აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში უპასუხა შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის მქონე გემის შესვლას და ამ კონტექსტში უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით არახამიას განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
კელი დეგნანის განმარტებით, ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ რუსეთს ასარგებლებს.
„გეთანხმებით, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია და როგორც ადრეც განვაცხადე, ასეთი სახის მსჯელობა, ჩემი ხედვით, მთავრობებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა მედიის მეშვეობით, მედიისთვის საწყენად არ ვამბობ. მაგრამ, ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის დროს, უნდა განიხილებოდეს მთავრობებს შორის. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უპასუხა ამ ბრალდებებს და ბატონ არახამიას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები. მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხები მთავრობებს შორის განიხილონ, დიპლომატიური არხებით და შეწყვიტონ საჯაროდ გამოტანა, ვინაიდან საქართველო-უკრაინას შორის ამ საკითხებზე გაცვლა-გამოცვლით სარგებლობს მხოლოდ რუსეთი. უკრაინა თითოეული ქალაქისთვის, თითოეული სიცოცხლისთვის იბრძვის და საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო არაა, ახლა ამ ქვეყნების გაერთიანების დროა ორივე ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც ესწრებოდა USAID-სა და სახალხო დამცველის ოფისს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელის მოწერის ღონისძიებას.
27 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან კომენტარში დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შევიდა გემი, რომლის ტვირთიც სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნოდა, თუმცა საქართველოს საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.
მოგვიანებით, იმავე დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გემის მიერ პორტის დატოვების შესახებ.
თავდაპირველად ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა. „მთავარზე“ დაყრდნობით ინფორმაცია გამოქვეყნდა უკრაინულ მედიაშიც. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ვებსაიტის ლინკი თავის ტელეგრამის არხზე გააზიარა რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ, შესაბამისი ტექსტით.
„აშშ-ში ჩვენი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა ჩვენი მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. როდესაც ეს ინფორმაცია აშშ-ისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან მოვისმინეთ, რომ, თითქოს, ეს სიმართლე არაა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ჩემი სიტყვების დამადასტურებელი სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია ჩნდება. მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოდან პროსახელისუფლებო დეპუტატების და მინისტრების უცხოეთში გადარიცხვების და ანგარიშების შესახებ მონაცემები და, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის კავშირების შესახებ, რომელიც ღრმადაა ჩართული იმაში, რომ ტერორიზმის სპონსორმა ქვეყანამ სანქციებს აარიდოს თავი. მაგრამ ყველას, ვინც უკრაინელების სიკვდილზე ფულის შოვნა გადაწყვიტა, მინდა იმედი გავუცრუო. ეს არ მოხდება და ბატონი ივანიშვილი პირველი მოემზადოს, მალე გავფრინდებით და ეს ტურისტული მოგზაურობა არაა“, - წერს არახამია ტელეგრამის არხზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მედიის კითხვის პასუხად, ლევან დავითაშვილმა დავით არახამიას ბრალდებებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ შეურაცხმყოფელი, უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო უწოდა. მისივე სიტყვებით, მსგავს ბრალდებებს ფაქტები არც აქამდე ამყარებდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი ცდილობს სანქციების გვერდის ავლას საქართველოს მეშვეობით.
პირველ მაისს მათ განაცხადეს, რომ, თითქოს, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის მიზნით. მანამდე უკრაინის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს 4 აპრილს უწოდა „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".
2 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი გამოიძახეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
.