„არანაირი პრეტენზია საქართველოსთან არ მაქვს“ – 16 დღე საზღვარზე და თავშესაფარი ლიეტუვაში

ინსა ლანდერი

„არანაირი პრეტენზია საქართველოსთან არ მაქვს და იმედი მაქვს, მას უფრო სასიამოვნო სიტუაციაში გავიცნობ“, - ეს სიტყვები რუს ბლოგერს, ინსა ლანდერს ეკუთვნის, რომელმაც იმის გამო, რომ 12 ივნისს ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება არ მისცა დარიალის სასაზღვრო პუნქტზე 16 დღე გაატარა.

28 ივნისს, გვიან ღამით, ინსა ლანდერი საქართველოდან ლიეტუვაში გაფრინდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც აქტივისტის ინტერესებს იცავდნენ, ამბობენ, რომ ინსა ლანდერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე 27 ივნისს შემოუშვა, 28 ივნისს, გვიან ღამით კი ის უკვე ლიეტუვაში ჩაფრინდა.

29 ივნისს გახდა ცნობილი იმის შესახებაც, რომ რუსეთის ფედერაციამ ინსა ლანდერზე, რომელიც ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში ჰყავს შეყვანილი, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

„სასაცილო და პოსტირონიული ტვიტები ჯერჯერობით თავში არ მომდის. სამაგიეროდ, ყურებში ჩამესმის, ჯანმრთელად იყავი. გარდა ამისა, ჯერ ისევ მახველებს დახრჩობამდე. ამიტომ, ინებეთ, როგორც არის, ყოველგვარი ხუმრობების გარეშე (მათ მოგვიანებით მოიტანენ): 28.06.2022, 23:15 საათზე, უსაფრთხო ქვეყნის ტერიტორიაზე დავეშვი. მე თავისუფალი ვარ“, - ეს ტვიტი ინსა ლანდერმა 29 ივნისს, დილით გამოაქვეყნა.


ცოტა ხანში, ბლოგერმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გზავნილი გაავრცელა - ის მხოლოდ ერთი სიტყვით - „Ладно“ (კარგი) - გამოეხმაურა ინფორმაციას მისი ძებნილად გამოცხადების შესახებ. ამ ერთ სიტყვას თან ორი „სქრინიც“ დაურთო - რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ „რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ ინსა ლანდერზე ძებნა გამოაცხადა“.

29 ივნისს, მას შემდეგ, რაც საქართველოდან ლიეტუვაში ჩაფრინდა, ინსა ლანდერმა საკუთარ ბლოგზე ვრცელი წერილი, "სიყვარულით, ინსა" გამოაქვეყნა. ბლოგერი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებიც იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც მან დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაატარა, მისი მდგომარეობითა და ბედით ინტერესდებოდნენ.

მიუხედავად თავდაპირველი უთანხმოებისა, რომლის შესახებაც ინსა ლანდერი მედიასთან საუბრობდა, 29 ივნისს გამოქვეყნებულ ბლოგში, ის მადლობას უხდის დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებსაც:

„მთელი გულით ვუხდი მადლობას დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს. თავიდან ერთმანეთს ვერ გავუგეთ, მაგრამ საბოლოოდ კონსენსუსამდე მივედით. ყველაზე მთავარი ესაა... მადლობას ვუხდი ჩემს ქართველ ადვოკატებს, ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ, უდიდესი მადლობა ომბუდსმენს, გაეროს, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს. სახელებსა და გვარებს შეგნებულად არ ვწერ, არ მინდა ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო... მაგრამ მახსოვს ყველა იმ ადამიანის სახელი, რომლებიც ჩერდებოდნენ, რათა ჩემთვის ეყიდათ საჭმელი, წყალი, გავემხნევებინე, რომლებიც ხელებში მაჩეჩებდნენ ფულს... დიდი მადლობა Duty Free-ს არაჩვეულებრივ თანამშრომლებს, რომლებიც ჩუმად მაძლევდნენ საჭმელს და წყალს. მადლობა Duty Free-ს თანამშრომელ ბიჭს, რომელიც მიზიარებდა ინტერნეტს და მამხნევებდა. მადლობა მათ, ვინც მიტოვებდა საჭმელს და წყალს, სანამ მეძინა... სიმართლე ყოველთვის ჩემთან იყო და დღეს ამ სიმართლემ იზეიმა. ბედნიერი ვარ“.

ვრცელ ბლოგში, ინსა ლანდერი მადლობას უხდის ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ამერიკის საელჩოების წარმომადგენლებსა და კონსულებს, რომლებსაც ის უკვე ლიეტუვაში 29 ივნისის ღამეს შეხვდა:

„ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანები დაინტერესდნენ როგორც ჩემი ისტორიით, ისე თავად იმ ფაქტით, თუ როგორ მოქმედებენ ჩემს სამშობლოში, ჩრდილოეთ კავკასიაში ძალოვანი სტრუქტურები. დიდი მადლობა ლიეტუვას ნდობისთვის და შეუფასებელი საჩუქრებისთვის - თავისუფლებისთვის, თავშესაფრისა და უსაფრთხოებისთვის“.

