რას ცვლის საგარეო ვალებზე რუსეთის დეფოლტი?

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი, პირველად 1918 წლის შემდეგ, ვერ ისტუმრებს საგარეო ვალს და, შესაბამისად, იმყოფება დეფოლტის მდგომარეობაში, რადგან მოსკოვმა სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელ მფლობელებს დათქმულ ვადაში (27 ივნისამდე) ვერ გადაუხადა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი. სულ, ობლიგაციების სახით, რუსეთის ფედერაციის ვალი 40 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც ბევრად ნაკლებია რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვებზე (640 მლრდ აშშ დოლარი), თუმცა რეზერვების უმეტესი ნაწილი (60%), რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ ინახება, დღეისათვის გაყინულია უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში.

  • დეფოლტი - ჩვეულებრივი თუ ტექნიკური?
  • როგორ მივიდა რუსეთი დეფოლტამდე
  • დეფოლტის გავლენა რუსეთის მოქალაქეების ყოფაზე
  • დეფოლტი 1998 და 1918 წლებში

დეფოლტი (default) ნიშნავს აღებული ვალის ვერ ან არდაბრუნებას. არსებობს ორნაირი სახის დეფოლტი: ჩვეულებრივი და ტექნიკური.

ჩვეულებრივი დეფოლტი გულისხმობს მოვალის გაბანკროტებას (გაკოტრებას), როცა მას უბრალოდ არ აქვს ფული, რომ გადაიხადოს ვალები. თუ საუბარია კერძო პირზე და სესხის არდაფარვაზე, მაშინ საფინანსო ინსტიტუტებმა შესაძლოა სცადონ უძრავი და სხვა ქონების ჩამორთმევა, რომელიც წარმოადგენს ვალის გირაოს. იმ შემთხვევაში, თუ დეფოლტს აცხადებს კომპანია ან საწარმო, მაშინ სასამართლო ნიშნავს მმართველს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს კომპანიის რეორგანიზაციის ან გაყიდვის საკითხი, რათა შემოსული თანხა მოხმარდეს ვალების დაფარვას.

შედარებით რთული პროცედურაა სახელმწიფოს გაკოტრების გამოცხადება. შესაბამისად, იმ ქვეყნის საქმე, რომელმაც დეფოლტი გამოაცხადა, განიხილება საერთაშორისო სასამართლოების მიერ.

ტექნიკურია დეფოლტი, როდესაც მოვალეს აქვს ვალის გადახდის შესაძლებლობა, მაგრამ შეგნებულად არღვევს გადახდის ვადებს ან პირობებს. ტექნიკური დეფოლტის მიზეზი შეიძლება იყოს მოვალის უარი ხელშეკრულების რომელიმე პირობის (პროცენტის ან სესხის ოდენობის) შესრულებაზე. ამ შემთხვევაში მხარეებმა ან უნდა მოილაპარაკონ, ან სასამართლოში უნდა იდავონ, გამოცხადდეს თუ არა მოვალე ბანკროტად.

რა სახისაა 2022 წლის დეფოლტი

რუსეთმა თავისი ვალდებულებების ნაწილი პირველად ჯერ კიდევ 27 მაისს ვერ გაისტუმრა. მოსკოვს ვალის გადასახდელად მიეცა ზუსტად ერთთვიანი ვადა, რომელიც 27 ივნისს ამოიწურა.

რუსეთის მთავრობა ერთი თვის წინაც აცხადებდა და ახლაც იმეორებს, რომ ვალის გასტუმრება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა კრედიტორებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მოსკოვის მიერ შეთავაზებული სქემა, რომელიც ვალების რუსული რუბლით დაფარვას გულისხმობს.

