ომის წინ, 4 თებერვალს, პუტინმა და სიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმებას. მათ შორისაა გაზის მიწოდების, ინტერნეტტექნოლოგიებში, კოსმოსში, მეცნიერებასა და შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებები. მაგრამ, ბოლო კვირებში ჩინეთის რამდენიმე კომპანიამ დატოვა რუსეთის ბაზარი შიშის გამო, რომ სანქციები მათზეც იმოქმედებდა. ამ კომპანიებს შორის არიან Huawei, Lenovo და Xiaomi, რომლებმაც შეამცირეს მიწოდება.
ამ დროს კი, ჩინეთის მედია უკრაინის კონფლიქტს ისე აშუქებს, როგორც კრემლი მოიწონებდა. მაგრამ ეს ვითარება ასე შეიძლება არც გაგრძელდეს.
„შორეულ პერსპექტივაში რუსეთმა შეიძლება წააგოს ორ ფრონტზე, ევროპულსა და აზიურზე“, - ფიქრობს ჩეხეთის საერთაშორისო საკითხთა ასოციაციის ანალიტიკოსი, ივანა კარასკოვა, რომელიც დიდი ხანია იკვლევს ევროპასა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს და მონაწილეა პროექტისა China Observers in Central and Eastern Europe (CHOICE).
პეკინის რევერანსები მოსკოვის მიმართ, რომლებიც მოიცავდა ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის ხანგრძლივ საუბრებს (მათი ბოლო შეხვედრა გასულ კვირაში გაიმართა), ასევე რუსული პროპაგანდის გავრცელებას ჩინეთის სახელმწიფო მედიის გზით, რაც შვიდი წლის წინ გაფორმებულ შეთანხმებას ეფუძნება, მიმდინარეობს სი ძინპინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოლაპარაკების ფონზე იმ სავაჭრო შეზღუდვების გაუქმების ირგვლივ, რომლებიც ჩინეთს ბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა დაუწესა.
თუ სავაჭრო გადასახადი გაუქმდება და პეკინი შეძლებს ვაშინგტონთან შეთანხმებას, პეკინთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკება რუსეთისთვის იოლი აღარ იქნება. რუსეთის ბაზარი არ არის ისე დიდი, როგორც ევროკავშირისა და აშშ-ისა და, შესაბამისად, პეკინიც მათ მიანიჭებს უპირატესობას კრემლთან შედარებით.
„რასაც ვხედავთ, არის რუსეთის და ჩინეთის წლების წინ დაწყებული დაახლოება“, ამბობს კარასიკოვა, მაგრამ „ასევე ვიტყოდი, რომ შეიძლება ჩინეთი ოპორტუნისტად დავახასიათოთ. ერთი მხრივ, მხარს უჭერს პუტინის რეჟიმს. და ახსნა ამასაც აქვს: ჩინეთს ძალიან ეშინია, რომ რუსეთი ზურგს შეაქცევს ანტიამერიკულ რიტორიკას და პროდასავლური გახდება. ამიტომ ჩინეთის ინტერესებშია, რუსეთი ისეთი დარჩეს, როგორიც არის და არა მხოლოდ იდეოლოგიური თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ჩინეთის ელიტები ძალიან ფრთხილობენ, მხარი დაუჭირონ მოსკოვის სურვილს, გვერდი აუაროს სანქციებს, მაგალითად, საბანკო სექტორში. ასეთი დახმარება შეიძლება გაგებულ იქნეს სანქციების რეჟიმის დარღვევად და ჩინეთის ბანკები მეორადი სანქციების სამიზნე გახდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩინეთის ოპორტუნიზმი იმაში ვლინდება, რომ თუ დასავლეთს რამე ვნებს, ეს კარგია. მაგრამ პეკინს ამისთვის რეპუტაციის შელახვა გადაჭარბებული მსხვერპლის გაღებად მიაჩნია.