რატომ შეცვალა შსს-მ გადაწყვეტილება?

რატომ შეცვალა 27 ივნისს, ორკვირიანი მტკიცე უარის შემდეგ, საქართველოს შსს-მ გადაწყვეტილება ინსა ლანდერის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომელიც შემდეგ უკვე საქართველოში ლიეტუვის საელჩოს დახმარებით, ლიეტუვაში გაემგზავრა, ამ კითხვაზე პასუხი უწყებისგან ვერ მივიღეთ.

კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს არც ინსას ინტერესების დამცველს „უფლებები საქართველოს“ იურისტს სალომე ჯოხაძეს. არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო ინსა ლანდერის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გადაწყვეტილება, რაც ამ პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩაერთო.

20 ივნისს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენების გზით მომხდარიყო ინსა ლანდერისთვის საქართველოში თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

როგორც სალომე ჯოხაძე ამბობს, უკვე 22 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელესა და სახელმწიფოს გამოუგზავნა დამაზუსტებელი კითხვები და ამ კითხვებზე პასუხების წარდგენის საბოლოო ვადად 29 ივნისი განსაზღვრა. თუმცა ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, 27 ივნისს, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსი ბლოგერი საქართველოში შემოეშვა:

„სახელმწიფოს მოტივებზე ვერაფერს გეტყვით. ბევრ ვერსიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ, ეს იქნება მხოლოდ ვარაუდისა და სპეკულაციის დონეზე. ჩვენთან სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, სახელმწიფომაც გააკეთოს შესაბამისი განცხადებები. ჩვენთვის უცნობია, ის გარემოებები, რამაც სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა“, - აცხადებენ ორგანიზაცია „უფლებების საქართველოს“ წარმომადგენლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი აქტივისტისა და ბლოგერისთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძვლად 16 ივნისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა დაასახელა. უწყებაში განაცხადეს, რომ 12 ივნისს, საზღვრის კვეთისას, „იგი [ინსა ლანდერი] იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ინსა ლანდერი მომდევნო დღეს, 13 ივნისს, კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და ამჯერად საერთაშორისო დაცვა, ანუ საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა.

ინსა ლანდერის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების საქმეში ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველიც, თუმცა, ომბუდსმენის წარმომადგენლებს, რომლებიც ინსა ლანდერთან სასაუბროდ სასაზღრო-გამშვებ პუნქტზე ჩავიდნენ, ბლოგერის ნახვის საშუალება არ მიეცათ.

სახალხო დამცველმა 18 ივნისს მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიეცა ბლოგერისთვის უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა და ამასთანავე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში უზრუნველეყოთ მისთვის ღირსეული საარსებო პირობები და სამედიცინო მომსახურება, რომელსაც ბლოგერი საჭიროებდა.

ინსა ლანდერი, ტელეკომპანია „ფორმულასათვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ საზღვარზე მას დაემუქრნენ და უთხრეს, რომ რუსულ მხარეს გადასცემდნენ:

„უარის პირდაპირ მიზეზს არ მეუბნებიან, მე ეჭვი მაქვს, რომ არის პოლიტიკური ქვეტექსტი. იმედი მაქვს, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსულ სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობენ და არ გადამცემენ რუსულ მხარეს. ამის შიში მაქვს, რადგან მემუქრებოდნენ, რომ რუსულ მხარეს გადამცემდნენ", - უთხრა მან ტელეკომპანია „ფორმულას“.

ინსა ლანდერი, რომელიც ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, გასული წლის 9 დეკემბერს ქალაქ ბაქსანში, ნათესავების ბინაში დააკავეს და ნალჩიკის უშიშროების ფედერალურ სამსახურში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

რუსეთის ფედერაციამ ინსა ლანდერი, 30 წლის ბლოგერი, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლით აღძრა. ბრალდება კი დაეყრდნო სოციალურ ქსელ „ВКонтакте“-ში 2014 წლის მიმოწერას.

TASS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ მიმოწერაში, ბლოგერი ცდილობდა, რომ მისი ნაცნობი ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაებირებინა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებამდე ის ამზადებდა გამოძიებას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შესახებ, რომელმაც საქველმოქმედო ფონდიდან, სავარაუდოდ, გაიტაცა 49 მილიონი რუბლი. მედია და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ინსა ლანდერის ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ დირექტორის ეგორ კუროპტევის ინფორმაციით, ინსა ლანდერი შინაპატიმრობიდან რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაიქცა.

რას წერდა ინსა ლანდერი სოციალურ ქსელში შინაპატიმრობიდან ორი თვის თავზე

ინსა ლანდერს შინაპატიმრობაში ყოფნისას არ ჰქონდა როგორც ტელეფონით, ისე სოციალური ქსელით სარგებლობის უფლება. ბლოგერის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მისი „ნდობით აღჭურვილი პირი“ აქვეყნებდა.

