თბილისში „პრაიდ კვირეული“ იწყება. ლგბტქ აქტივისტებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა წელსაც პრორუსული და ულტრაკონსერვატორული ჯგუფების წნეხის ქვეშ უწევთ. მათ იმედი აქვთ, რომ ისტორიული მომენტის დროს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ესწრაფვის, სახელმწიფო შეასრულებს საჯაროდ დადებულ პირობას და დაიცავს ადამიანის უფლებებს.
სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 27 ივნისს პოლიციამ გამოკითხა ულტრაკონსერვატორული ჯგუფის, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები, ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო.
„ავუხსენით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობას. ჩვენ კანონი გვაინტერესებს, მაგრამ ზნეობა უფრო მაღლა გვიყენია, ვიდრე ნებისმიერი კანონი. წინ აღვუდგებით ათიათასობით ადამიანი და ვერ გადაგვივლიან“, - უთხრა „ტვ პირველს“ კოკა მორგოშიამ გამოკითხვის შემდეგ.
„პრაიდ კვირეული“ 28 ივნისს გაიხსნება ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმით „სველი ქვიშა“.
ასევე, ჩატარდება რეგიონული ლგბტქ კონფერენცია. 30 ივნისს, თბილისს ეწვევიან ქვიარ აქტივისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან და თურქეთიდან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ და გამოწვევებზე იმსჯელებენ.
მესამე და კვირეულის უკანასკნელი ღონისძიება კი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2 ივლისს ჩატარდება და რომელზეც ორგანიზატორები 2 000-მდე სტუმრის მიღებას ელიან.
სამივე ღონისძიება დახურულია და მათ ადგილმდებარეობას უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ.
გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, როცა ქუჩაში გამოსულმა ადამიანების მასამ ორგანიზებულად იძალადა მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბრობენ საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.
„Tbilisi Pride ვერ გაგახარებთ …. საქართველოში …. ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებთ, ვერსად და ვერასდროს“, - დაწერა კოკა მორგოშიამ 31 მაისს და დაამატა: „ღირსების მარშს რომ ვერ ატარებთ თქვენივე ნებით, ეგ გასაგებია… ეგ ისედაც ცხადი იყო. 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით არ გექნებოდათ მაგის სურვილი“, - დაწერა მან.
გამოკითხვის შემდეგ მედიასთან საუბარში კოკა მორგოშიამ შერბილებული რიტორიკით თქვა, რომ დახურულ სივრცეში „შევარდნას“ არ აპირებს.
„შევიკრიბებით ძალიან ბევრნი და თუ ვინმეს ამბიცია გაუჩნდება, რომ ქალაქის ქუჩებში ეკლესია-მონასტრებთან უნდა ჩამოიარონ და რაღაცა ფერად-ფერადი ფეიერვერკებით გაიარ-გამოიარონ, ჩვენ ამას წინ აღვუდგებით“, - თქვა მან.
მობილიზაციაზე ისაუბრა ჯგუფის კიდევ ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ და თქვა, რომ „არანაირი შანსი არ ჰქონდეთ“ პრაიდის ჩატარების.
„პრაიდ-ფესტივალის“ წინააღმდეგ რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად „ალტ-ინფო“ დონაციებსაც ითხოვს.
Your browser doesn’t support HTML5
„პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციას გეგმავს კიდევ ერთი ჰომოფობიური ჯგუფი, მამა-შვილი გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები და მათი თანამოაზრეები. ისინი აპირებენ ფესტივალის ტერიტორიამდე მისასვლელი გზა წინა ღამით დაიკავონ და ადამიანებს იქ შესვლაში ხელი შეუშალონ.
ულტრაკონსერვატორების განცხადებებს უფლებადამცველები მუქარად აღიქვამენ და მათი ავტორების დაკავებას მოითხოვენ.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შარშანდელი 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილება და სრული ძალისხმევა მიმართოს, რათა დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების ყველა შესაძლო ქმედება.
ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით სავარაუდო მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიება „ჩაატაროს ეფექტიანად“ და უზრუნველყოს „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება.
მარიამ კვარაცხელია, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ულტრაკონსერვატორებმა შარშან მუქარა სისრულეში მოიყვანეს, წელს გაკეთებული განცხადებები კი აჩენს მათი დაკავების სამართლებრივ საფუძველს:
„შარშან იმავე ჯგუფის და მისი ლიდერების მიერ მოხდა ძალადობა, სამართლებრივად მათ მიერ წელს გაკეთებული მუქარები შეიძლება შეფასდეს როგორც პირდაპირი და რეალური საფრთხის შემცველი“.
კვარაცხელია განმარტავს, რომ საჯარო მანიფესტაციაზე უარი აქტივისტებმა იმიტომ თქვეს, რომ ერთი წლის მანძილზე არც ხელისუფლების მიდგომა, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი არ შეცვლილა. მეტიც, პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია უწოდა შარშანდელ „ღირსების მარშს“ და მის ორგანიზატორადაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაცხადა.
„ვითომ ეს ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი შეტაკებები“, - თქვა ღარიბაშვილმა 22 ივნისს.
პრემიერმა უარყო ძალადობის ორგანიზება და ისე, რომ სიტყვა „ძალადობაც“ არ იხმარა, „რაც მოხდა“, მხოლოდ „ცალკეული ინდივიდების“ პასუხისმგებლობად შერაცხა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯაროდ აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და მოუწოდებს „პრაიდ კვირეულის“ მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი.
„შსს მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, - წერია უწყების განცხადებაში.
მარიამ კვარაცხელიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალკვირიანი მოლაპარაკების ფარგლებში, უწყებამ დაადასტურა უსაფრთხოების გარანტიები დახურულ კარს მიღმა, თუმცა მათი საჯარო პოზიციონირებაც მნიშვნელოვანი განაცხადია.
„პრაიდ კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარება იქნება მნიშვნელოვანი განაცხადი ევროკავშირისთვის და ევროპისთვის, რომ ჩვენ, საქართველოში ვიცავთ ადამიანის უფლებებს, პატივს ვცემთ უმცირესობებს, ვართ მრავალფეროვანი და ტოლერანტული საზოგადოება და შეგვიძლია მშვიდობიანი თანაცხოვრება. ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა აბსოლუტურად ყველასთვის - ლგბტ თემისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული საზოგადოება“, - ამბობს კვარაცხელია.