„საბჭოთა ვიაგრა“, „კრემლის აბები“ და საბჭოთა პარამედიცინის სხვა საოცრებები

ფიზიოთერაპიული პროცედურები. სსრკ 1959 წ.

რა დანიშნეულებით იყენებდა საბჭოთა მედიცინა ორსული ქალების შარდს? ვინ შექმნა პრეპარატი გრავიდანი - ე.წ. საბჭოთა ვიაგრა, რომლის კომპონენტების მისაღებად სპეციალურ მეურნეობაში თავის უყრიდნენ ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალებს მთელი საბჭოთა კავშირიდან? როგორც ირკვევა, მაქსიმ გორკი, სემიონ ბუდიონი, სერგო ორჯონიკიძე, კლარა ცეტკინი და სხვ. - მთელი საბჭოთა ელიტა იჯდა ამ პრეპარატზე, რომლის ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ, ასევე იმყოფებოდა ყველაზე ცნობილი საბჭოთა მოქანდაკე ქალი, ვერა მუხინა, როცა ეპოქალური მნიშვნელობის სკულპტურას, „მუშასა და კოლმეურნეს“ ქმნიდა.

რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამდენიმე მსხვილმა დასავლურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეზღუდა მედიკამენტების მიწოდება რუსეთის ბაზარზე. ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის სამედიცინო საზოგადოების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთში, სულ ცოტა, 80 დასახელების მედიკამენტის მწვავე დეფიციტი იყო, მათ შორის, რთულად იშოვებოდა ინსულინი და საბავშვო ნუროფენი. ამგვარი მძიმე ვითარების ფონზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ერთმა ნაწილმა მედიკამენტების მომარაგება დაიწყო, მეორე ნაწილმა კი იმით დაიმშვიდა თავი, რომ შესაძლებელია ჩრდილოეთ კორეის მაგალითის გადაღება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ალტერნატული მედიცინით, მით უფრო, რომ ამ მიმართულებით „უნიკალური აღმოჩენები“ საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა. საგულისხმოა, რომ მკურნალობის საეჭვო მეთოდებსა და საშუალებებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნილება იყო მაშინ, როცა საბჭოთა აფთიაქებში ძირითადად მხოლოდ ვაზელინი და ასპირინი იყიდებოდა.

შარდი თავში

1927 წელს გერმანელმა ენდოკრინოლოგმა ზელმარ აშჰეიმმა აღმოაჩინა საინტერესო მოვლენა: როცა თეთრ თაგვებს კანქვეშ შეუყვანეს ორსული ქალის მცირე რაოდენობის შარდი, ცხოველები უკიდურესად აღიგზნენ, რაც გონადოტროპული ჰორმონის მოქმედებამ გამოიწვია. ცნობილია, რომ ეს ჰორმონი ძლიერად ზემოქმედებს სქესობრივ სფეროზე.

სსრკ-ში აშჰეიმის ექსპერიმენტი გაიმეორა ექიმმა ალექსეი ზამკოვმა, ცნობილი მოქანდაკის ვერა მუხინას ქმარმა, თუმცა ზამკოვი უფრო შორს წავიდა: მან დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება უფრო დიდ ცხოველებზე, შემდეგ კი საკუთარ თავზე. შედეგები უბრალოდ გასაოცარი აღმოჩნდა: „თითქოს შამპანური დაგილევია! ამგვარი აღმაფრენა 10 დღე გაგრძელდა, ხოლო ექსპერიმენტში ჩართული ფაუნა არა და არ დაცხრა. ბებერმა ჯაგლაგმა, რომელსაც დასაკლავად ამზადებდნენ, ინექციის შემდეგ რეკორდული სიფიცხე გამოავლინა. ყველა ქმნილება ძლიერდებოდა, ნაყოფიერდებოდა და მრავლდებოდა, როგორც სამოთხეში“, - ასე აღწერა ზამკოვმა წამლის ეფექტი, რომელსაც უწოდა ლამაზი სიტყვა „გრავიდანი“ (gravida - ლათ. ფეხმძიმობა).

