საირხის განძი ყუთებში, ბალიჭის სარკოფაგი ფიცრულში - რატომ ქრებიან ექსპონატები გამოფენებიდან?

თბილისში, ჯანაშიას მუზეუმში არქეოლოგიური საგანძურის გამოფენის ორი ვიტრინა ნახევრად ცარიელია. 2022 წლის მარტში საირხის ოქროს ნივთები ექსპოზიციიდან ჩამოხსნეს, ყუთებში ჩააწყვეს და ხელოვნების მუზეუმის შენობაში გადაიტანეს. ნახევრად ცარიელ ვიტრინებში ჯერაც წერია ინფორმაცია იმ არტეფაქტებზე, რაც აქ წლების განმავლობაში იყო გამოფენილი. მარტშივე დაიშალა კიდევ ერთი ექსპოზიცია ახლად გახსნილ ბოლნისის მუზეუმში. აქედან ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაბრუნდა ქვის სარკოფაგი და ხის დედაბოძი. ექსპოზიცია იქაც არაფით შეუვსიათ და დამთვალიერებლებს ცარიელი ადგილები ხვდება.

2022 წელს ასევე დაიშალა კიდევ ორი საგანმანათლებლო-საგამოფენო სივრცე - ახალციხის უნივერსიტეტში მოწყობილი არქეოლოგიური კაბინეტი და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი. ორივე სივრცეში ახლა ცარიელი ვიტრინებია დარჩენილი, იქ განთავსებული ექსპონატები კი ეროვნული მუზეუმის ფონდებშია დაბრუნებული.

რატომ შლის ეროვნული მუზეუმის დირექტორატი მოქმედ ექსპოზიციებს?

მიზეზი “ყველა გატანილი ექსპონატის” იმ მუზეუმის ფონდში დაბრუნებაა, რომელსაც ეს ნივთები “აწერია”. კულტურის მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა საჯარო განცხადებებში, რომ კულტურული საგანძური მუზეუმს უნდა დაუბრუნდეს.

“არაერთი წლის განმავლობაში, ექსპონატის მუზეუმში დაუბრუნებლობა მისი დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ კი, კანონი პირდაპირ გვავალებს ამ ექსპონატებზე ზრუნვასა და მათი მომავალი თაობებისათვის გადაცემას“, - თქვა თეა წულუკიანმა 2021 წლის 9 დეკემბერს.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნიდან, მისი გენერალური დირექტორის მტკიცებით, იქ არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა, მინისტრი მაინც ხშირად ლაპარაკობს “მუზეუმის გამოშიგვნაზე”. მისი განცხადებებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მუზეუმებში ექსპონატების დაბრუნებით “გამოშიგვნის” პროცესი ჩერდება.

მუზეუმებიდან ექსპონატების გადაცემა გამოფენებისთვის მიღებული პრაქტიკაა. სწორედ ამგვარი თანამშრომლობის შედეგად მოხვდა 2019 წელს ბრიტანეთის მუზეუმში დაცული მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით 4 თვით ეროვნული მუზეუმის გამოფენაზე.

დავითის მონეტა

წლების განმავლობაში სიღნაღის მუზეუმში გამოფენილი იყო ნიკო ფიროსმანაშვილის 15 ტილო, რომლებიც ექსპოზიციაზე ხელოვნების მუზეუმიდან მოხვდა. თბილისიდან, ეროვნული მუზეუმიდან არის წაღებული ექსპონატები მესტიის მუზეუმის ექსპოზიციისთვისაც.

ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბოლნისში და პირიქით - სარკოფაგის და დედაბოძის ამბავი

ბოლნისიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში ექსპონატების დაბრუნების საკითხის განხილვა 2021 წელს დაიწყო. ეროვნული მუზეუმის დირექტორატის სხდომის ოქმიდან, რომელიც რადიო თავისუფლებამ 2022 წლის თებერვალში მოიპოვა, ირკვევა, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი ცდილობს პასუხების მიღებას მუზეუმის თანამშრომლებისგან, თუ რატომ არის, მაგალითად, მისი მართვის ქვეშ მყოფი მუზეუმის ძვირფასი ლითონების ფონდის ექსპონატები ჯანაშიას მუზეუმში ან ქვის სარკოფაგი და ხის დედაბოძი ბოლნისის მუზეუმში. დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი მას განუმარტავს, რომ ნებისმიერი ექსპონატის გადაადგილებისას, თუნდაც ეს ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გადატანას გულისხმობდეს, აქტი იწერება, ისე კი გავრცელებული პრაქტიკაა საგამოფენოდ ან სარესტავრაციოდ ნივთების ერთი მუზეუმიდან მეორეში გადატანა. ნივთების გაცემისა და დაბრუნების საკითხი კი სამეცნიერო მსჯელობის საგანია და გადაწყვეტილებას საკურატორო საბჭო უნდა იღებდეს.

დავით ლორთქიფანიძის განმარტებების მიუხედავად, ბოლნისის მუზეუმიდან, სადაც ექსპონატებისთვის სტაბილური გარემო პირობები იყო შექმნილი და სადაც ორივე ნივთს ექსპოზიციაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ქვის სარკოფაგიც და ხის დედაბოძიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში დააბრუნეს.

ბოლნისიდან თბილისში დაბრუნებული ბალიჭის მეექვსე საუკუნით დათარიღებული სარკოფაგი დარბაზული ტიპის გვირგვიანიანი სახლის ეზოში ხის გადახურვის ქვეშ დევს, საინფორმაციო მინაწერის გარეშე.

ბალიჭის სარკოფაგი ბოლნისის მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ხის დედაბოძი კი, რომელიც თავიდან ამავე სახლის კედელზე იყო მიყუდებული, ეთნოგრაფიული მუზეუმის ხის ფონდში გადაიტანეს და დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი გახდა. ხის ფონდის კურატორის თქმით, მას რესტავრაცია სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, კვლავ გამოიფინება თუ არა ღია ცის ქვეშ მუზეუმში.

ხის დედაბოძი ბოლნისის მუზეუმში და ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ხის ფონდში განთავსებამდე

ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განმარტებით, მთელ საქართველოში ამ პერიოდის მხოლოდ 6 სარკოფაგია ნაპოვნია და ამ სარკოფაგებს შორის ბალიჭის სარკოფაგი ზედ ამოტვიფრული წარწერით და ჯვრით არის გამორჩეული. ამ ეპიგრაფიკის კვლევაში სარკოფაგის აღმოჩენის შემდეგ არაერთი ქართველი მეცნიერი, მათ შორის, აკაკი შანიძე იყო ჩართული და მისი ინტერპრეტაციით ქვის სარკოფაგზე გაკეთებული წარწერა ასე იკითხება: - „იესეს სული ქრისტე შეიწყალე“. თავად სარკოფაგი სოფელ ბალიჭაში სასმელი წყლის მილებისთვის გაყვანილ თხრილში იპოვეს 1971 წელს.

ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებს ექსპონატის დაბრუნება ახარებთ, თუმცა სხვანაირად ფიქრობენ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები. მათი აზრით, ბოლნისის მუზეუმში ეს ექსპონატი, როგორც დიდი ექსპოზიციის ნაწილი, მეტად შესამჩნევი და შთამბეჭდავი იყო მნახველისთვის და უკეთესადაც იცავდნენ მუდმივად კონტროლირებადი კლიმატის პირობებში.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში გვიხსნიან, რომ სარკოფაგი არ დარჩება იქ, სადაც ახლა დგას. მას არქეოლოგიურ ნაწილში გადაიტანენ.

არქეოლოგიური ზონა ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ბოლნისის ახლად გახსნილი მუზეუმი ქვემო ქართლში ერთ-ერთი თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციის როლიც აკისრია. მუზეუმი წარდგენილია ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმების ჯილდოზე, რომელსაც ევროპის მუზეუმების ფორუმი ატარებს ყოველწლიურად.

