"ფაშიზმმა ერმიტაჟის კარზეც დააკაკუნა"

ვლადიმირ პუტინი და სახელმწიფო ერმიტაჟის დირექტორი, მიხაილ პიოტროვსკი

რუსულმა გაზეთმა „როსიისკაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ სახელმწიფო ერმიტაჟის - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდარი მუზეუმის დირექტორთან, აკადემიკოს მიხაილ პიოტროვსკისთან, რომელმაც დაიჩივლა „რუსული კულტურის გაუქმების“ მცდელობის გამო და დასავლეთი შეადარა საბჭოთა კავშირს. ომის შესახებ დასმული კითხვის პასუხად კი თქვა, რომ „ჩვენ [რუსები] ყველანი მილიტარისტები და იმპერიალისტები ვართო“, რომ „არის სიტუაციები, როდესაც სრულიად ნათელია, ადამიანი თავისი ქვეყნის გვერდით უნდა დადგესო“ და, რომ ომი „ერის თვითდამკვიდრების“ საშუალებააო.

მიხაილ პიოტროვსკი

თანამედროვე რუსეთში კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოღვაწისა და მეცნიერის ამგვარმა განცხადებებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცნობილმა ჟურნალისტმა, ალექსანდრ ნევზოროვმა მიხაილ პიოტროვსკის ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ თქვა, რომ „რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, დაეცა წესიერების, გონიერებისა და რესპექტაბელობის უკანასკნელი ბასტიონი. ფაშიზმმა დააკაკუნა ერმიტაჟის კარზე... და მას გაუღეს. როგორც მორიგ ჯერზე გაირკვა, სურათების ჩამოკიდება არანაირად არ იწვევს ზიზღს მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და გენოციდის მიმართ“.

ალექსანდრ ნევზოროვი

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს რუსეთის კულტურაზე, უფრო ზუსტად, რუსეთში კულტურის ობიექტებისა და დაწესებულებების ფუნქციობაზე, მუზეუმებისა და გალერეების როგორც დამთვალიერებელთა რაოდენობაზე, ასევე ექსპონატების ტრანსპორტირებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რუსეთში გამარჯვებად გამოაცხადეს იტალიაში მოწყობილი გამოფენიდან ერმიტაჟის კუთვნილი ორი ტილოს - ტიციანის „ახალგაზრდა ქალის პორტრეტისა“ და კარიანის „ცდუნების“ მშვიდობით დაბრუნება, ერმიტაჟის დირექტორმა, მიხაილ პიოტროვსკიმ კი ე.წ. „რუსული კულტურის გაუქმების“ პოლიტიკის პასუხად რუსეთის „სამუზეუმო სპეციალური ოპერაციის“ წამოწყების აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა და ამ კონტექსტში დაასახელა სანქტ-პეტერბურგში, მცირე ერმიტაჟის მანეჟში 26 ივნისს გახსნილი გამოფენა „თანამედროვე ხელოვნების დაბადება: სერგეი შჩუკინის არჩევანი“, სადაც მისული დამთვალიერებლები ნახავენ ანრი მატისის 30-ზე მეტ ნახატს, პაბლო პიკასოს 40 ნამუშევარს, პოლ გოგენის 15 ტილოს, ვინსენტ ვან გოგისა და კლოდ მონეს შედევრებს.

რუსეთის მთავარი მუზეუმის დირექტორი „როსიისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღშფოთებას ვერ მალავს იმ მოთხოვნების გამო, რომლებსაც უყენებენ როგორც მუზეუმს, ასევე პერსონალურად მას.

ერმიტაჟი. სანქტ-პეტერბურგი

„ჩემი მისამართით გამოითქმის ულტიმატუმების ნაკადი: როგორ ბედავ და ხმას არ იღებ უკრაინაში სპეცოპერაციის წინააღმდეგ?! სასწრაფოდ გააპროტესტეთ! რატომ არ გაქვთ პროტესტი?“. არის სიტუაციები, როცა სრულიად გასაგებია, რომ ადამიანი თავის ქვეყანასთან უნდა იყოს, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის კულტურა ასეთი ძლიერი შეტევის ქვეშ იმის გამოა, რომ აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები ვართ. ჩვენ ვქმნით მოდას“, - ამბობს მიხაილ პიოტროვსკი ინტერვიუში.

