როგორ (არ) ითმენენ შეურაცხყოფას საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებში

აქცია საქართველოს პარლამენტთან, 2022 წელი.

საჯარო პირს თმენის ვალდებულება აქვს - ეს საერთაშორისო სტანდარტია და არანაირი დედის გინება არ გამოდგება მიზეზად, ის არ დაიცვა, ამბობენ სამოქალაქო სფეროს სპეციალისტები. თმენის ვალდებულების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის საელჩოში მოწვეულ სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„TV პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს 30 ივნისს, საელჩოში გამართულ წვეულებაზე დაუპირისპირდნენ. წერეთლის თქმით, ოხანაშვილმა მას ხელი დაარტყა. ანრი ოხანაშვილი მომხდარს არ უარყოფს და განმარტავს, რომ ასეთი რეაქცია მძიმე შეურაცხყოფის გამო ჰქონდა: „ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი, არ გავიმეორებ მე ამას. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვატო წერეთელმა სათანადო პასუხი მიიღო, კანონისა და ეთიკის ფარგლებში“, - გაიმეორა მან რამდენჯერმე. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია, რა თქმა უნდა. იყო უმძიმესი პროვოკაცია, რაზეც კანონისა და ეთიკის ფარგლებში პროვოკატორმა მიიღო პასუხი. ამას სჭირდება სათანადო რეაგირება“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საჯარო პირები, ხშირად პოლიტიკოსები, ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან და მიზეზად ის მოჰყავთ, რომ მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ თანამდებობის პირები, რომლებზეც თმენის ვალდებულება ვრცელდება. თმენის ვალდებულება არის სწორედ ის, რომ თუკი შეურაცხგყოფენ, - და ესეც ძალიან სუბიექტურია, რა შეიძლება მივიჩნიოთ შეურაცხყოფად, - ძალისმიერი მეთოდებით არ უნდა უპასუხო. დედის გინება ქართველისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული მოსასმენია, მაგრამ თმენის ვალდებულება სწორედ იმიტომ აქვს საჯარო მოხელეს, რომ სამართლებრივი გზებით გასცეს პასუხი და არა ისე, როგორც მოხდა, როცა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქუჩურად და სამარცხვინოდ გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენელს, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, - კრიტიკა თუნდაც სკაბრეზული იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს თავს მუშტით უნდა დაესხა და ისე გაუსწორდე, თავად შენ მიეცე პასუხისგებაში“.

ფიზიკური ძალადობა არა მხოლოდ საჯარო მოხელისგან, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქისგანაც მიუღებელი და დასჯადია და ამ დროს საქმეში პოლიცია უნდა ჩაერთოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ცუხიშვილი ამბობს, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყნებში ასეთი ფაქტები ნაკლებად ხდება.

როგორ იღებენ თანამდებობის პირები შეურაცხყოფასა და თავდასხმას ევროპასა და ამერიკაში? როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხალხთან შეხვედრისას კვერცხები დაუშინეს, ის არ ცდილა, აგრესორისთვის პასუხი დაებრუნებინა. კიდევ ერთ შეხვედრაზე მას შეკრებილებიდან ერთ-ერთმა სილაც კი გააწნა. ამ შემთხვევაშიც მაკრონი დაცვამ ორიოდე წუთით ხალხს მოაშორა, თუმცა ის მალევე დაბრუნდა და ისევ გააგრძელა შეკრებილებისთვის ხელის ჩამორთმევა.

2016 წელს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, ხალხის მასიდან ვიღაცამ სცადა უსაფრთხოების ბარიერი დაერღვია, მაგრამ საქმეში დაცვა ჩაერია, რომელმაც მას ამის საშუალება არ მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებითაა სავსე, ალეკო ცქიტიშვილი იმ მაგალითებსაც იხსენებს, როდესაც საჯარო მოხელეები მოთმენასაც ახერხებდნენ.

„თუ პრეზიდენტებს გავიხსენებთ, შევარდნაძე ალბათ ყველაზე გაწონასწორებული პრეზიდენტი იყო, მას ესმოდა თმენის ვალდებულება, იუმორითაც კი პასუხობდა საკმაოდ მძიმე კრიტიკას. ზურაბ ჟვანიაც შეიძლება გავიხსენოთ, მახსოვს მაგალითები, როდესაც პრესაში ძალიან შეურაცხმყოფელი სტატიები დაიწერა მასზე, მაგრამ არ უპასუხია. იგივე ლევან ბერძენიშვილიც, პარლამენტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი როცა იყო, ხშირად ესხმოდნენ თავს. ახლაც, როდესაც მუდმივად ლანძღავენ და ემუქრებიან ერეკლე მეორის გამო, იუმორითაც კი პასუხობს“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

ნინო ცუხიშვილის თქმით, ის, რომ საქართველოში თმენის ვალდებულებას ყურადღებას მაინცდამაინც არ აქცევენ, ქვეყნის განვითარების ხარისხითა და პოლიტიკოსების საზოგადოებისადმი დამოკიდებულებით აიხსნება. ასევე ეს დამოკიდებულია ადამიანის პიროვნულ ფაქტორებზეც: „ალბათ უფრო თანამდებობის პირებს უნდა ვკითხოთ, ასე რატომ იქცევიან“, - ამბობს ნინო ცუხიშვილი.