რუსეთს ევრობონდების გადასახდელებთან დაკავშირებით პირველი პრობლემები სავალუტო რეზერვების გაყინვის შემდეგ შეექმნა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება მაინც განაგრძობდა ვალის უცხოურ ვალუტაში გადახდას. მოგვიანებით, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ლიცენზია, რომელიც რუსეთისგან სახელმწიფო ვალის გადასახდელების მიღების უფლებას იძლეოდა. პასუხად მოსკოვმა გამოაცხადა, რომ ანგარიშსწორებას რუბლებში განახორციელებდა, რისთვისაც რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 22 ივნისს გამოსცა სპეციალური განკარგულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ვალდებულებები ევროობლიგაციებთან დაკავშირებით შესრულებულად ჩაითვლება, თუკი ანგარიშსწორება რუბლებში მოხდება.

ვლადიმირ პუტინი

როგორც პუტინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთი გადაიხდის რუსულ ვალუტას, რომელიც „ეკვივალენტური იქნება ვალდებულებების ღირებულებისა უცხოურ ვალუტაში“ და დაიანგარიშება გადახდის დღეს რუსეთის ცენტრალური ბანკის კურსით.

მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო სააგენტოებმა არაერთხელ გააფრთხილეს რუსეთი, რომ ასეთი სქემა მიუღებელი იყო მათთვის და აუცილებლად მიიყვანდა რუსეთს დეფოლტამდე, კრემლმა არაფერი შეცვალა. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ ანგარიშსწორების რუბლებში გადაყვანა ვერ გამოიწვევდა რუსეთის დეფოლტს, რადგან, მინისტრის სიტყვებით, რუსეთმა სრულად დაფარა მიმდინარე ვალდებულებები 12,5 მილიარდი რუბლის სახით, რაც რუსეთის ცენტრალური ბანკის კურსით, დაახლოებით, 235 მილიონი აშშ დოლარია. შესაბამისად, რუსეთი ამტკიცებს, რომ არანაირი დეფოლტი არ არსებობს და, როგორც რუსეთის სათათბიროს ზედა პალატის ვიცე-სპიკერი, კონსტანტინ კოსაჩევი ამბობს, „ეს არის არა რუსეთის დეფოლტი, არამედ საერთაშორისო ფინანსური სისტემის მიერ ორგანიზებული ხელოვნური კოლაფსი“.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და ვ. პუტინი

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვიც დარწმუნებულია, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა შეგნებულად შექმნეს „ხელოვნური წინააღმდეგობა რუსეთის სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის, რათა რუსეთისთვის დეფოლტის იარლიყი მიეკერებინათ“.

რა იცვლება არსებითად?

ფორმალურად დეფოლტი ცხადდება, თუკი ობლიგაციების მფლობელთა 25% იტყვის, რომ ვერ მიიღო კუთვნილი თანხა. როგორც კი ეს მოხდება, ობლიგაციების ყველა მფლობელს ავტომატურად ეძლევა უფლება, ასევე მიმართოს სასამართლოს ობლიგაციების განაღდების მოთხოვნით.

ნორმალურ ვითარებაში ინვესტორები და მთავრობა, რომელიც ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, როგორც წესი, პრობლემას მოლაპარაკების გზით აგვარებენ ხოლმე. ამ დროს შესაძლებელია ობლიგაციების მფლობელებისთვის, კომპენსაციის სახით, ახალი, შედარებით იაფი ობლიგაციების გადაცემა, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში, სანქციების გამო შეუძლებელია რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან საქმის დაჭერა.

რუსული ოქრო

ცხადია, თეორიულად, რუსეთის ოქროსა და ვალუტის მარაგები, რომლებიც უცხოეთის ბანკებშია გაყინული (360 მლრდ $), სავსებით საკმარისია ობლიგაციების მფლობელთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა, როგორც სახელმწიფო ვალის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი იურისტი, ჯეი აუსლენდერი ამბობს, მოვლენების ამგვარი განვითარების ალბათობა ძალიან დაბალია. ამერიკელი იურისტის თქმით, თუკი ევრობონდების მფლობელები რუსეთის მთავრობას ამერიკის სასამართლოებში უჩივლებენ, მაღალი ალბათობით, მართლმსაჯულება მათ მხარეს დაიჭერს, თუმცა, ამის მიუხედავად, რეალური თანხის, გადასახდელების მიღება მაინც ძალიან რთული იქნება, რადგან, იურისტის თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასავლეთისა და მოსკოვის პოლიტიკურ ურთიერთობამდე დადის.

