ანრი ოხანაშვილი: წერეთელმა ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა

ფოტო არქივიდან: ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

აშშ-ის საელჩოში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. როგორც მან თქვა, „ტვ პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ჩურჩულით უთხრა „უბინძურესი სიტყვები".

„ჩემთვის მოულოდნელად მოვიდა ეს ადამიანი, წერეთელი, რომელმაც მთხოვა, რომ მეგობრულად რაღაცის თქმა სურდა ჩემთვის და იქნებ, მას გვერდით მისცემოდა საშუალება, რომ ეს ეთქვა. როდესაც მას ვუთხარი, კი ბატონო და ვუსმენდი, რისი თქმაც სურდა, ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი, არ გავიმეორებ მე ამას. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია, - თქვა ოხანაშვილმა და განაგრძო, - მაშინვე, მყისიერად ის გაეცალა იქაურობას სწრაფი ნაბიჯით და პრაქტიკულად, ეს იყო წარმოუდგენელი რამ. ვერც გავაცნობიერე, თუ რასთან მქონდა საქმე. თუმცა ფაქტი ის იყო, რომ მან უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მქონდა ინტერესი და სურვილი, მისთვის მეკითხა, თუ როგორ გაბედა ეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ღონისძიებაზე და როგორ გაბედა ადამიანის მიმართ, რომელსაც არც იცნობს პერსონალურად. მე არავითარი შეხება მასთან არ მქონია არასდროს პერსონალური. რამდენიმე წუთში დავინახე, მასთან მივედი და ვკითხე, თუ რატომ იკადრა ეს? რა დროსაც გააგრძელა კიდევ შესაბამისი საუბარი, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, ადეკვატური პასუხი, თუმცა, არა ისეთი ბინძური საუბარი, რაც მან განახორციელა. ამ დროს მოხდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა".

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება, მათ შორის, აშშ-ის საელჩოს მხრიდან. მისი შეფასებით, ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით. ოხანაშვილი ფიქრობს, რომ კადრები ჩაწერილი უნდა იყოს საელჩოს კამერებით.

„როგორ მოდის ის ჩემთან, როგორ მიხმობს ის გვერდით და როგორც მესაუბრება, ეს ყველაფერი უნდა იყოს აღბეჭდილი. ამის შემდეგ ისიც, მე როგორ მივდივარ და ვესაუბრები, თუ რატომ გაბედა ასეთი უბინძურესი პროვოკაცია“, - თქვა ოხანაშვილმა.

ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს და მოუწოდებს კადრების გასაჯაროებისკენ.

ასევე ნახეთ ვატო წერეთლის თქმით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ტვ პირველი" მიმართავს შეერთებული შტატების საელჩოს, რომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

ასევე ნახეთ „ვსწავლობთ ამ ინფორმაციას" - აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ვატო წერეთელსა და „ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს

„ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გაშველებს დროს დაზიანებები მიიღო „ტვ პირველის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

ასევე ნახეთ ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთლის შესახებ: მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა
ასევე ნახეთ ირაკლი ზარქუა: წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა