„ვერ დაელაპარაკები, ვინც შენს ხალხს კლავს, შენს ქვეყანას ანგრევს“ - ინტერვიუ სვიატოსლავ ვაკარჩუკთან

Your browser doesn’t support HTML5

26 ივნისს ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე ცნობილი უკრაინული როკბენდის, „ოკეან ელზისა“ და მისი ვოკალისტის, სვიატოსლავ (სლავა) ვაკარჩუკის კონცერტი იყო მათი პირველი გამოჩენა მრავალათასიანი მსმენელის წინაშე მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ომის დაწყებიდან ოთხ თვეში, სწორედ თბილისში გამოსვლით, ჯგუფმა დაიწყო ევროპული ტურნე, რომლითაც ისინი უკრაინას, მის ჯარს დაეხმარებიან.

სვიატოსლავ ვაკარჩუკი ბევრ ქვეყანაში იმღერებს და რაც მთავარია, ილაპარაკებს იმაზე, თუ რა ხდება მის ქვეყანაში, რა სჭირდება დღეს უკრაინას და სიტყვებით და მუსიკით მოუყვება მსოფლიოს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე - ზუსტად ისე, როგორც ეს თბილისში გააკეთა.

„ვერ დაელაპარაკები მას, ვინც შენც ხალხს კლავს და შენს ქვეყანას ანგრევს. ლაპარაკი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც რუსეთი ბრძოლას შეწყვეტს და ჯარებს გაიყვანს“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

თბილისში, ვაკარჩუკმა „ოკეან ელზის“ თითქმის ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა - მათ შორის, ომის პერიოდში დაწერილი ის ერთადერთი სიმღერაც, რომელიც მან მარიუპოლის მცველებს მიუძღვნა.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც კონცერტის წინ ჩავწერეთ, მან ილაპარაკა ომზე, მუსიკაზე, შიშზე, ბრძოლაზე, უკრაინის მომავალზე და კიდევ ბევრ რამეზე, რისთვისაც დრო გვეყო.