დაინახა რა, როგორ შეიცვალა ქმარი, ვერა მუხინამაც მოითხოვა „იგივე“ ინექცია და... დაიწყო ბედნიერი დღეები. პირველი ენთუზიაზმის კვალდაკვალ, ზამკოვმა გააფართოვა ექსპერიმენტი: კლინიკურ კვლევებში ჩართო წითელი არმიის ჯარისკაცები და ნარკომანები (ეს სოციალური ჯგუფები დიდწილად იკვეთებოდნენ). და მართლაც! ბევრი ცდისპირი გამოჯანმრთელდა ნარკომანიისგან! თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბევრ მათგანს განუვითარდა დამოკიდებულება გრავიდანზე, მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, რა სათვალავში ჩასაგდები იყო.

ალექსეი ზამკოვი, ექიმი, ვერა მუხინას ქმარი

თუმცა, ბოროტი და შურიანი ხალხი არ თვლემდა! 1930 წელს ფსევდომეცნიერების მოწინააღმდეგეებმა „იზვესტიაში“ გამოაქვეყნეს მამხილებელი სტატია, სადაც ზამკოვი დაადანაშაულეს ექიმბაშობასა და ადამიანებზე უკანონო ექსპერიმენტების ჩატარებაში. ლაბორატორია, სადაც ცდები ტარდებოდა, დაიხურა. ზამკოვი ცდილობდა არალეგალურად გამგზავრებულიყო საზღვარგარეთ, რათა ბოლშევიკებისგან შორს გაეგრძელებინა კვლევა, მაგრამ დაიჭირეს და ბრალი დასდეს „შარდის სასწაულებრივი საიდუმლოს დასავლეთისთვის მიყიდვის მცდელობაში“. საბედნიეროდ, საკმაოდ რბილი განაჩენი გამოუტანეს. გრავიდანის აღმომჩენი მხოლოდ სამი წლით გადაასახლეს ვორონეჟში, სადაც მალევე ჩავიდა ქმარსა და პრეპარატს დანატრებული ვერა მუხინაც.

გადასახლება დიდხანს არ გაგრძელებულა. აღმოჩნდა, რომ გრავიდანმა მალე გაიჩინა თაყვანისცემლები „სელებრიტებს“ შორის: პრეპარატი „გასინჯეს“ ისეთმა მნიშვნელოვანმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ მწერალი მაქსიმ გორკი და მარშალი სემიონ ბუდიონი, ასევე კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არაერთი წევრი, რომლებიც სტიმულატორების მწვავე საჭიროებას განიცდიდნენ. 1932 წელს ზამკოვი სასწრაფოდ დააბრუნეს მოსკოვში და დანიშნეს სპეციალურად შექმნილი ლაბორატორიის დირექტორად. საქმე სახელმწიფო მასშტაბითა და შესაბამისი გაქანებით აეწყო: ორსულთა შარდი მოსკოვის მახლობლად, ხოტკოვოში შექმნილ სპეციალურ „ფერმაში“ გროვდებოდა. ეს იყო სპეციალური სახელმწიფო მეურნეობა, სადაც მოჰყავდათ ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი, რომელსაც აჭმევდნენ ახალგაზრდა და ჯანმრთელ ქალებს ორსულობის პირველ თვეებში. ძირითადად ხოტკოვოში ხვდებოდნენ ჯანმრთელი გლეხი ქალები მთელი საბჭოთა კავშირიდან.

1934 წელს სახელმწიფო მეურნეობამ და მისმა მიმდებარე შენობებმა მეცნიერული სახელწოდება მიიღეს: „უროგრავიდანოთერაპიის სახელმწიფო ინსტიტუტი“, ზამკოვი კი ამ დაწესებულების დირექტორად დაინიშნა. მოქანდაკე მუხინას ქმრის მიერ აღმოჩენილ წამალს იყენებდნენ არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ვეტერინარიაშიც, რათა ცხოველები სწრაფად გაზრდილიყვნენ წონაში და უფრო აქტიურად გამრავლებულიყვნენ. წარმოება სულ უფრო მაღალ ტემპს კრებდა, საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ასობით პუნქტი, სადაც რუდუნებით ინახებოდა ქარვისფერი, ჯადოსნური სითხით სავსე სინჯარები.

კლარა ცეტკინი, 1930 წ.

შარდის ინექციებს იკეთებდნენ არა მხოლოდ ღორები, ძროხები და ცხენები (მათთვის, ცხადია, არავის უკითხავს, სურდათ თუ არა), არამედ მაღალი თანამდებობის საბჭოთა პარტიული მუშაკებიც: მოლოტოვი, კალინინი, ორჯონიკიძე და მათთან შეამხანაგებული კლარა ცეტკინი, რომელიც მალე გარდაიცვალა და, შესაბამისად, მალევე აღმოჩნდა კრემლის კედელში შედგმულ ურნაში. შეუძლებელი იყო დარწმუნებით იმის თქმა, რომ გრავიდანმა მოკლა გერმანელი კომუნისტი ქალი, თუმცა საბჭოთა ექიმებმა გადაწყვიტეს, სტალინზე არ ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი.

ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ პრეპარატს ჰქონდა უკუჩვენებებისა და გვერდითი ეფექტების მთელი თაიგული: ძილის დარღვევა, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, პულსის აჩქარება, ქოშინი, გამონაყარი... გარდა ამისა, საჭირო იყო დიდი სიფრთხილე პრეპარატის მიღებისას: თითოეული პაციენტი თავისებურად რეაგირებდა ინექციაზე, შესაბამისად, ინდივიდუალურად უნდა შეერჩიათ დოზები. ყოველივე ამის გარდა, აღმოჩნდა, რომ როდესაც გრავიდანის მიღებას წყვეტდნენ, ბევრს ეწყებოდა ნამდვილი „ლომკა“, რაც მედიკამენტის მთელ სამკურნალო ეფექტს წყალში ყრიდა. ერთი სიტყვით, საშიში „სათამაშო“ გამოდგა. ექსპერიმენტების დროს რამდენიმე ცხენიც კი დაიხოცა! მხოლოდ კავალერისტი ბუდიონი, თავისი რკინის ჯანმრთელობით, განაგრძობდა ყინჩად ყოფნას და გრავიდანის ახალ-ახალი დოზების მიღებას.

1936 წელს პრესაში კვლავ დაიწყო „ექიმ-სასწაულმოქმედების“ საწინააღმდეგო კამპანია, რომლის წინაშეც ზამკოვი თითქმის მარტო აღმოჩნდა. მის მიმართ კეთილად განწყობილი გორკი გარდაიცვალა, ორჯონიკიძემ თავი მოიკლა. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მისი ერთადერთ დამცველი აღმოჩნდა ცოლი, ვერა მუხინა, რომელსაც სულ ახალი მიღებული ჰქონდა შეკვეთა ქანდაკებაზე, რომლითაც უნდა გაფორმებულიყო საბჭოთა პავილიონი პარიზის მსოფლიო გამოფენაზე. ამბობენ, ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკება - „მუშა და კოლმეურნე“ მუხინამ გრავიდანის ზემოქმედების ქვეშ შექმნაო და, რომ დღეში სამ დოზას იღებდაო. ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ამ დიდებული ქანდაკებიდან ჩანს, თუ რამდენად ძლიერი იყო ორსული ქალის შარდიდან გამოყოფილი ნივთიერება!

მიუხედავად ამისა, 1938 წელს ინსტიტუტი და „გრავიდანის ფერმა“ დაიხურა, ხოლო ზამკოვი, რომელმაც ჯანმრთელობა შეირყია გრავიდანის ცხენის დოზების ექსპერიმენტული მიღებით, ლოგინად ჩავარდა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით. როცა გარდაიცვალა, 60 წლისაც არ იყო. ვერა მუხინამ, მართალია, ქმარზე მეტხანს იცოცხლა, მაგრამ 1953 წელს ისიც გულით (სტენოკარდიით) გარდაიცვალა, სულ რაღაც, 64 წლის ასაკში...

ვერა მუხინა, სკულპტორი. 1946 წ.

ასე დასრულდა „რუსული ვიაგრას“ ისტორია, თუმცა ბოლომდე არც დასრულებულა. XX საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირი მოიცვა ალტერნატიული მედიცინის ინტერესის მძლავრმა ტალღამ (მუმიები, აკუპუნქტურა, სამკურნალო შიმშილობა და ა.შ.) და ბევრმა გაიხსენა ურინოთერაპია (შარდის თერაპია). 1930-იან წლებში გამოქვეყნებული ზამკოვის სტატიები ხელახლა იბეჭდებოდა „სამიზდატში“ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდებოდა. ურინოთერაპიამ მტკიცედ დაიკავა ადგილი ფსევდოსამედიცინო სიგიჟეებს შორის და მისი მომხრეები დღემდე მზად არიან გავეშებით ამტკიცონ, რომ შარდი დიდებულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სხეულსა და სულზე, თუმცა, ფაქტია, არანაირი შედევრი, მსგავსი „მუშისა და კოლმეურნისა“, მისი დახმარებით აღარ შექმნილა.

ლენინის ტვინი და უტვინო ქათამი

1930-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სტალინურმა კოლექტივიზაციამ ქვეყანა შიმშილამდე მიიყვანა, გამოჩნდნენ მეცნიერები, რომლებმაც „სურსათის საკითხის“ გადაჭრის ორიგინალური იდეა წარმოაყენეს.

პროფესორმა ბორის ბაიანდუროვმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის განყოფილებას, წამოაყენა ცოცხალი ქათმებისთვის ტვინის ამოღების იდეა. „ტვინის აქტივობა "ჭამს" უამრავ კალორიას!“ - ამტკიცებდა 30 წლის პროფესორი და ექსპერიმენტულად ამტკიცებდა თავის თეზისს. და მართლაც: უტვინო ქათმები აგრძელებდნენ ჭამასა და ცხიმის დაგროვებას, თანაც საოცრად მაღალი ტემპით, ათჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მათი „მოაზროვნე“ ნათესავები. უტვინო (სიტყვასიტყვით) ქათამი ჩვეულებრივ ქათამზე ნაკლებს ჭამდა და ბევრად უფრო სწრაფად სუქდებოდა.

ეს გასაოცარი აღმოჩენა თითქოს მიანიშნებდა, რომ ვივისექცია მშვენიერი გზა იყო შიმშილის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად. მიუხედავად იმისა, რომ ბაიანდუროვის ექსპერიმენტებმა ვერ ჰპოვა გამოყენება ეროვნულ ეკონომიკაში, მეცნიერმა 1946 წელს სტალინური პრემია მაინც მიიღო.

ბორის ბაიანდუროვი

საბჭოთა კავშირში ტვინს მხოლოდ ქათმებს არ აცლიდნენ. ფსიქიატრ ბეხტერევის თხოვნით, 1928 წელს დაარსდა სრულიად გასაიდუმლოებული „ტვინის ინსტიტუტი“, რომლის თანამშრომლები, ლენინის გენიალურობის მიზეზის დადგენის იმედით, მიკროსკოპების ქვეშ სწავლობდნენ ბელადის წვრილად დაჭრილ ტვინს (თავად მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერი, საუკეთესო სპეციალისტების მიერ მუმიფიცირებული, იოლად გადიოდა ფონს ტვინის გარეშე). თუმცა თავად ბეხტერევი ვერ მოესწრო ინსტიტუტის გახსნას: 1927 წელს მან გამოიკვლია სტალინი და დაუფიქრებლად დაუსვა გენმდივანს პარანოიის დიაგნოზი. ორი დღის შემდეგ, პროფესორი ბეხტერევი მოულოდნელად გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით, საკვებით ინტოქსიკაციისაგან.

1928 წელს გახსნილი ინსტიტუტი სსრკ-ის დაშლამდე ფუნქციონირებდა. ამ ინსტიტუტში მუშაობდნენ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ნეიროფიზიოლოგები, რომლებიც დიდ დროს უთმობდნენ ცნობილი ადამიანების „ნაცრისფერი ნივთიერებების“ შესწავლას ანუ „საუკეთესო ტვინები“ სწავლობდნენ საუკეთესო ტვინებს. ინსტიტუტის უზარმაზარი კოლექცია შეიცავდა მაიაკოვსკის, სტანისლავსკის, ციოლკოვსკის, ლუნაჩარსკისა და მრავალ სხვათა თავის ქალათა შიგთავსებს.

ლენინის სხეული მავზოლეუმში. 1993 წ.

თუმცა კოლექცია სერიოზულად „მოიკოჭლებდა“ გენდერული თვალსაზრისით: მამაკაცის ას ტვინზე მხოლოდ ორი ქალის - ნადეჟდა კრუპსკაიასა და უბედური კლარა ცეტკინის ტვინი მოდიოდა. გარდა ამისა, ინსტიტუტმა „ჩააგდო“ თავისი მთავარი ამოცანა. ერთადერთი (და, რა თქმა უნდა, უაღრესად სპეკულაციური) დასკვნა, რომლის გაკეთებაც მეცნიერებმა შეძლეს დიდი ადამიანების ტვინების შესწავლისა და აწონვის შემდეგ, ასე ჟღერდა: ტვინის მოცულობა და წონა, როგორც წესი, მისი მფლობელის ნიჭის პროპორციულია. მაიაკოვსკის უზარმაზარი ტვინი ჰქონდა, ციოლკოვსკის - საკმაოდ მოცულობითი. აი, ლენინის ტვინი კი მხოლოდ 1,3 კგ-ს იწონის, რაც ინსტიტუტის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

შედის და გამოდის. "კრემლის აბი" ტომსკიდან

1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა მედიცინაში ელექტრონული მოწყობილობების დანერგვისთვის გამოიყო 1,5 მილიარდი რუბლი - 2 მილიარდ დოლარზე მეტი, თუ გაზეთ „იზვესტიის“ ოფიციალურ კურსს ვენდობით. ამ თანხის ნაწილი მოხვდა ტომსკში, სადაც სამედიცინო ინსტიტუტისა და ავტომატური მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონიკის ინსტიტუტის მეცნიერები ერთობლივად ჩაერთნენ თანხის „ათვისების“ საქმეში. ერთ-ერთ მათგანს, პროფესორ აგაფონოვს, აზრად მოუვიდა ბრწყინვალე იდეა - შეექმნა პატარა, აბის ზომის მოწყობილობა, რომელიც დაბალ სიხშირეზე გამოსცემდა ელექტრულ იმპულსებს. საბედნიეროდ, რამდენიმე ტრანზისტორის, კონდენსატორისა და პატარა ბატარეის ჩატენვა პატარა გლუვ კაფსულაში უკვე შესაძლებელი იყო.

აგაფონოვმა თავის გამოგონებას „კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულატორი“ უწოდა და დააპატენტა კიდეც, ოღონდ კონკრეტულად რისი „სტიმულირება“ უნდა მოეხდინა ასეთ სტიმულატორს თავისი სუსტი დენით, დანამდვილებით ვერავინ ამბობდა, თუმცა თავად ელექტრომოწყობილობის გადაყლაპვის ფაქტი გამაოგნებელი იყო. მალევე გავრცელდა ჭორები, რომ ტექნოლოგიის ასეთ სასწაულზე მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობის ადამიანებს მიუწვდებოდათ ხელი, რომ ამ აბებით მკურნალობდნენ კრემლის მობინადრეებს. ამიტომაც ეწოდა მოწყობილობას „კრემლის აბები“. პერესტროიკის დაწყებისთანავე, აბი გაიტანეს სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენაზე, სადაც ერთბაშად 7 ჯილდო მოიპოვა როგორც უნიკალურმა საბჭოთა გამოგონებამ. გაოგნებული ხალხი კი გარს ეხვეოდა და ნერწყვს ყლაპავდა.

