ვატო წერეთლის თქმით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი ამბობს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ - ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც 200-300 სტუმარი იყო მოწვეული. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება?!

მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ადამიანის, კონკრეტულად ჩემ მიმართ. კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მედიას მიეცით კადრები, როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი.

მე რომ ბევრი არ ვილაპარაკო, ეპიცენტრში 200-მდე სტუმარი იყო. კელი დეგნანს მივმართავ, დღესვე კადრები გაასაჯაროვეთ. 200-მდე კამერა იქნებოდა. უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი, მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი, რომ ქუჩურ გარჩევებს დაგიწყებს, თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. მერე სანამ აზრზე მოვედი, მეორემ მომიქნია ხელი. ორივე მომხვდა, - თქვა წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში და დაამატა, - ელჩი პირადად ვნახე. ბოდიშებს მიხდიდა. პირადად მოვთხოვე, რომ გაასაჯაროონ კადრები".

„ტვ პირველი" მიმართავს შეერთებული შტატების საელჩოს, რომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

განახლება

„ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გაშველებს დროს დაზიანებები მიიღო, „ტვ პირველის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

მოგვიანებით, მომხდარზე განმარტება გააკეთა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე ნახეთ ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთლის შესახებ: მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა

„ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის ინციდენტს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

ასევე ნახეთ „ვსწავლობთ ამ ინფორმაციას" - აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ვატო წერეთელსა და „ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს