2021 წლის "სუსის ფაილების" საქმეზე ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა

პრესკონფერენცია "ღია საზოგადოების ფონდის" ოფისში

2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე, ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", გუშინ, 28 ივნისს წარადგინეს სტრასბურგში.

საქმე ეხება 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ - ფაილებში აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია.

ასევე ნახეთ ყველაფერი სასულიერო პირების ცხოვრებაზე - რა ირკვევა ათასობით პირატული ჩანაწერიდან

საჩივრების ავტორები აღნიშნავენ, რომ გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, მომჩივნებმაც: დავით ჯანდიერმა, ნატალია ფერაძემ, გიორგი ონიანმა, გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ, დაადასტურეს.

საჩივრებში დავის საგანია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევა. ასევე, საჩივრებში მოთხოვნილია, რომ წინამდებარე საქმეს ე.წ. ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი (‘IMPACT CASE’) მიენიჭოს, ხოლო სასამართლომ დაავალდებულოს სახელმწიფო, სრულად და ჯეროვნად წარუდგინოს საგამოძიებო მასალები.

საჩივრების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრებაა.

მათივე განცხადებით, საჩივრების ერთ-ერთი საკითხია ფარული მოსმენების საქმეზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობა.

მომჩივნების თქმით, ამ დრომდე თბილისის პროკურატურას არ მიუნიჭებია პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი, ხოლო, გენერალური პროკურატურა უმოქმედოა.

"შიდა ინსტანციები რაც გავიარეთ, პროკურატურის, სასამართლოს თვალსაზრისით, აღმოჩნდა არადამაკმაყოფილებელი და ცალსახად არაობიექტური. ქვეყნის არცერთი ინსტანცია ამ საქმეზე არ რეაგირებს. გაყინულია პროცესები, უცნობია, საერთოდ რას აკეთებენ", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

ასევე ნახეთ უკანონო მოსმენა და თვალთვალი ისევ განხილვის თემაა - ამზადებს თუ არა სუს-ი ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილისთვის?

გასული წლის აგვისტოში "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა, მისი თქმით, სუსის მიერ მომზადებული პირადი ცხოვრების და პროფესიული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, რომელთაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის აგროვებდა.

ასევე ნახეთ "მთავარი არხის” მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ჩანაწერი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის საუბარს ასახავს

12 სექტემბერს გვიან ღამით კი, სავარაუდოდ, სუსის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.