ეთნოგრაფი მანანა ხიზანიშვილი ჰყვება, რომ ბოლნისის ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში გახსნილი მუზეუმის პირველი ექსპოზიციის მთავარი მიზანი აქ უძველესი დროიდან დღემდე მცხოვრები ადამიანების ისტორიის ჩვენება იყო, თუმცა ასევე იმ მრავალფეროვნების ასახვა, რაც ამ რეგიონს ახასიათებს. დედაბოძი კი ცენტრალურ როლს ასრულებდა იმ დარბაზში, სადაც იყო გამოფენილი.

“ეს არის ბოლო დარბაზი ისტორიის თვალსაზრისით, მეთვრამეტე საუკუნიდან თანამედროვეობამდე და მეთვრამეტე საუკუნეში ქართლის დაცარიელებულ ქალაქებში უკვე ჩნდებიან ჩამოსახლებული გერმანელები. ბოლნისი მთლიანად გერმანული ქალაქი იყო და ცხადია, ჩვენ მუზეუმში ეს გერმანული ყოფა უნდა გვეჩვენებინა. ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ აქ ჩამოსულ გერმანელებს დახვდათ ქართული კულტურა, ყოფა, მეურნეობა, მეღვინეობაც იმიტომ დაიწყეს, რომ დახვდათ ეს კულტურა და ვაჩვენეთ მულტიკულტურული გარემო. დარბაზი იწყებოდა ქართული დედაბოძით, რომელიც უძველესი დარბაზული საცხოვრებელი სახლის მნიშვნელოვანი დეტალია, იყო იქ ქართული სამეურნეო იარაღი ნაჩვენები და ასევე სომეხი მეთუნეების კერამიკის ჭურჭელი, აზერბაიჯანული თემის ნაქსოვი ფარდაგები, ბერძნული ნაკვალევიც არის იქ და მესამე კედელი უკვე სრულად გერმანელებს ეთმობოდა”, - გვიხსნის მანანა ხიზანიშვილი. ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ დედაბოძიც და სარკოფაგიც ბოლნისის მახლობელ სოფლებშია აღმოჩენილი.

მანანა და მისი სხვა კოლეგები ეროვნული მუზეუმიდან, თვლიან, რომ მუზეუმების ღირსება არა მხოლოდ მდიდარი ფონდები, არამედ ამ ფონდებში დაცული ექსპონატების დამთვალიერებლამდე საინტერესო ფორმით მიტანის კულტურა და თითოეული ნივთის შესაბამის კონტექსტში ჩვენების ცოდნაა.

ასევე ნახეთ Привет კულტურა

კოლხური ოქრომჭედლობის გამოფენა ნახევრად ცარიელი ვიტრინებით

ნახევრად დაცარიელებულია ჯანაშიას მუზეუმში არქეოლოგიური საგანძურის ორი ვიტრინა. აქ 2022 წლის მარტამდე განთავსებული იყო საირხის სამარხში აღმოჩენილი კოლხი წარჩინებულის ოქროს სამკაულის სრული კომპლექტი: დიადემა, საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამი, საბჭდავი-ბეჭედი და საკერებელი ფირფიტები. ეს ნივთები ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის ნაწილია და სწორედ მას დაუბრუნდა საგამოფენო დარბაზიდან ჩამოხსნის შემდეგ. საირხის სამარხი უძველესია ვანსა და საირხეში აღმოჩენილ სამარხებს შორის, თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის პირველი ნახევრით და კოლხური ოქრომჭედლობის ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია იქ ნაპოვნი განძით.

