„უკადრებელი“ კადრები - რა მოხდა აშშ-ის საელჩოს მიღებაზე?

„გასაჯაროვდეს კადრები“, - 30 ივნისს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ეზოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მომხდარი ინცინდენტის მონაწილე ორივე მხარე აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების კამერების მიერ გადაღებული იმ კადრების გასაჯაროებას სთხოვს, სადაც, სავარაუდოდ, ასახული უნდა იყოს „ტვ პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტი.

30 ივნისს, საელჩოს ეზოში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება მალევე გაავრცელა აშშ-ის საელჩომ და თქვა, რომ მათთვის ცნობილია საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ და ისინი „სწავლობენ ინფორმაციას“, თუმცა, საელჩოს ტერიტორიაზე, უსაფრთხოების კამერების მიერ გადაღებული კადრების გასაჯაროების თაობაზე არაფერი უთქვამს.

რა მოხდა აშშ-ის საელჩოს მიღებაზე?

30 ივნისს, დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის, „ტვ პირველის“ ეთერიდან გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე საზეიმო მიღებაზე, ვატო წერეთელს ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.

საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ჩართვისას, ვატო წერეთელმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან, ინგა გრიგოლიასთან საუბრისას თქვა, რომ ანრი ოხანაშვილმა მას ჯერ ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ კი სახეში სილა გააწნა. ვატო წერეთლისა და სხვა თვითმხილველების რწმუნებითვე, ანრი ოხანაშვილთან ერთად, ვატო წერეთელზე ფიზიკურად იძალადა და მას სახეში ხელი გაარტყა კიდევ ერთმა დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა. ხოლო პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ უარყო არც თავად ანრი ოხანაშვილმა. 30 ივნისს, გვიან ღამით მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ ვატო წერეთელმა „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა“.

წუხელვე, ტელეკომპანია "პოსტ TV"-ისთვის მიცემულ კომენტარში საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დასაწყისი ანრი ოხანაშვილმა ასე აღწერა:

"საელჩოს ღონისძიებაზე, როდესაც მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვიმყოფებოდი, ჩემთან მოვიდა ეს ადამიანი, მთხოვა, რომ ორი წუთით რაღაცის თქმა სურდა. გამიყვანა გვერდით და ყურთან ახლოს იკადრა უკადრებელი, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო და მაშივე დაიძრა სწრაფი ნაბიჯით და ხალხმრავლობაში გაქრა".

პირველ ივლისს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა მიიღო „პროპორციული პასუხი“ „ბინძურ პროვოკაციაზე“. ანრი ოხანაშვილმა იმასაც ამბობს, რომ გასარკვევია, „რა მდგომარეობაში იმყოფებოდა“ ვატო წერეთელი საელჩოს მიღებაზე.

ანრი ოხანაშვილი

„ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია. აქ საუბარია არ არის კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, პერსონალურ სიტყვაზე, ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს დაგეგმილი, უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ადამიანი, ერთი ადამიანი, ერთი ქართველი ადამიანი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას არ გამოავლენდა. სიბილწის საზღვარს თუ შეიძლება რომ გასცდე და ყველაფერი იკადრო და ყველაფერი ბინძური გააკეთო, მოხდა ეს. მე ამ სიტყვებს თქვენთან ვერ და არ გავიმეორებ. მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და ა.შ. თქვას ეს ყველაფერი. ასევე გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, იმიტომ, რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა და ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, როგორ შეიძლება, რომ აშშ-ის საელჩოში ასეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება. მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს გაცდა ყოველგვარ საზღვარს... არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს, ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ მომხდარა არც ღირსების შემლახველი და არც არაადეკვატური პასუხი. ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე. გასაჯაროვდეს ყველაფერი, მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალოდ მოსვლა და პროვოცირება. ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა. ეყოს ადამიანობა, გამოვიდეს და თქვას, რაც მოხდა“.

ინციდენტის გამომწვევ კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს არც თავად ვატო წერეთელი. ის მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს, რომ ანრი ოხანაშვილს მის მიმართ ერთი წლის წინანდელი ამბავი ჰქონდა „გულში ჩადებული“, როდესაც 5 ივლისის მოვლენებისა და „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ის 12 ივლისს პარლამენტში მივიდა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის კითხვების დასმა გადაწყვიტა. იმ დღეს ვატო წერეთელს პარლამენტის შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ვატო წერეთელი

„ერთი წლის წინ, მას მე ვთხოვდი ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე პასუხს. მას გულში ჰქონდა ეს ჩადებული და როცა ჩაუვარდა მომენტი, მან ქვეყნის იმიჯი დაიკიდა ფეხზე... [მიღებაზე] ირაკლი შოთაძე ვნახე, გიორგი ვოლსკი ვნახე, ნინო წილოსანი ვნახე, თამარ ჩუგოშვილი, მოსამართლეები, ვსაუბრობდი ყველასთან. ოხანაშვილმა მოჭრა თავი ჩვენს ქვეყანას და მე კი არ გამარტყა ხელი, მთელ აშშ-ის საელჩოს და ამერიკას გაარტყა ხელი. თავი მოჭრა ჩვენს ქვეყანას. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა მოხდეს, აშშ-ის საელჩოს მიღებაზე გადაწყვიტო ძმაკაცებთან ერთად იძალადო. ამაზე მეტი სირცხვილი ჩვენ ქვეყანას რა უნდა დაემართოს? ჩემი აზრით, ის უნდა გადადგეს, რადგან ის არის ქვეყნის სირცხვილი“.

რას ყვებიან თვითმხილველები?

საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ფაქტის ამსახველი კადრები, მხოლოდ და მხოლოდ საელჩოს უსაფრთხოების კამერებს უნდა ჰქონდეს აღბეჭდილი.

ინციდენტის ერთ-ერთი შემსწრეა „ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე. პოსტი, სადაც დეტალურად აღწერს აშშ-ის საელჩოს ეზოში დაპირისპირების ფაქტს, მან პირველი ივლისის ღამეს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„ამ თავდასხმის ყველა დეტალი მთელი სიცხადით მიდგას თვალწინ და ახლაც არ მჯერა, რომ ამერიკის საელჩოს ოფიციალურ მიღებაზე, ეს გადაგვხდა თავს... ჩემი ორი თვალით ვნახე და ვატოს გვერდით ვიყავი, როცა ჩვენ წინ ეს ოთხი დეპუტატი აღმოცენდა. ანრი ოხანაშვილი მოემართებოდა ჯიქურ და იქიდან-აქედან ოდიშარია, ზარქუა და მგალობლიშვილი უმშვენებდნენ გვერდს. წამებში მიუახლოვდა ოხანაშვილი ვატოს, ლამის შუბლი შუბლზე მიადო, რაღაც უთხრა, ყელში სწვდა და სახეში სილა გააწნა, ოდიშარიამ დაუწყო გაშველება, რადგან ის აგრძელებდა ხელების ქნევას, ამას ფონად გასდევდა ზარქუას გინება და ბოლოს, ვიღაც მგალობლიშვილი გადმოწვდა ვატოს ზუსტად ჩემს წინ და მთელი ძალით სთხლიშა სახეში. ამბავი იმდენად წამებში მოხდა, რომ როგორც კი დაცვის თანამშრომლები მოვარდნენ, ოთხივე დეპუტატი უკვე ტოვებდა საელჩოს ტერიტორიას“...

ინციდენტს შეესწრო ჟურნალისტი გვანცა ფიფიაც:

„მე დაახლოებით 20 ნაბიჯის მოშორებით ვიდექი მათგან. იყო რამდენიმე წამიანი საუბარი. სახით ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. როდესაც მეორედ გავიხედე, უკვე დავინახე, როგორ ჩაარტყა ერთ-ერთმა დეპუტატმა, ოხანაშვილმა, ხელი სახეში წერეთელს. ამის შემდეგ, იქ ატყდა ჩოჩქოლი. იყო ჭიქის დალეწვის ხმა. წამებში მოხდა ყველაფერი. წამიერი შელაპარაკება, დარტყმა... და მერე სწრაფი ნაბიჯით დატოვეს ტერიტორია“.

აშშ-ის საელჩოში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეა „ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარიაც. თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, ის ანრი ოხანაშვილისა და ვატო წერეთლის გაშველებას ცდილობდა. ბექა ოდიშარია ყვება, რომ ვატო წერეთელი მაშინ გამოჩნდა დეპუტატებთან, როდესაც ღონისძიება დასრულებული იყო და ისინი საელჩოს ტერიტორიას ტოვებდნენ:

ბექა ოდიშარია

„გასასვლელისკენ მივდიოდით რამდენიმე კოლეგა ერთმანეთის მიყოლებით, რა დროსაც გამოჩნდა საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც ექვსი წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე, რომელმაც ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას და მთელ გუნდს მიაყენეს. ჩვენ ვიყავით ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე, რომ ჩვენ სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ეს იყო პროვოკაცია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ინერციით განვაგრძეთ გასასვლელისკენ სიარული, რა დროსაც, ამ მიმართულებით [უკნიდან] გამოჩნდა ვატო წერეთელი თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად. სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. იმას, რომ ადამიანები ვცდილობდით, რომ ეს განგვემუხტა, ადასტურებს თავად ვატო წერეთელი და მისი თანმხლები კოლეგა. შესაბამისად, დანარჩენზე, შეფასებებსა და ამ მოვლენაზე ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდება კამერების ფირები“.

ვინ უნდა გამოიძიოს ინციდენტი?

იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აშშ-ის იურისდიქცია ვრცელდება და ის აშშ-ის ტერიტორიად ითვლება, ახლა იურისტები იმაზე მსჯელობენ, თუ ვინ უნდა დაიწყოს მომხდარ ფაქტზე გამოძიება - საქართველომ თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა? თუ ორივე მხარემ ერთად?

„გამოძიების დაწყება, პირველ რიგში, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეროგატივაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, აუცილებელია, გაირკვეს, თუ რა ტიპის დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ამის შემდეგ უკვე ცხადი გახდება, თუ ვინ და როგორ უნდა ჩაერთოს გამოძიების პროცესში:

ნიკა სიმონიშვილი

„ფაქტია, რომ დაპირისპირება მოხდა, თუმცა, ორივე მხარისგან მოვისმინეთ განსხვავებული პოზიციები და ჩემთვის ბოლომდე არ არის ცხადი, რა მოხდა. ეს ინფორმაცია არც ერთმა მხარემ ბოლომდე და სრულყოფილად არ მოგვაწოდა. ორივე მხარე ითხოვს კამერების ჩანაწერების ამოღებას. ამიტომ მიჭირს იმის თქმა, რა ტიპის დანაშაულს ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა სამართალდარღვევა და ა.შ. აქ საინტერესოა ის, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იქ შესაძლოა მომხდარიყო წვრილმანი ხულიგნობის ფაქტი ან ეს ინციდენტი, შესაძლოა დანაშაულში გადაზრდილიყო, რაკი ლაპარაკია ფიზიკურ თავდასხმაზე. ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ეს დანაშაული არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და კანონმდებლობის მიხედვით, თუკი ნაკლებად მძიმე დანაშაული არ არის ჩადენილი საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ის არ ექცევა ჩვენს იურისდიქციაში. ანუ, საქართველოს იურისდიქციაში არ ექცევა ისეთი საქმე, რომელიც მართალია საქართველოს კანონმდებლობით დაცული სიკეთის წინააღმდეგ არის ჩადენილი, ანუ სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ თუკი ნაკლებად მძიმეა ასეთი დანაშაული, ეს ჩვენი იურისდიქციის ქვეშ ვერ მოექცევა და იმ ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ გადადის, სადაც მოხდა შემთხვევა. სიმართლე გითხრათ, ასეთი შემთხვევა მე მხოლოდ იურიდიულ ლიტერატურაში ამომიკითხავს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ პრაქტიკაში განვახორციელეთ და ეს ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები თავს ესხმიან კრიტიკული მედიის მფლობელს. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ შეურაცხყოფის საპასუხოდ მოიქცნენ ასე, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს ფიზიკურ ძალადობას არ ამართლებს“.

30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნათია კაპანაძემ, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ კოორდინატორმა. მართალია ის დაპირისპირების ფაქტს თავად არ შესწრებია, მაგრამ მომხდარის შესახებ რამდენიმე წუთში შეიტყო თავად ვატო წერეთელისა და ნანა აბურჯანიძისგან, ტვ პირველის აღმასრულებელი დირექტორისგან:

ნათია კაპანაძე

„ვატო წერეთელი და ნანა აბურჯანიძე პირდაპირ ეთერში შესასვლელად ემზადებოდნენ. ვნახე, რომ ვატო იყო ძალიან აღელვებული, ანერვიულებული და მითხრა, რომ მასზე განხორციელდა თავდასხმა. როდესაც ნანა აბურჯანიძესთან დავაზუსტე, ვინ დაესხა თავს და რა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორია აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა და მთავარი უწყება, რომელმაც ეს ფაქტი უნდა გამოიკვლიოს და რეაგირება მოახდინოს, თავად საელჩოა, მე მაინც შევატყობინე ამ ფაქტის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ავუხსენი, რომ საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ქართული სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, დამიკავშირდა გამომძიებელი და დააზუსტა დეტალები“.

პირველ ივლისს, სპეციალურ საგამოძიები სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აღნიშნული ფაქტი „არ არის მათი ქვემდებარე საქმე“.

ქართული მხარის მიერ რაიმე საგამოძიებო მოქმედებების წარმოებასა და ამ კუთხით აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობაზე, კომენტარი არ კეთდება არც შინაგან საქმეთა სამინისტროში.