"კრემლის აბი"

სინამდვილეში, კრემლის არცერთ ბინადარს ამ აბით არ უმკურნალია. 1991 წლამდე „სტიმულატორი“ გამოიყენებოდა მხოლოდ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მეცნიერები დარწმუნდნენ მის შედარებით უვნებლობაში. პაციენტებში აბი რეგულარულად „შედიოდა“ და „გამოდიოდა“, რადგან საკმაოდ გლუვი იყო. თუმცა, ხალხი დარწმუნებული იყო, რომ არსებოდა სასწაულმოქმედი წამალი, რომლის წყალობით სიცოცხლეს იხანგრძლივებდნენ კრემლის ბებერი მობინადრეები და, რომელიც მიუწვდომელი იყო უბრალო მოკვდავებისთვის.

მაგრამ სსრკ-ის დაშლის შემდეგ სამართლიანობა აღდგა: 1993 წლიდან 1996 წლამდე 100 ათასზე მეტი „კრემლის აბი“ გამოუშვეს ტომსკში, ყაზახეთსა და მოსკოვის მახლობლად მდებარე ზელენოგრადში. ეს იყო საოცრად მომგებიანი ბიზნესი: მარტივი მოწყობილობის თვითღირებულება ასჯერ და ათასჯერ ნაკლები აღმოჩნდა საბაზრო ფასზე, მაგრამ გაჩნდა კონკურენცია: ბაზარი წალეკა სხვა შარლატანურმა მოწყობილობებმა, რომლებიც „ყველა დაავადებისგან“ კურნავდნენ ავადმყოფებს. მალე „კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულატორი“ მოდიდან გადავიდა.

თუმცა მანამდე, მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს „აბის“ ექსპორტზე გატანა. „პრეპარატი“ გაიგზავნა აშშ-ში სერტიფიცირებისთვის. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ამერიკელებმა სერტიფიკატი გასცეს - მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მათ „კრემლის აბი“ რეგისტრაციაში გაატარეს არა როგორც წამალი ან სამედიცინო მოწყობილობა, არამედ როგორც... საკვები დანამატი.

„კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულატორი“ ერთჯერადი გამოყენების საგანი იყო, პაციენტიც ერთხელ იღებდა - როგორც წესი, პირველ იმედგაცრუებამდე. კუჭისა და ნაწლავების გავლის შემდეგ, გამოყენებული აბი უნიტაზის ფსკერზე ეცემოდა. თეორიულად სწორედ აქ უნდა დასრულებულიყო „აბის“ მოგზაურობა, თუმცა, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამტკიცებს, გაყიდული აბების რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა წარმოებული აბების რაოდენობას.

ფიზიოთერაპია - უკვდავი საბჭოთა ტრადიცია!

რა თქმა უნდა, „კრემლის აბი“ შარლატანური კაზუსი იყო, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ სსრკ-ში ოფიციალურად არსებობდა ფიზიოთერაპია - ნახევრად მეცნიერული მეთოდების ნამდვილი თაიგული, რომელიც, „კრემლის აბებისგან“ განსხვავებით, სსრკ-ში საყოველთაოდ იყო მიღებული. საუბარია ყველა სახის „ულტრამაღალი სიხშირის“ (УВЧ) დასხივებაზე, ელექტროფორეზსა და მაგნიტოთერაპიაზე. ყველა ეს მეთოდი აყვავდა და გაიფურჩქნა იმავე 80-იან წლებში, როდესაც საჭირო გახდა სამედიცინო პროგრესისთვის გამოყოფილი მილიარდ-ნახევარი რუბლის ათვისება.