ვიტრინა გამოფენიდან "ოქრომრავალი კოლხეთი"

ხელოვნების მუზეუმიდან ფონდების ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს შენობის ავარიულობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ შენობა წლებია მძიმე მდგომარეობის გამო დაკეტილია დამთვალიერებლისთვის და სამინისტროსაც გადაწყვეტილი აქვს ამ შენობის დაცლა როგორც თანამშრომლებისგან, ისე ფონდებისგან, აქ საირხის სამარხში აღმოჩენილი ძვირფასი ნივთების გარდა 2021 წლის სექტემბერში გადმოიტანეს ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედი გამოფენიდან ლადო გუდიაშვილის და დავით კაკაბაძის ტილოები. ამავე შენობაშია გადატანილი ეროვნული მუზეუმიდან ილია ზდანევიჩის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძისა და ქეთევან მაღალაშვილის ფერწერული ტილოები. ამ დროს ავარიულ შენობაში, სადაც კლიმატკონტროლი დაცული არ არის, მაღალი სიცხე იყო და, როგორც ეროვნული გალერეის და ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეროვნული გალერეის იდეალური კლიმატური პირობებიდან - ავარიულ შენობაში, დაცულობის შეუფერებელი პირობებში გადატანა, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას (დეფორმაციას, საღებავის ცვენას თუ სხვ.) მოახდენს სურათებზე.

ხელოვნების და ეთნოგრაფიული მუზეუმები ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედიოდნენ მანამ, სანამ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სამუზეუმო სფეროს რეფორმირებას დაიწყებდა. დღეს ორივე მუზეუმს მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორი ჰყავს და ორივე მუზეუმი თავის მხრივ სხვა მუზეუმთა ჯგუფებს წარმოადგენენ. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ამავდროულად მართავს ეროვნულ გალერეას და სიღნაღის მუზეუმს, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი კი - თბილისის ისტორიის მუზეუმს (ქარვასლას).

ასევე ნახეთ რა არის ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ფუნქცია - მართვა თუ დაშლა

სამუზეუმო სივრცეების გარდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიცალა კიდევ ორი საგანმანათლებლო სივრცე ექსპონატებისგან, რომლის შექმნაშიც ეროვნული მუზეუმი მონაწილეობდა.

ერთი მათგანი პროფესორ ოთარ ღამბაშიძის სახელობის საგანმანათლებლო არქეოლოგიური კაბინეტია ახალციხეში. თავად ოთარ ღამბაშიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებს მესხეთსა და ჯავახეთში. მის კაბინეტში მის პირად ნივთებთან ერთად ეროვნული მუზეუმის ექსპონატებიც იყო გამოფენილი. ამ ნივთების უკან, ეროვნულ მუზეუმში დაბრუნების ბრძანებას ხელს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე აწერს. ბრძანება 2022 წლის 1 მარტით არის დათარიღებული და მასში არ არის ახსნილი ექსპონატებისა და არტეფაქტების უკან დაბრუნების აუცილებლობა.

ოთარ ღამბაშიძის კაბინეტი დაცლამდე და მის შემდეგ

ახლა დაცარიელებულია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო სივრცეც, რომელიც 2015 წელს ეროვნულმა მუზეუმმა მოაწყო. აქ განთავსებული ექსპოზიცია საქართველოს, განსაკუთრებით კი ჯავახეთის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას ასახავდა. მწერების, თევზების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ძუძუმწოვრების ფიტულები და ჰერბარიუმი ინტერაქტიული ტექნოლოგიებით შედგენილი ექსპოზიციის ნაწილი იყო.

დაცარიელებული საგამოფენო ვიტრინა ვიზიტორთა ცენტრში

პროექტზე რამდენიმე უწყებამ იმუშავა: ეროვნულმა მუზეუმმა, დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა. ხარჯები გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გაიღეს.

“ეგ ნივთები ჩვენი არ იყო, ჩვენთვის არაფერი წაურთმევიათ, ხელშეკრულებით გვქონდა აქ, ყოველ წელს ვაგრძელებდით და ახლა წაიღეს, მეტი არაფერი ვიცით”, - გვითხრეს ვიზიტორთა ცენტრში. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრს იმედი აქვს, რომ სათანადო დამუშავების შემდეგ მუზეუმი ექსპონატებს უკან დაუბრუნებს.

გამოფენა ვიზიტორთა ცენტრში მის დაშლამდე