ბლოგერის პირველი პოსტი სოციალურ ქსელებში დაკავებიდან ორი თვის თავზე, 2022 წლის 4 თებერვალს გამოჩნდა. ამ ბლოგში ის შეეცადა მკითხველისათვის აეხსნა, თუ რა დაედო საფუძვლად მისი დაკავების გადაწყვეტილებას.

„გამარჯობა. ეს მე ვარ. ორი თვეა არ გამოვჩენილვარ და ალბათ კიდევ დიდხანს არ ვიქნები, სანამ სასამართლო ინტერნეტით სარგებლობის უფლებას არ მომცემს. ან სანამ არ გამათავისუფლებენ.

9 დეკემბრიდან მე სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლით ვიდევნები - ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა. ქალაქ ნალჩიკში, გამთენიისას, დილის 5 საათზე, ჩემი ნათესავების სახლში შემოვარდნენ ადამიანები ნიღბებით, ავტომატებით, შეაშინეს მთელი ოჯახი, ჩაატარეს ჩხრეკა და წამიყვანეს. 10-საათიანი დაკითხვის შემდეგ, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობიდან სრულიად სხვა ადამიანი გამოვედი. ერთ საათში სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ელექტრონული სამაჯური გამიკეთა და მივხვდი, რომ ეს დასასრულია. მორჩა.

გამოძიება თვლის, რომ 2014 წელს, დედაჩემის გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგ, როდესაც მე უმძიმეს ფსიქოემოციურ სტრესში ვიყავი, საკუთარ თავში ვიპოვე ძალა, რომ ჩემი მეგობრისთვის, რომელსაც უმარ დ. ჰქვია, გამეწია რადიკალური ისლამის „პროპაგანდა“. მიმოწერაში საუბარი ეხებოდა ისლამს, აღმსარებლობის ნიუანსებს, საკამათო საკითხებს - ორი ადამიანი ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს ვუზიარებდით.

მე, რომელმაც საკუთარი ხელებით დავუხუჭე დედას თვალები, წავუკითხე მიცვალებულის ლოცვები, ისლამური წესების თანახმად განვბანე, პირველ რიგში, სიკვდილისა და სიცოცხლის შესახებ ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვებს. საკუთარ თავსა და ჩემს მეგობარს ვეკითხებოდი, რა გველის სიკვდილის შემდეგ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ განვლილი სიცოცხლის არ შეგვრცხვეს.

აღმოჩნდა, რომ ეს დანაშაულია. დაკავების მოტივს გავიგებდი, თუკი ვინმე ვინმეს დაითანხმებდა, მაგალითად, დაეწვა შენობა, გაეტაცა თვითმფრინავი, მოეკლა ადამიანები ან რაიმე აეფეთქებინა. მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა, რადგან მე არ ვარ ტერორისტი და არც არასდროს ვყოფილვარ, ისევე როგორც ჩემი ყოფილი მეგობარი. ჩვენ არასდროს მოვხვედრილვართ სამართალდამცავების თვალსაწიერში. ადმინისტრაციული კანონდარღვევაც კი არასდროს ჩაგვიდენია. მე თავად ოთხ საქმეზე ვარ მოწმე და ამ საქმეებზე თავად გადავეცი გამოძიებას მასალები. როგორ ფიქრობთ, მე რომ ადამიანებს ტერორისტულ ორგანიზაციებში ჩართვის პროპაგანდას ვუწევდე, დავიჭერდი ურთიერთობას სამართალდამცავებთან?

რვა წლის თავზე, გამოძიება ამ მიმოწერამდე მივიდა. და აი რა გამოვიდა: ჩემი ყოფილი მეგობარი უმარი, რომელთანაც 2017 წლიდან აღარ მაქვს ურთიერთობა, საუბედუროდ, აღმოჩნდა იმ ადამიანის თანასოფლელი, რომელიც სირიაში წავიდა. ამ ადამიანმა მისწერა უმარს და ასე მოხვდა უმარი ყურადღების ცენტრში. ის იმიტომ გაასამართლეს, რომ არ მიაწოდა სამართალდამცავებს ინფორმაცია სირიაში წასული თანასოფლელის შესახებ. შემდეგ უკვე „ВКонтакте“-სგან გამოითხოვეს მიმოწერები და იქ აღმოაჩინეს წაშლილი მიმოწერა ვინმე ინსასთან - ორი წუთის საქმეა. უმარი 10 000 რუბლის ჯარიმით გავიდა ფონს, ძალოვნების მთელი ყურადღება კი ჩემზე გადმოვიდა.

9 წლის განმავლობაში ვიყავი ისლამის მიმდევარი. ვატარებდი ჰიჯაბს. ვლოცულობდი. ვიღებდი რელიგიურ განათლებას. ეს არასდროს დამიმალავს და არასდროს შემრცხვენია, ისევე, როგორც არასდროს მიამაყია იმით, რომ რწმენა მივატოვე.

არ ვიცი რა იქნება შემდეგ და არ ვიცი ახლა რა ვქნა. მინდა, უბრალოდ შეგახსენოთ, რომ ცოცხალი ვარ“.