„ომი უნდა დასრულდეს და დასრულდეს ისე, რომ რუსეთმა რაღაც სახის ნორმალურობის ფარგლებში მაინც შეძლოს ფუნქციონირება მსოფლიო ბაზრებზე. ვიდრე ეს არ მოხდება, ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ვინმემ რამე სახის თანხა მიიღოს დეფოლტის შემთხვევაში“, - განაცხადა ჯეი აუსლენდერმა.

„ძალიან იშვიათი ვითარებაა, როდესაც სხვა მთავრობა აიძულებს ქვეყანას დეფოლტის გამოცხადებას მაშინ, როცა სხვა ვითარებაში მას ექნებოდა გადახდისთვის საჭირო სახსრები”, - განუცხადა Bloomberg-ს ჰასან მალიკმა, Loomis Sayles & Company LP-ის უფროსმა ანალიტიკოსმა სახელმწიფო ვალების სფეროში.

დეფოლტი რუსეთის მოქალაქეებისთვის

დეფოლტის ნებისმიერი ვარიანტი უკიდურესად უარყოფით შედეგებს იწვევს ქვეყნის ეკონომიკისთვის. გლობალური გაგებით, ამ დროს სახელმწიფო მთლიანად მოკლებულია ინვესტიციებს, კარგავს უცხოელ პარტნიორებს. რიგითი რუსებისთვის, სრულმა ან ნაწილობრივმა დეფოლტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი შედეგები:

  • საგრძნობი და უკონტროლო ინფლაცია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ფასების ზრდა ყველა სახის საქონელსა და მომსახურებაზე
  • სახელმწიფოს უარი ხელფასების, პენსიების, სოციალური შეღავათების გაზრდაზე
  • ანაზღაურების დაგვიანება სახელმწიფო მოხელეებისთვის, პენსიონერებისთვის, შემწეობის მიმღებებისთვის
  • ყველა სახის სესხის განაკვეთების მკვეთრი და განუხრელი ზრდა
  • საქონლის მიწოდების შეფერხებები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც შეინარჩუნეს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან
  • მნიშვნელოვანი შეზღუდვები უცხოური ვალუტით ოპერაციებზე

რუსეთის მოსახლეობის 14,3% (20,9 მლნ ადამიანი) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება

დეფოლტის შემთხვევაში, ქვეყანას არ შეუძლია ინვესტიციების მიღება უცხოეთიდან. თუ რომელიმე ქვეყანა დათანხმდება ფულის სესხებაზე, რუსეთს მოუწევს გაზრდილი საპროცენტო ვალდებულებების აღება, რაც აუცილებლად აისახება ბიუჯეტში სოციალური ხარჯების შემცირებაზე ყველა მიმართულებით.

თუმცა, იმის გამო, რომ სანქციებმა თითქმის სრულ იზოლაციაში მოაქციეს რუსეთი და მისი ეკონომიკა, სააგენტო Bloomber-ი „დეფოლტს“ უწოდებს სიმბოლურს რუსეთის ეკონომიკისა და რუსებისათვის, რომლებსაც „ისედაც ორნიშნა ინფლაცია და ყველაზე უარესი ეკონომიკური ვარდნა აქვთ ბოლო წლების განმავლობაში“.

„ეს არის პირქუში ნიშანი რუსეთის სწრაფი გარიყვისა ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით”, - მიაჩნიათ სააგენტოში.

