მმართველი პარტიის 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული პირობების შესრულებას ისახავს მიზნად, „ფეისბუკში" გამოეხმაურა პარლამენტის წევრი „ლელოდან" სალომე სამადაშვილი. ის არ იზიარებს „ქართული ოცნების" წინადადებებს და იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია არ ჩაერთვება ამ პროცესში.
„დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას.
12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მინოტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა.
ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეჰყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს", - დაწერა სამადაშვილმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინა.
ასევე ნახეთ „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინა20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქციები.
სახალხო მოძრაობამ „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.
ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.
3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად