როგორია საქართველოს "ევროპული პერსპექტივა": რეფორმები თუ მრავალწლიანი ლოდინი?

აქცია "შინ ევროპისკენ" პარლამენტის შენობასთან. თბილისი, 2022 წლის 24 ივნისი

„ევროპის კარი ღიაა. ახლა ჯერი საქართველოზეა”, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 24 ივნისს, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ არა კანდიდატის სტატუსი.

ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებიან მომდევნო ნაბიჯების გადადგმაში, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, რანაირად. როგორ ეხმარებიან ისინი სხვებს?

მილიარდები ევროკავშირთან დაახლოებისთვის

2007 წელს ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებისთვის სპეციალური პროგრამა (IPA) შექმნა, რომელმაც ისინი წევრობისთვის უნდა მოამზადოს. 2021 წლისთვის უკვე თითქმის 25 მილიარდი ევრო დახარჯა ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებში.

სამოქმედო გეგმის თანახმად, 2027 წლამდე, ჯამში, კიდევ 13 მილიარდს მიიღებენ როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი ქვეყნები.

კონკრეტულად ვინ? თურქეთის გარდა, რომლის ევროინტეგრაციაც შეფერხდა დემოკრატიის დასუსტებასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ ბალკანეთის ქვეყნებს: სერბეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთს. პირველმა ორმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მაკედონია და ალბანეთი მალე დაიწყებენ.

წევრობის პოტენციური კანდიდატები არიან ბოსნია და ჰერცეგოვინა, და კოსოვო. თუმცა კოსოვოს ჯერ არ გაუგზავნია განაცხადი ევროკავშირში გასაწევრიანებლად და მის დამოუკიდებლობას 5 წევრი ქვეყანა არ აღიარებს - ესპანეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი და საბერძნეთი.

თურქეთმა წევრობის განაცხადი გააკეთა 1987 წელს; ჩრდილო მაკედონიამ 2004-ში; მონტენეგრომ 2008-ში; ალბანეთმა და სერბეთმა 2009-ში; ბოსნია-ჰერცეგოვინამ 2016-ში.

ევროკომისიის შეფასებით, ბოსნიაც და კოსოვოც ჩამორჩებიან დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებს. ამისდა მიუხედავად, 2014-2020 წლებში მათ ასეულობით მილიონი ევრო მიიღეს (552 ბოსნიამ და 602 კოსოვომ). გაცილებით მეტი, ვიდრე, მაგალითად, მონტენეგრომ, რომელიც სრულუფლებიანი კანდიდატია - 279 მილიონი.

ორივე ქვეყანაში ევროკავშირი აფინანსებს საჯარო მმართველობის, სასამართლოსა და განათლების რეფორმებს. მაგრამ ბრიუსელი ასევე ითვალისწინებს კონკრეტული ქვეყნის საჭიროებებსაც. მაგალითად, სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციას ბოსნიაში და ენერგეტიკის „გამწვანებას” კოსოვოში.

ადრე თუ გვიან, ყველა კანდიდატი ქვეყანა იწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. მოლაპარაკებები შედგება 32 თავისგან. მათი ამოცანაა, კანდიდატის კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირისას და მან შეძლოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მოლაპარკებების გასამარტივებლად, ევროკავშირი წინასწარვე ეხმარება კანდიდატ ქვეყანას დემოკრატიული რეფორმების ჩატარებაში, ან, მაგალითად, მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ისინი კონკურენტუნარიანები იყვნენ ევროკავშირის შრომით ბაზარზე.

კოპენჰაგენის კრიტერიუმები

როგორ ხვდება ევროკავშირი, რომ კანდიდატი ქვეყანა მზადაა? ამისთვის ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები არსებობს.

სულ სამია:

  • პოლიტიკური - „იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას”.
  • ეკონომიკური - „ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით”.
  • წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი - „მათ შორის, იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკის გატარება, რომელთაგანაც შედგება ევროპული კანონმდებლობა”.

საქართველოს განაცხადის შეფასებისას, ევროკომისიამ დაწერა, რომ პრობლემები კი არსებობს, თუმცა ქვეყანამ შექმნა საფუძველი პირველი და მესამე კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება ეკონომიკურს, აქ მთავარი გამოწვევა „განათლების რეფორმის ჩატარება” და „ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაა”.

გართულებული გზა

უკრაინა და მოლდოვა ჯერ არ იწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან მათაც პირობები აქვთ დასაკმაყოფილებელი. მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, ისინი წევრობის კანდიდატები არიან.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე, ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით საქართველომ გაირთულა გზა ევროკავშირამდე.

„აქამდე მაინც იყო იმედი, რომ არ დაგვაშორიშორებენ, რომ სადაც იქნება უკრაინა და მოლდოვა (ე.წ. ასოცირებული ტრიოს წევრები, რომელთაც მიიღეს კანდიდატის სტაუსი - რთ), იქ იქნება საქართველოც. და ეს გვაძლევდა გარკვეულ იმედს, რომ შეიძლება პრობლემებია ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი გაყოფა არ მოხდება. დღეს… გაყოფა უკვე მოხდა. ბევრად უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს და არავინ არაფერს არ გვაპატიებს”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ევროკავშირი მზად არის მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს 12 რეკომენდაციას. ქვეყნის პროგრესი შეფასდება 2022 წლის ბოლოს.

ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

პოლიტოლოგ იოსებ ძამუკაშვილსაც მიაჩნია, რომ გზა გართულდა, რადგან 12 პირობის დაკმაყოფილებასთან ერთად, საქართველომ ევროკავშირის ნდობაც უნდა დაიბრუნოს.

თუმცა „ძალიან დაჩაგრულებიც არ ვართ” და საქართველოს ხელისუფლების „მონდომებაზეა დამოკიდებული”, დაეწევიან თუ არა ახლად გამომცხვარ კანდიდატებს მოლაპარაკებების გახსნის დროისთვის. თანაც, ევროკავშირის დახმარების პაკეტები, რომელსაც კანდიდატები და პოტენციური კანდიდატები იღებენ, დიდად არ განსხვავდება ხოლმე.

„შეიძლება ასოცირების ტრიოსთვის ცალკე შეიქმნას დახმარების პაკეტი… ახლა უკრაინაში ომია, ევროკავშირში კი ძალიან დიდი ბიუროკრატია, დახმარების პაკეტების შექმნა და გამოყოფა დიდ დროს წაიღებს… მაგრამ [ამისთვის] მთავრობამ რეფორმები უნდა ჩაატაროს”, - თქვა მან.

არ არსებობს მოჭრილი დრო და ერთი გზა ევროკავშირში მოსახვედრად. ამჟამინდელი წევრებიდან ყველაზე დიდი დრო კვიპროსს დასჭირდა - 14 წელი. თუმცა, მაგალითად, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი ორ წელიწადში ჩაეტივნენ.