რუსეთის ძველი დეფოლტები

რუსეთის ეკონომიკა მსგავს მძიმე მდგომარეობაში პირველად არ ჩავარდნილა. შედარებით ახლო წარსულში რუსეთის მთავრობამ ერთგვარი დეფოლტი გამოაცხადა 1998 წელსაც, როდესაც ჩამოიქცა სახელმწიფო მოკლევადიანი ობლიგაციების პირამიდა. დეფოლტის ზღვარზე იყო საბჭოთა კავშირიც 1985 წელს. მაშინ ნავთობის ფასების ვარდნამ და საგარეო ვალის არნახულმა ზრდამ სსრკ-ს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო და, რომ არა საკუთრივ სსრკ-ს დაშლა, დეფოლტის გამოცხადება გარდაუვალი იქნებოდა. ნამდვილ, სრულმასშტაბიან დეფოლტს ადგილი ჰქონდა 1918 წელს, როცა ბოლშევიკებმა უარი თქვეს მეფის რუსეთის ვალების გასტუმრებასა და მომსახურებაზე.

ვ. პუტინი და ყ. ელცინი. 1998 წლის კრიზისის ფონზე ვლადიმირ პუტინი ინიშნება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსად

რუსეთის ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა აკრძალეს როგორც საფონდო ბირჟები, ასევე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ყველა საბანკო აქცია ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ წარდგენას სახელმწიფო ბანკის ადგილობრივ ფილიალებში. მესაკუთრეები, რომლებიც თავიანთ აქციებს დადგენილ ვადაში არ მიაწოდებდნენ, ქონების კონფისკაციით ისჯებოდნენ. აკრძალული იყო საბანკო აქციების გადაცემის ყველა ფორმა. დამნაშავეებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ვალი 60 მილიარდ რუბლს აღწევდა, საბჭოთა მთავრობას არ შეეძლო ამ თანხის კრედიტორებისთვის გადახდა. ამიტომ ბოლშევიკებმა უარი თქვეს ვალების აღიარებაზე. 1918 წლის 21 იანვარს სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დადგენილებაც კი გამოსცა „სახელმწიფო სესხების ანულირების შესახებ“.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ახალი მთავრობისთვის, ყველა ვალი და ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა წინა მთავრობას, გაუქმდა. გამონაკლისი არ იქნა დაშვებული უცხოელი ინვესტორებისთვის, მხოლოდ შიდაკრედიტორებს, ძირითადად ღარიბ მოქალაქეებს დაჰპირდნენ კომპენსაციას არაუმეტეს 10 ათასი რუბლის ოდენობით. ღარიბი იყო თუ არა ადამიანი, ადგენდნენ სპეციალური კომისიები, რომლებსაც მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოები ქმნიდნენ.

ვლადიმირ ლენინი - რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოა თავმჯდომარე. 1921 წ.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა მთავრობამ შეწყვიტა ვაჭრობა და გააუქმა ყველა შიდა და გარე ვალები, ცარისტული მთავრობის საგარანტიო ვალდებულებები, უცხო სახელმწიფოებმა განაგრძეს ფასიანი ქაღალდების ყიდვა იმ იმედით, რომ ბოლშევიკების ძალაუფლება დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მაგრამ ისინი ცდებოდნენ. იმავდროულად, რუსეთმა განიცადა ყველაზე დიდი დეფოლტი მსოფლიო ისტორიაში.

1917 წელს რუსეთს ფრანგი ინვესტორების 5 მილიარდი „ოქროს“ ფრანკი ემართა. მხოლოდ 1990-იანი წლების შუა ხანებში დათანხმდა რუსეთის მთავრობა ამ ვალიდან 400 მილიონი დოლარის გადახდას, რაც დარიცხული პროცენტების გათვალისწინებით, თავდაპირველი ვალის მეასედზე ნაკლები იყო. საფრანგეთის მთავრობამ მხოლოდ ამის შემდეგ მისცა უფლება თავის მოქალაქეებს, შეეძინათ რუსული ევროობლიგაციები.