ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა სინანული გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის პოზიციამ სხვა გამოსავალი არ დატოვა.
პროექტების კოორდინატორის ოფისის დახურვა არავის გაჰკვირებია უკრაინაში იმ ფონზე, როდესაც სამი თვით ადრე რუსეთის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ეუთომ უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის მუშაობაც შეაჩერა.
ასევე ნახეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისია საბოლოოდ ტოვებს უკრაინასამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ეუთოს მოუწოდა, თავისი რიგებიდან გარიცხოს რუსეთი, რომელიც ფეხქვეშ თელავს ჰელსინკის დასკვნითი აქტით განსაზღვრულ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს.
უკრაინელი მინისტრის ამ მოსაზრებას „პრიმიტიული პროპაგანდა“ უწოდა ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ევროსაბჭოსგან განსხვავებით, რუსეთის გარიცხვის იდეა ეუთოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
რუსეთის და პრორუსული სეპარატისტების სამიზნე
ეუთოს მისიას, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობდა, რუსეთის წინააღმდეგობის გამო 2022 წლის მარტის შემდეგ აღარ გაუგრძელდა მანდატი და იძულებული გახდა შეეჩერებინა მუშაობა ქვეყანაში, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ჯგუფის დასკვნები.
მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთი ასეთ ობიექტურ დამკვირვებლად არათუ არ მიიჩნევდა ეუთოს მონიტორინგის მისიას, არამედ ამ ჯგუფში შემავალი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი კონფლიქტის დროს ეხმარებოდნენ უკრაინულ მხარეს, მათ შორის, თითქოს ჯავშანტექნიკა გადასცეს ბატალიონ „აზოვს“.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აპრილის ბოლოს, ვიდრე უკრაინის ტერიტორიას საბოლოოდ დატოვებდნენ, უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში პრორუსულმა ძალებმა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მისიის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.
ასევე ნახეთ დონბასში ეუთოს მისიის რამდენიმე თანამშრომელი დააკავესთვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლებამ არაორაზროვნად განაცხადა, რომ ეუთოს პერსონალის ზოგიერთი წევრი „სადაზვერვო საქმიანობას“ ახორციელებდა და თითქოს სეპარატისტების საქმიანობის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს აწვდიდა ინფორმაციას.
ცხადია, ეუთოს ოფისმა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ეს ბრალდება უარყო და „უკიდურესი შეშფოთება“ გამოთქვა თავისი ეროვნული მისიის ორი თანამშრომლის დაკავების გამო.
„ორგანიზაცია იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს მათ გათავისუფლებას“, - ნათქვამი იყო ეუთოს მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში.
ეს მოხდა 24 აპრილს, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ერთი თვის თავზე, როდესაც ეუთოს სადამკვირვებლო მისია ჯერ კიდევ რჩებოდა უკრაინაში, მაგრამ რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის მანდატი აღარ გაეგრძელებინა.
რუსეთის წინააღმდეგობის გამო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ აპრილის ბოლოს უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ივნისის ბოლოს კი რუსეთის წინააღმდეგობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა ეუთოს პროექტების კოორდინატორის ოფისმა, რომლის არსებობა მიმდინარე ომის გამო უკრაინაში თითქმის აღარავის ახსოვდა.
„მე ვფიქრობ, რომ ეუთოს რეგიონული პროექტების ოფისის დახურვა უკრაინაში თავად ამ ორგანიზაციის სისუსტეზე მეტყველებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა. „გასაგებია, რომ ეს ოფისი სხვადასხვანაირად შეიძლება შევაფასოთ, ვიღაცა ამბობს, რომ კარგია, ვიღაცა ამბობს, რომ ცუდი. მაგრამ, პირველ ყოვლისა, იმას გავუსვამდი ხაზს, რომ სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინიდან ევაკუირებულ იქნა ომის დაწყების პირველ დღეს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არაეფექტიანია რუსეთ-უკრაინის ომის დროს“.
როგორც ეუთოს მისიის შეწყვეტის, ისე ეუთოს პროექტების კოორდინატორის ოფისის დახურვის შემთხვევაში ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ სინანული გამოთქვა რუსეთის პოზიციის გამო.