კატერინა პროხაზკოვა, პრაღაში, კარლის სახელობის უნივერსიტეტის სინოლოგიის ფაკულტეტთან არსებული ორგანიზაცია „სინოფსისის“ ანალიტიკოსი, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობის გარშემო შექმნილ ვითარებას ერთსახოვნად არ მიიჩნევს. მას მაგალითად მოჰყავს ტაივანის საზოგადოებრივი ორგანიზაციის, Doublethink Lab-ის (DTL) ანგარიში. ანგარიშის ავტორების დასკვნით, ჩინეთის სახელმწიფო მედია უკრაინის კონფლიქტის გაშუქებისას რუსეთის მსგავს პროპაგანდას მიმართავს. DTL-ში გააანალიზეს ინფორმაცია, რომელიც ჩინეთის მედიაში ვრცელდება უკრაინაში ომის შესახებ და კვლევის შედეგად გამოაქვეყნეს ანგარიში: „უკრაინის ნაციფიკაცია ჩინეთის საინფორმაციო სივრცეში“. კვლევა ეხება ომის დაწყებამდე, თებერვლის შუიდან - მარტის ბოლომდე პერიოდს. მისი საგანია სახელმწიფო ტელეარხების, რადიოსა და სოციალური ქსელების მონიტორინგი.
დადგინდა, რომ ეს მედიასაშუალებები მხარს უჭერენ უკრაინის მოვლენების რუსულ ვერსიას. იქ ლაპარაკია ხოლმე „ნაცისტებზე“ უკრაინაში და, რომ რუსეთის არმიის მიზანია, „სპეციალური ოპერაციის“ ჩარჩოებში მიაღწიოს „დენაციფიკაციას“. ჩინეთის მედია ამ ნარატივს იყენებს, რათა ჰონკონგის ამბების საკუთარი ინტერპრეტაცია გაავრცელოს. იქ 2019-2020 წლებში საპროტესტო გამოსვლები იყო. ვითომ, ორივე, ჰონკონგისა და უკრაინის, შემთხვევაში გარედან გავლენასთან გვაქვს საქმე.
„ეს ხელოვნურად შექმნილი კავშირი შეიძლება იმით აიხსნას, რომ მოსკოვიცა და პეკინიც აშშ-ის და ნატოს წინააღმდეგ არიან განწყობილი.
საინფორმაციო ნარატივს ხშირად აქვს მიზნად, ჩირქი მოსცხოს აშშ-სა და ნატოს. ამ მიზეზით, ჰონკონგისა და უკრაინის მოვლენებში, საქმე გვაქვს, მათი აზრით, ერთსა და იმავე „აქტორებთან“, რომლებიც კონფლიქტს აღვივებენ როგორც სამხედრო გზით, ასევე საპროტესტო გამოსვლების ფორმით. პროპაგანდა მათ ისე გვაწვდის, რომ ისინი საზოგადოების შიგნით უთანხმოებად კი არ აღვიქვათ, არამედ - გარედან მცდელობად, გააჩაღონ კონფლიქტი და ვითომ ამიტომაა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს კრიტიკას და კრიტიკოსებს. ეს არის ხელოვნურად შექმნილი რეალობა და, სამწუხაროდ, საკმაოდ წარმატებულია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში“, - ამბობს კატარინა პროხაზკოვა.
ჩინეთის მედიით ამ რუსული ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის სფეროში არსებული თანამშრომლობა.
შეთანხმება დაიდო მალევე, როცა რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.
ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთის სააგენტო „სპუტნიკსა“ და ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს შორის.
„ჩინეთის მედიასაშუალებები აგრძელებენ რუსულ პოლიტიკურ პროპაგანდას Weibo-ს, Douyin-ის, YouTube-ისა და სხვა პლატფორმების საშუალებით და ქმნიან უკრაინის ნეგატიურ ხატს“, - აღნიშნავენ DTL-ის ანგარიშის ავტორები.
„ჩინეთი და რუსეთი იდეოლოგიურად ურთიერთდაკავშირებული არიან და ამიტომაა, რომ ჩინეთის მედიაში ხშირად ისმის, რომ ომი უკრაინაში ნატოს ქმედების შედეგია, რომ ალიანსს თავისი საზღვრების გაფართოება სურს. ამის გამოა, რომ ჩინეთის მოსახლეობას ძალიან დამახინჯებული წარმოდგენა აქვს იმაზე, რა ხდება უკრაინაში და რატომ დაიწყო იქ ომი“, აღნიშნავს ივანა კარასკოვა.
ამ დროს ჩინეთის ბიზნესის მოქმედება რუსეთში არ შეესაბამება იმას, რასაც ჩინეთის მედია წერს: ზოგიერთი ფირმა ტოვებს რუსეთის ბაზარს დაწესებული სანქციების გამო, ისევე, როგორც ამას აკეთებენ დასავლეთის კომპანიები.
ასევე ნახეთ პუტინი დასავლურ ყულფსა და ჩინურ მაშველ რგოლს შორისკატერინა პროხაზკოვა განმარტავს, რას უკავშირდება ეს წინააღმდეგობა:
„ჩინეთმა ლავირება დაიწყო და, როგორც ჩანს, ვერ გადაუწყვეტია, რომელი მხარე აირჩიოს“
„პეკინი ომის დასაწყისში ნეიტრალური იყო და ორივე მხარეს მოუწოდებდა სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ. და ესეც იყო ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო დღის წესრიგი - კრემლისთვის სასარგებლო ნარატივის მსგავსად, რაც ვრცელდებოდა ხოლმე ჩინეთის ოფიციალური მედიით ბოლო თვეებში. მაგრამ აქ უნდა განვასხვაოთ ცნობები, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო აუდიტორიისკენ, როცა დიპლომატები ლაპარაკობენ მშვიდობის აუცილებლობაზე და ის ცნობები, რომელიც მიეწოდება შიდა პუბლიკას. ჩვენ ვაანალიზებთ მედიას და სოციალურ ქსელებს ჩინურ ენაზე და იქ ჩანს რუსული ნარატივის ცალსახა მხარდაჭერა: რომ მოსკოვი პროვოცირებული იყო, დაეწყო ომი. დიდხანს სიტყვა „ომს“ არც კი ხმარობდნენ, „სპეცოპერაციას“ იყენებდნენ. ბევრი ასეთი კვლევა ჩატარდა. აშშ-ში შეისწავლეს 14 სახელმწიფო მედიის 5 ათასი პოსტი და ტვიტი.
შედეგად, 5 ათასი ცნობიდან, მხოლოდ 300 ეხებოდა უკრაინას და ეს გასაკვირია, რადგან ეს ახლა ყველგან მთავარი თემაა. მაგრამ თუ დაუკვირდებით, 300 ცნობიდან 140 იყო, პირობითად თუ დავარქმევთ, პრორუსული, ანუ მხარს უჭერდნენ მოვლენათა რუსულ ვერსიას. მხოლოდ 15 პოსტი იყო უკრაინის მიმართ დადებითი. ჩვენ ჩვენს შეფასებაში მხოლოდ ანალიზს არ ვეყრდნობით, არამედ, ასევე, ვითვალისწინებთ ჩინელი ცენზორების ფაქტორსაც, რომ ისინი შლიან იმ ცნობებს, რომლებიც არ ემთხვევა ჩინეთის ოფიციალურ პოზიციას“.
პროხაზკოვას თანახმად, აქ ორი ფაქტორი თამაშობს როლს:
„პირველი ისაა, რომ ჩინეთი რუსეთის ხანგრძლივი ახლო პარტნიორია. ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩინეთის ხელმძღვანელმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დადეს ე.წ. ოლიმპიური პაქტი, რომელსაც ზამთრის ოლიმპიადის წინ მოაწერეს ხელი, როცა პუტინი ჩინეთში იყო ჩასული.
საქმე ეხება რამდენიმე შეთანხმებას ურთიერთმხარდაჭერისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ. მაგრამ ეს მჭიდრო პარტნიორობა ომამდე გაფორმდა.
ახლა, როცა დასავლეთის ქვეყნებმა გამოავლინეს ერთობა უკრაინის მხარდაჭერაში, ჩინეთმა დაიწყო ლავირება და ჩანს, ვერ გადაუწყვეტია, საით წავიდეს: დარჩეს პარტნიორის ერთგული, რომელსაც პირობა მისცა და რომლის მეოხებითაც ეკონომიკური შეღავათები ნახა ომის დაწყების შემდეგ, თუ შეეცადოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებას.
კი, Huawei-მ დატოვა რუსეთის ბაზარი, მაგრამ იქ დარჩა ბევრი ჩინური ფირმა. ჩინეთი რუსეთისთვის რჩება პარტნიორად, რომლის შუამავლობითაც ყიდულობს დასავლურ საქონელს. პეკინი ამიტომ ხედავს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მისთვის ხელსაყრელია. ეს ქვეყანა ნებისმიერ ვითარებას ასე უყურებს: მან სარგებელი უნდა მოიტანოს.
მეორე მხრივ, ევროკავშირიც მნიშვნელოვანი ბაზარია ჩინეთისთვის და ურთიერთობის გაფუჭება პეკინს მასთანაც არ სურს. ამიტომაც უწევს ლავირება“, - ამბობს პროხაზკოვა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ კვირას ტელეფონით ესაუბრა სი ძინპინს.
აშშ-ის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობებს, ჩინეთს გაუუქმოს ზოგიერთი სავაჭრო გადასახადი, რომლებიც დონალდ ტრამპმა დაუწესა.
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 2018 და 2019 წლებში ტრამპმა შემოიღო შეზღუდვა აშშ-ის ბაზარზე დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ჩინური საქონლის იმპორტზე. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩინეთისთვის ლითონზე დაწესებული გადასახადი.
„დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთი ჩინურ-რუსული ალიანსის უფრო სუსტი მოთამაშე გახდება, თუ დასავლეთის სანქციები გაგრძელდება და როცა მისი გავლენა რუსეთზე აშკარა გახდება (თუ ომი გაგრძელდა, და უკვე ჩანს, რომ ის ისე მალე არ დამთავრდება, როგორც ახლახან გვეგონა)“, - თვლის ივანა კარასკოვა.
უფრო საფიქრებელია, რომ რუსეთი ჩინეთზე გახდება ძალიან დამოკიდებული და უკვე ვეღარ შეძლებს პირობების კარნახს, როგორც ეს სულ ახლახან ხდებოდა; რუსეთი ნელ-ნელა კარგავს შესაძლებლობას გაყიდოს ნავთობი და გაზი, რაღაც დროის შემდეგ უკვე ვეღარ გაიტანს ენერგომატარებლებს ევროკავშირში. თუ მოსკოვი დაკარგავს დასავლეთის ბაზარს, ერთადერთი მიმართულება, სადაც შეეძლება გაიხედოს, ეს აღმოსავლეთია. იქ კი ჩინეთი უკარნახებს თავის პირობებს, მოითხოვს შეღავათებს, თუ ჩათვლის, რომ საქონელი ძვირია. ასეთი რამ უკვე მოხდა ყირიმის ანექსიის შემდეგ: მანამდე ჩინეთს არ სურდა რუსეთის ენერგომატარებლების შესყიდვა, მაგრამ როცა რუსეთი სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, პეკინმა კრემლთან მომგებიანი შეთანხმება გააფორმა. ასეთი სცენარი საკმაოდ რეალისტურად მიმაჩნია: რუსეთი გახდება ორი ქვეყნის ალიანსის სუსტი ნაწილი. ესმის თუ არა ეს პუტინს? მგონია, რომ ჯერ არა. დღეს რუსეთში უპირატესად ანტიდასავლური, ანტიუკრაინული ხედვები ვრცელდება და მგონია, რომ არ გეგმავენ მომავალი, თუნდაც რამდენიმე წლის სცენარს“.
კიდევ რით შეიძლება დაინტერესდეს ჩინეთი რუსეთის დასუსტების შემთხვევაში?
„პეკინი ნელ-ნელა იკავებს უფრო მომგებიან პოზიციას რუსეთის სამხედრო ტექნოლოგიისა და შეიარაღების მიღებისთვის მოლაპარაკებაში“. „პეკინს ძალიან აინტერესებს რუსეთის ტექნოლოგია, განსაკუთრებით - კოსმოსური. მოსკოვი მომავალში შეიძლება ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, რომ მოუწიოს ამგვარ გარიგებას დათანხმდეს.
ჩინეთს აქვს კოსმოსური ექსპანსიის გეგმები, შარშან მისი აპარატი მარსზე დაჯდა რუსეთის კოსმოსურ პროგრამას ბევრად უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს ჩინურთან შედარებით და ჩინეთი ერთობ დაინტერესებულია, მიმდინარე კოსმოსური შეჯიბრების ნაწილი გახდეს.
საქმე ეხება სამხედრო ტექნოლოგიასაც. ამ სფეროში რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს.
როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთს ძალიან ბევრი იარაღი ჰქონდა და ჩინეთი მას ყიდულობდა 1989 წელს, ტიანანმენის მოედნის მოვლენების გამო მისთვის დაწესებული ემბარგოს პერიოდში.
