დიდმა ბრიტანეთმა გააფართოვა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და მილიარდერი ვლადიმირ პოტანინი. სოჭი, 2019 წ. დეკემბერი.

დიდმა ბრიტანეთმა გააფართოვა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია.

სიაში მოხვდნენ ბიზნესმენები ვლადიმირ პოტანინი და საიდ გუცერიევი, კემეროვოს ოლქის გუბერნატორი სერგეი ცივილევი და მისი მეუღლე ანა ცივილევა, რომელიც, მედიის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათესავია.

ასევე სანქციების სიაში შეიყვანეს „სპბ ბირჟის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ივან ტირიშკინი და „ბტს-მოსტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რუსლან ბაისაროვი. იურიდიული პირებიდან სანქციების სიაში მოყვა მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი და ქვანახშირის კომპანია „კოლმარი“.

მთლიანობაში განახლებულ სიაში შევიდა რუსეთის 12 მოქალაქე და რვა კომპანია.