"უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით" - ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი საერთო განცხადებას ავრცელებენ

დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი

მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" გასული 3 დეპუტატი: დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი თავიანთ საერთო მიზნებზე განცხადებას ავრცელებენ.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი მიზანია "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა", რისთვისაც დატოვეს პარტიაც, რადგან მიაჩნიათ, რომ "მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის."

კერძოდ, დეპუტატები საუბრობენ ოპოზიციის მიერ რევოლუციური სცენარის დაგეგმვაზე და აცხადებენ, რომ სწორედ ამისათვის შემოიტანეს მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თემა.

"ამისათვის [რევოლუციური სცენარისთვის] შედგა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი.

ამისათვის შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია".

ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი განცხადებაში ასევე ახსენებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც და წერენ, რომ "კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს.

"ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს. პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო, მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა, გუნდმა სწორად იმოქმედა და ეს სცენარი ჩაშალა. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურად მიიღო".

პარტიიდან გასული დეპუტატები ასევე წერენ, რომ რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: "ერთი მოკლევადიანი და მეორე შედარებით გრძელვადიანი".

"მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.

მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა."

დეპუტატები ასევე ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრობის "კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის" მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. "როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს".

ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი წერენ, რომ მათი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს".

"გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად. თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი".

ასევე ნახეთ სოზარ სუბარმა „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა

გუშინ, 28 ივნისს, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ამცნო საზოგადოებას, რომ მმართველ პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ დეპუტატები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.

სამივე დეპუტატს მე-10 მოწვევის პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე.

სამი დეპუტატის გასვლის შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა არის საჭირო.

ასევე ნახეთ პაპუაშვილი 24 ივნისის აქციის მოთხოვნებზე: სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების სურვილი

დეპუტატების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციები ევროინტეგრაციის მოთხოვნით.

სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.