ერმიტაჟის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ კულტურის თვალსაზრისით, რუსეთი ექსპორტიორი ქვეყანაა და, რომ რუსეთის კულტურის ექსპორტი დანარჩენ სამყაროში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კულტურის იმპორტი რუსეთში:

„საზღვარგარეთ მოწყობილი ჩვენი ბოლო გამოფენები კი - უბრალოდ ძლიერი კულტურული იერიშია, თავისებური „სპეციალური ოპერაცია“, რაც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ იერიშზე ვართ და არავის არ უნდა მიეცეს უფლება, ხელი შეუშალოს მას“.

ერმიტაჟი - რუსეთის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი, რომლის კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც წინათ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია იყო. ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები, ფაბერჟეს სამკაულების კოლექცია და უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.

2022 წლის 24 თებერვლისთვის, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ერმიტაჟის ექსპონატების ნაწილი გამოფენილი იყო საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისსა და ესპანეთში, თუმცა არცერთ კოლექციას, რუსეთში დაბრუნების თვალსაზრისით, პრობლემა არ შექმნია. მიხაილ პიოტროვსკის თქმით, ერმიტაჟის ხელმძღვანელობამ შეგნებულად არ იჩქარა „რუსული საგანძურის“ სამშობლოში დაბრუნება, რის გამოც რუსული მედიისა და ჟურნალისტების უსამართლო რისხვა დაიმსახურა.

„რამდენიმე ნამდვილი ჟურნალისტი დარჩა, ახლა ყველა ბლოგერია, ბლოგერებს კი არ ესმით, რომ ეს არის კულტურული იერიში, რომ შჩუკინისა და მოროზოვის გამოფენა პარიზში - ეს არის ბულონის ტყის თავზე აღმართული რუსეთის დროშა...“ - ამბობს ერმიტაჟის დირექტორი, რომელიც რუსულ კულტურას ევროპულ კულტურად მიიჩნევს და დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ვერაფერს შეცვლის. მიხაილ პიოტროვსკი აპირებს, „მტრის ჯინაზე“ გამოაცხადოს მორატორიუმი საზღვარგარეთ ერმიტაჟის გამოფენებზე. აქამდე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ერმიტაჟს მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული რუსეთის შიგნით გამოფენების გამართვაზე:

„ვფიქრობ, ყველაფერი უნდა მოვაწყოთ ისე, რომ ჩვენ გვხედავდნენ... ამისთვის სულაც არ არის საჭირო სადმე გამგზავრება. ყველას მოვუწოდებ, გადახედონ ბლოკადის გამოცდილებას. ბლოკადის დროს მოწყობილმა გამოფენებმა აჩვენა მთელ საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოს: ირგვლივ შიმშილი და ომია, ჩვენ კი დიდ მხატვრებსა და პოეტებს ვიხსენებთ“.

2006 წელს ინვენტარიზაციის დროს გაირკვა, რომ ერმიტაჟიდან 4,8 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 220-ზე მეტი ექსპონატია გაუჩინარებული. დაიკარგა ძირითადად ძვირფასეულობა და მინანქრის ნივთები.

რუსეთის მთავარი მუზეუმის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ არ აპირებს არც თავისი ქვეყნის გაკიცხვას და არც მთავრობის გადაწყვეტილების გამო ბოდიშის მოხდას, უფრო პირიქით, ყველანაირად ცდილობს გვერდში დაუდგეს „ახალ დროში გადასულ რუსეთს“:

„ჩვენი ქვეყანა სხვა დროში გადავიდა. დასრულდა სკვითების ომის პირველი პერიოდი, როცა უკან ვიხევდით. ვითარება შეიცვალა, თანაც სამუდამოდ. ყველაფერი 2014 წელს დაიწყო. ყირიმმა შექმნა სიტუაცია, როდესაც სხვაგვარად უკვე შეუძლებელი იყო, საჭირო გახდა შემობრუნება. რუსეთი დიდ გლობალურ ტრანსფორმაციას განიცდის და ჩვენ, შესაბამისად, მასთან ვართ... ჩვენ ყველანი მილიტარისტები და იმპერიალისტები ვართ (იცინის). უპირველეს ყოვლისა: რუსეთი ჩემი ქვეყანაა და მე უნდა ვიყო მასთან ერთად. ეს ჩემი ქვეყანაა, როგორიც არ უნდა იყოს იგი. არის სიტუაციები, როცა აბსოლუტურად გასაგებია, რომ ადამიანი თავის ქვეყანასთან უნდა იყოს. როდესაც ძალიან სერიოზული საკითხი წყდება, არჩევანი არ არსებობს“.

მიხაილ პიოტროვსკის თქმით, რუსული გაგებით პატრიოტიზმი საკუთარი ისტორიული ღირსების შეგრძნობაა:

„ადამიანისთვის გასაგებია, რომ ომში უნდა წავიდეს, მაგრამ არის კიდევ რაღაც განსხვავებული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომლის უკანაც დგას საკუთარი ისტორიული ღირსების გრძნობა, ქვეყნის ისტორიისა და მისიის შესაბამისად ცხოვრების სურვილი. ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ჩვენ გვესმის საკუთარი ქვეყნის ისტორიული მისიისა. განცდა, რომ ჩვენი ქვეყანა ცვლის მსოფლიო ისტორიას და ჩვენ ჩართული ვართ ამაში, უმთავრესია“.

მიხაილ პიოტროვსკი - საბჭოთა და რუსი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, არაბისტი, ისლამისტი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. 1992 წლიდან სახელმწიფო ერმიტაჟის დირექტორი. პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის დეკანი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. რუსეთის მუზეუმების კავშირის პრეზიდენტი. გამოჩენილი არქეოლოგების რიფსიმე ჟანფოლადიანისა და ერმიტაჟის დირექტორის (1964-1990 წწ.), აკადემიკოს ბორის პიოტროვსკის შვილი. მიხაილ პიოტროვსკის ვაჟი, ბორის (უმცროსი) პიოტროვსკი 2021 წლიდან სანქტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორია.

ერმიტაჟის დირექტორი არც რუსეთის მთავრობის მიერ წამოწყებულ საომარ მოქმედებებს აკრიტიკებს, ამბობს, რომ ზოგადად ომთან დაკავშირებით ყველაფერი არც ისე მარტივად არის.

ბორის პიოტროვსკი

„ომი ერთი მხრივ სისხლი და მკვლელობაა, მეორე მხრივ კი - ხალხისა და ერის თვითდამკვიდრების საშუალება, - ამბობს მიხაილ პიოტროვსკი, - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი იმპერიული ტრადიციით გავიზარდეთ, ხოლო იმპერია აერთიანებს ბევრ ხალხს, აერთიანებს ადამიანებს, პოულობს რა ყველასთვის რაღაც საერთოსა და მნიშვნელოვანს. ეს ძალიან მაცდურია, მაგრამ, ასე ვთქვათ, კარგ საცდურებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ბოლომდე არ უნდა დამორჩილდე, უნდა შეძლო საკუთარ თავში მისი დარეგულირება. ასევე არ დავივიწყოთ პრინციპი: ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც საჭიროა, შემდეგ კი, მოხდეს, რაც მოსახდენია. მუზეუმებისთვის „აკეთო ის, რაც საჭიროა“, კულტურის შენარჩუნება და კულტურის ტვირთის ზიდვაა. ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რა ხდება ბლოკადის რკალს მიღმა. ლაპარაკითაც არა მხოლოდ „აქეთ“, არამედ „იქითაც“ უნდა ვილაპარაკოთ“.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომლის, მიხაილ შეველევის თქმით, საინტერესოა, რომ ერმიტაჟის დირექტორი ვერ ბედავს საუბარს მხოლობით რიცხვში, „ვერ ამბობს, მე ვარ იმპერიალისტი და მილიტარისტიო. ამბობს, ჩვენ ვართო. გასაგებია - არის რაღაცები, რისი გაკეთებაც უფრო ადვილია „კოდლაში“.

