელი ძალები გადაისროლეს ლისიჩანსკზე. შეუტიეს ქალაქს გაუგებარი, სასტიკი ტაქტიკით. ასე რომ, თუ სევეროდონეცკში, ერთთვიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ, გადარჩენილი იყო სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების ნაწილი, ლისიჩანსკში, ბევრად მოკლე დროში, ყველა ადმინისტრაციული შენობა მიწასთანაა გასწორებული“, - დასძინა გაიდაიმ.