„ეს სირცხვილი უნდა გახდეს! რესტორნის მეპატრონეს თუ ტაქსის მძღოლს უნდა შერცხვეს, რომ რუსულ მუსიკას, მით უფრო, საკმაოდ მდარე ხარისხის რუსულ მუსიკას უსმენს“, - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე.
მისი თქმით, რუსული მუსიკა საჯარო სივრცეში ორი მიზეზის გამო ისმის: ინერციით, რადგანაც ოდესღაც საბჭოთა სამყაროს ვეკუთვნოდით და რუსი ტურისტების საამებლად.
„სამწუხაროდ, ჩვენ რუსული წარსული გვქონდა და ეს ინერციით მოგვყვება, მაგრამ თუ საზოგადოება ამას არ შეეწინააღმდეგა, სულ ასე იქნება. ეს სახელმწიფო ჩვენი მტერია და ვისაც რა შეუძლია, უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის გავლენა შემცირდეს, მით უფრო ახლა, როცა ევროკავშირის კანდიდატობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია მუსიკოსები ჩავრთოთ ამ კამპანიაში, მათ თავის მხრივ თავიანთი ფანები აიყოლიონ“, - ამბობს გიგა კობალაძე.
კამპანიის ორგანიზატორები აპირებენ მიმართონ სატრანსპორტო კომპანიებს, რესტორნებს, სხვა დაწესებულებებს და მოუწოდონ, არ ჩართონ რუსული მუსიკა. ასევე გეგმავენ ამავე სლოგანით გამართონ კონცერტები თბილისსა და აჭარაში, სადაც ტურისტული სეზონის დროს რუსული მუსიკა ყოველ ნაბიჯზე ისმის. გიგა კობალაძე ამბობს, რომ კამპანია უკვე ათასობით ადამიანმა მოიწონა და სასურველია, მასში ყველა ჩაერთოს.
„ჩემთვის წარმოუდგენელია, ოკუპანტი ქვეყნის ენაზე როგორ უნდა ვერთობოდეთ რესტორნებში. ან რუს ტურისტებს რუსულად რატომ უნდა ვესაუბროთ.უნდა გვცენ პატივი და საერთაშორისო ინგლისურ ენაზე ან ქართულად გველაპარაკონ.
განსაკუთრებთ ტურისტულ ზონებშია მძიმე ამის ატანა. საერთოდ არ მგონია, რომ თუნდაც რუს ტურისტებს რუსული მუსიკის მოსმენა უნდოდეთ საქართველოში. ძალიან კარგი სიმღერები გვაქვს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. აქ ჩამოსულებს ქართული კულტურა უნდა ვაჩვენოთ. ყველა გოჯისთვის უნდა ვიბრძოლოთ, კულტურისთვის და ჩვენი ენისთვის ბრძოლა ყოველთვის ჩვენი იდენტობის ნაწილი იყო“, - ასე ეხმიანება კამპანიას გვანცა ჯობავა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე.
გაზმანოვი, ლეპსი... რომლებიც პუტინის კარის მუსიკოსები არიან. არ მგონია, რომ ახლა, როცა უკრაინაში ქალებს და ბავშვებს ხოცავენ, ჩვენ მათ სიმღერებზე უნდა ვერთობოდეთ...გიგა კობალაძე
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში, მედიასა და ტრანსპორტში რუსული მუსიკის შესრულებას კრძალავს. კანონი ასევე კრძალავს ნაწარმოებების (მათ შორის, მუსიკალური კლიპების) საჯარო შესრულებას და ტრანსლირებას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ.
გიგა კობალაძე ამბობს, რომ ამ კანონპროექტით უკრაინა ცდილობს რუსული გავლენისგან გათავისუფლდეს, იმავეს უნდა შეეცადოს საქართველოც.
„რახმანინოვი ხომ არ აქვთ ჩართული რესტორნებში? ჩვენ ვებრძვით იმას, რაც მასობრივად გამოიყენება: გაზმანოვი, ლეპსი... რომლებიც პუტინის კარის მუსიკოსები არიან. არ მგონია, რომ ახლა, როცა უკრაინაში ქალებს და ბავშვებს ხოცავენ, ჩვენ მათ სიმღერებზე უნდა ვერთობოდეთ... ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კორექტურად მიუთითოს ტაქსის მძღოლს ან რესტორნის მეპატრონეს, გამორთოს რუსული მუსიკა“, - ამბობს გიგა კობალაძე.
კამპანიის მხარდამჭერებს შორის ძირითადად მუსიკოსები არიან, მაგრამ არა მხოლოდ.
„ახლა ბათუმში ვიყავი, რამდენიმე რესტორნიდან რუსული სიმღერა ისმოდა, რაც მართლა ძალიან გამაღიზიანებელია. არ შეიძლება ასე აჟიტირება, რომ რადგან რუსი ტურისტები არიან, რუსულად ვიმღეროთ და რუსულად ვილაპარაკოთ. მით უმეტეს ახლა, როცა საზიზღარი პუტინის რუსეთი უკრაინაში ამდენ ადამიანს ხოცავს, მანამდე კიდევ ჩვენთან რა ქნა, - ამბობს მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, - საბჭოთა კავშირი დიდი ხანია დაინგრა და დაიშალა. რუსული ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოირთოს საქართველოში“.