ამიტომ გვიან სსრკ-ში ყურის ნებისმიერ დაზიანებას ან ტკივილს მკურნალობდნენ მაღალი სიხშირის დენით, ხოლო ელექტროფორეზი გამოიყენებოდა მრავალი წამლის მიღებისას (თითქოსდა, აძლიერებდა მედიკამენტის ეფექტს). გარდა ამისა, პაციენტებს „მკურნალობდნენ“ სპეციალური ტალახით ან ბიტუმით... თუმცა, ყოველივე ეს დღესაც ხდება, რადგან თითქმის ყველა საავადმყოფოში არის ფიზიოთერაპიული კაბინეტი.

ევროპასა და შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე პოპულარული იყო მკურნალობის ეს მეთოდები, მკვეთრად შეიცვალა მიდგომა. მართალია, ფიზიოთერაპია ისევ არსებობს, მაგრამ არსებობს არა ოფიციალური მედიცინის ფარგლებში, არამედ კერძო კლინიკებში, რომლებსაც პრაქტიკაში აქვთ მკურნალობის არატრადიციული მეთოდები. ეს იმიტომ, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებულმა სერიოზულმა კვლევებმა ვერ შექმნა რაიმე სახის ხელშესავლები მტკიცებულება იმისა, რომ „ფიზიოთერაპია“ ეფექტიანად შველოდა პაციენტს. სპეციალისტების ვარაუდით, იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებში, პაციენტს შველოდა არა „ფიზიოთერაპია“, არამედ ე.წ. პლაცებოს ეფექტი.

ბაროკამერები "ენისეი" და "მანა", შექმნილი ექსპერიმენტული დიზაინის ბიუროს სპეციალისტების მიერ კრასნოიარსკის ქალაქის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში. 1998 წ

რა თქმა უნდა, მოიძებნება ათასობით ადამიანი, ვინც ფიზიოთერაპიას დაიცავს, ვინც იტყვის, თუ როგორ უშველა სხივებმა, ელექტროფორეზმა, სამკურნალო ტალახმა და ა.შ. თუმცა, „მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა“ ამბობს, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევების თითქმის 100%-ში პაციენტები ამ პროცედურების გარეშეც გამოჯანმრთელდებოდნენ.

მაგრამ ფიზიოთერაპია კარგია იმით, რომ შეცდომის დაშვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია! ითვლება, რომ ეს პროცედურები არც შველის პაციენტს და არც ვნებს. ამიტომაც, ფიზიოთერაპიის კაბინეტები არასოდეს გაქრება ყოფილი საბჭოთა საავადმყოფოებიდან, მით უფრო ახლა, როცა უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების შედეგად, რუსეთში იწყება მედიკამენტებისა და ძვირადღირებული სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები, გასულ საუკუნეში გამოშვებული ელექტრო თუ მაგნიტური ველების გამომსხივებელი მარტივი მოწყობილობები კი, თითქმის არ ფუჭდება ან იოლად რესტავრირდება.

ასეთი მოწყობილობები უხვად აქვს რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემას, რომელიც ინტენსიურად იყენებს მათ. მაგალითად, ფეხბურთელ ალექსანდრ კოკორინს, რომელიც ჩხუბის გამო რამდენიმე წლით მოხვდა ციხეში, აზრად მოუვიდა მიემართა ციხის ექიმისთვის, დახმარებოდა ნატკენი კოჭის მკურნალობაში. მას მაშინვე დაუნიშნეს ელექტროფორეზი. შედეგად, ფეხბურთელმა კანისა და კუნთოვანი ქსოვილის იმგვარი დამწვრობა მიიღო, რომ ტრამვით გამოწვეული ტკივილი დაავიწყდა. ცხადია, ციხე საავადმყოფო არ არის, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობა და შესაძლებლობები მალე ციხეებსა და საავადმყოფოებში ერთნაირი იქნება.

ავტორი- სერგეი ტაშევსკი