მხატვარ დმიტრი ვრუბელისთვის კი დაუჯერებელია, რომ ეს ინტერვიუ მისცა არა ვიღაც პროპაგანდისტმა გებელსმა ნაცისტურ Völkische Beobachter-ს, არამედ ერმიტაჟის დირექტორმა პიოტროვსკიმ „როსიისკაია გაზეტას“.

„ისეთი ადამიანები, როგორიც ერმიტაჟის დირექტორი პიოტროვსკია, ყველაზე საშიშები არიან... ის არ არის ვიღაც ტელეგრეიკიანი მუჟიკი, სოლოვიოვისა და სკაბეევას მსხვერპლი, მან მშვენივრად იცის, რომ ბუჩა არ არის სიცრუე და გამონაგონი, რომ მარიუპოლი გაანადგურეს და ათასობით მისი მკვიდრი დახოცეს არა ბანდერელებმა... იცის, მაგრამ მაინც მიერეკება ამ ვულგარულ ბოდვას რუსეთის განსაკუთრებული გზისა და იმპერიალიზმის შესახებ... ცინიკოსი ნაძირალაა... მიჩვეული მთელი ცხოვრება პატრონის ხელისგულების ლოკვას“, - ამბობს „როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს კომენტირებისას „ყოველდღიური ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი ალექსანდრ რიკლინი.

„ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის თანამშრომელი ალექს გრიგორიევი კი იხსენებს მიხაილ პიოტროვსკის ინტერვიუს, რომელიც ერმიტაჟის დირექტორმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემას 2018 წელს მისცა და რომელშიც, როგორც ირკვევა, პიოტროვსკი დაახლოებით იმავეს ამბობს, რაც „რუსიისკაია გაზეტას“ უთხრა.

„2018 წლის ინტერვიუს მიხედვით, პიოტროვსკის სჯერა, რომ ყირიმის კრიზისის დროს მხარეები თამაშობდნენ დიდ საჭადრაკო პარტიას, რომელშიც ყველა, მათ შორის პიოტროვსკი, უნდა ყოფილიყო ქვეყნის ხელმძღვანელობის მხარეს. თუ ომი დაიწყება, პიოტროვსკი სამშობლოს აირჩევს და არა სიმართლეს. ქვეყნის ინტერესები ყოველთვის მაღლა უნდა დააყენოო, მიაჩნია მეცნიერს“, - ამბობს ალექს გრიგორიევი.

ერმიტაჟის დირექტორის ქცევასა და მოსაზრებებს ბევრად მარტივ ახსნას უძებნის ცნობილი რუსი მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი.

ვიქტორ შენდეროვიჩი

„უფროსი ძმის შეყვარების გზა, როგორც ვიცით, წამებაზე გადის, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ ფანტაზიაც საკმარისია. იმდენი ქურდობა რომ მქონდეს კისერზე დაკიდებული, რამდენიც პიოტროვსკის კისერზეა (იხ. კონტროლის პალატის მონაცემები), მეც გავხდებოდი ნებისმიერი ხელისუფლის ნდობით აღჭურვილი პირი და მეც ვუმღერებდი ოსტაზიასთან ნებისმიერ ომს. ნუ ეძებთ მრწამსს იქ, სადაც მოქმედებს თვითგადარჩენის ინსტინქტი“, - ამბობს ვიქტორ შენდეროვიჩი.