ახლა პეკინი ნელ-ნელა სულ უფრო მომგებიან პოზიციას იკავებს რუსეთის სამხედრო ტექნოლოგიისა და შეიარაღების მიღებისთვის მოლაპარაკებაში: სავსებით შესაძლებელია, რომ ჩინეთმა, დახმარების სანაცვლოდ, მოსკოვს საპასუხო მხარდაჭერა სთხოვოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კონფლიქტის ან ტაივანში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი ხომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია.
შესაძლებელია, რომ პეკინს აინტერესებს ცენტრალურ აზიაში გავლენის სფეროების შეცვლა. ეს ყველაფერი ხანგრძლივი შედეგებია რუსეთის გადაწყვეტილებისა, დაეწყო ომი უკრაინაში.
ამგვარად, რუსეთმა შეიძლება ერთბაშად ორ ფრონტზე წააგოს: ევროპულსა და აზიურზე.
შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთის და ჩინეთის მჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სახიფათო კავშირია, განსაკუთრებით ამჟამინდელი ომის ვითარებაში?
ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მაგალითად, ევროპის კავშირისთვის. ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, საფრანგეთი და გარკვეულწილად გერმანიაც, ჩინეთსა და რუსეთს ერთი კატეგორიის ქვეყნებად არ მიიჩნევენ, ანუ არ თვლიან, რომ ეს ორი ავტორიტარული სახელმწიფოა. ისინი განაგრძობენ იმაზე ლაპარაკს, რომ დიახ, რუსეთი პრობლემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთიც პრობლემაა.
ამავე დროს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ვითარებას სხვაგვარად ხედავენ, რომ იქმნება ორი ავტორიტარული ქვეყნის ალიანსი და ეს შეიძლება დიდ პრობლემაში გადაიზარდოს. ეს, თავის მხრივ, მოქმედებს ევროკავშირის და ნატოს ერთიანობაზე. ამ შეფასებაზეა დამოკიდებული უკრაინის ომისადმი დამოკიდებულება.
მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ჩინეთს შეუძლია შეცვალოს თავისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მგონია, რომ ჩინეთს ამის მიზეზი არ გააჩნია. ვხედავთ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ, ფაქტობრივად, ბარიკადები აიშენა გარშემო და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უცვლელ პოზიციებზე დგას. დიდი ალბათობით, კომუნისტური პარტიის ყრილობამდე, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი, ამ თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება“, - ამბობს ივანა კარასკოვა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთსა და რუსეთს აერთიანებს საერთო ხედვა გარკვეული ტერიტორიების ისტორიულ უფლებასთან დაკავშირებით. მაგრამ აშშ-ისა და ევროკავშირის ბაზრები პეკინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული ბაზარი, თუნდაც მხოლოდ მათი ზომის გამო.
– რა თქმა უნდა, აშშ და ევროკავშირი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ჩინეთისთვის, ვიდრე რუსეთი. მაგრამ პეკინს მოსკოვთან სხვა ტიპის ურთიერთობა აქვს - ეს არის საერთო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები. მაგალითად, პაქტის ტექსტი, რომელიც უკრაინის ომის წინა დღეს გაფორმდა, ეხება „ორ დიდ ძალას“, რომელიც მსოფლიოს გაიყოფს: ჩინეთი მმართველი იქნება აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო რუსეთი - ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ეს უფრო დიდ სახელმწიფოებზე ოცნებებს ჰგავს. ხელშეკრულებაში ლაპარაკია სუვერენიტეტის ტერიტორიულ გაგებაზე, რომელიც ისტორიულ პრეტენზიებზეა აგებული: რუსეთი საუბრობს ცარისტული რუსეთის წარსულზე, ხოლო ჩინეთი საუბრობს ცინის დინასტიის პერიოდის დიდ ჩინეთზე. ეს იდეები მცდარია, თუ გავიხსენებთ მონტევიდეოს კონვენციას, რომელიც შეიქმნა 1933 წელს, ის უარყოფს სახელმწიფოების ისტორიულ პრეტენზიას. მან გავლენა მოახდინა მსოფლიოში სახელმწიფოებრიობის შემდგომ განვითარებაზე“, ამბობს კატერინა პროხაზკოვა, კარლის უნივერსიტეტის „სინოფსისის“ ცენტრის ანალიტიკოსი
(ქვეყნდება მცირე შემოკლებით)