„სამწუხაროდ, მონაწილე სახელმწიფოების მხრიდან დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს გაგრძელებისთვის, რომელსაც პროექტის კოორდინატორი 23 წელია ასრულებს, რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო, მისი მანდატის გახანგრძლივებაზე კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული“, - ნათქვამია ეუთოს საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ის, რაც შეუძლია ევროსაბჭოს, არ ძალუძს ეუთოს?
მაგრამ უკრაინის ხელისუფლებისათვის პრინციპული საკითხია ის, რომ ეუთოში რუსეთს აქვს კონსენსუსის უფლება, რაც, კიევის აზრით, არ უნდა ჰქონდეს იმ ქვეყანას, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების ფუძემდებლურ პრინციპებს.
და ეუთოს პროექტების კოორდინატორის ოფისის დახურვა უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ გამოიყენა იმისთვის, რომ დაეყენებინა წინადადება რუსეთის ეუთოდან გარიცხვის შესახებ.
„ჩემი გზავნილი ეუთოს ყოველწლიური 2022 წლის საანგარიშო კონფერენციისადმი მდგომარეობს იმაში, რომ ეუთომ უნდა გააკეთოს არჩევანი: ან უნდა დართოს უფლება რუსეთს დაშალოს ეუთო, ან უნდა იპოვოს საშუალება რუსეთის გარიცხვისა. ჰელსინკის დასკვნითი აქტის 10 პრინციპისადმი ჩვენმა ერთგულებამ უნდა გაიმარჯვოს იმ სასტიკ ძალაზე, რომელიც მათ განადგურებას ცდილობს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებას „პრიმიტიული პროპაგანდა“ უწოდა ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა, რომელიც აცხადებს, რომ ორგანიზაციაში ასეთ კონცეფციას არავინ იზიარებს.
„ვინაიდან ამის გაკეთება შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ როგორც პროცედურებს, ისე ამ ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ეს, რა თქმა უნდა, განასხვავებს ჩვენს მოედანს, კერძოდ, ევროსაბჭოსგან“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა.
უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთი ევროპის საბჭოდან 16 მარტს გარიცხეს. იგი გახდა პირველი ქვეყანა ისტორიაში, რომელიც ორგანიზაციიდან გაირიცხა.
მაგრამ ის, რაც შეძლო ევროსაბჭომ, არ ძალუძს ეუთოს, სადაც ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით მიიღება.
„ეს ზოგადად შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც კონსენსუსზეა დაფუძნებული და მთელი მისი შექმნის ისტორიას თუ გადავხედავთ, ეუთო იმიტომ შეიქმნა „ცივი ომის“ პერიოდში, რომ საერთო-ევროპული უსაფრთხოების გარშემო განსხვავებული ქვეყნები და განსხვავებული შეხედულებები კონსენსუსის წესით ჩამოყალიბებულიყვნენ. ამიტომ ის ეუთო ისე სტრუქტურირებული და ინსტიტუციონალიზებულია, რომ რომელიმე წევრის გარიცხვა გამორიცხულია. ეს რუსებმა მშვენივრად იციან, ამიტომაც არის საუბრები იმაზე, ხომ არ მოვიდა დრო, რომ ეს ორგანიზაცია გარდაიქმნას, ან შეიქმნას რაიმე ახალი ალტერნატივა, რადგან ეუთომ ვერ შეასრულა ის ამოცანები, რომელთა გადაჭრისთვისაც შეიქმნა. ყველაზე მთავარი, რაც მას ევალებოდა: კრიზისების პრევენცია იქნება ეს თუ ადრეული გაფრთხილების სისტემები, ამან არც ერთმა არ იმუშავა“, - ამბობს GIP-ის დირექტორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ საქართველოში მუშაობა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წლის ივნისში შეწყვიტა რუსეთის ძალისხმევით და მისი მანდატის გაგრძელებას დღემდეც მხოლოდ რუსეთი ეწინააღმდეგება.
ასევე ნახეთ რუსეთის განრისხება ეუთოშირაც შეეხება უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, ის მუშაობას 2014 წელს, მას შემდეგ შეუდგა, რაც კრემლის მხარდაჭერით, დონეცკელმა და ლუგანსკელმა სეპარატისტებმა, ქვეყნის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყეს.
ამ ხნის განმავლობაში ეუთო იყო ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ აკვირდებოდა კონფლიქტს, მონაწილეობდა ადგილზე ინფორმაციის შეგროვებაში, მოქმედებდა როგორც შუამავალი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში და ყველაფერს აკეთებდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის შედეგების შესამსუბუქებლად.