პარტია „ლელო" საერთო სახალხო მოძრაობის, „შინ ევროპისკენ" მოთხოვნებთან შეერთების შემდეგ, ასახელებს თარიღს, 3 ივლისს, რომლის შემდეგაც, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ ნაბიჯებს გეგმავს.
„ლელო" მიმართავს „ქართულ ოცნებას", "ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად", დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად.
პარტიის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება" უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, „ლელო" მიიჩნევს: „ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება".
პარტია აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველომ დაკარგა შანსი, მიეღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, ევროკავშირმა ქართველ ხალხს უთხრა, რომ ხელისუფლების მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპის კარი ღია რჩება. როგორც პარტია აღნიშნავს, დღეს საქართველოს ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ 6 თვეში, როდესაც ევროპული საბჭო დაუბრუნდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას და დაადგეს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად გზას.
განცხადების თანახმად, თუ დღეს საზოგადოება და პოლიტიკური კლასი, ვერ იპოვიან გამოსავალს შექმნილი კრიზისიდან, საქართველომ კიდევ ერთხელ და შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი.
„ლელოს" მიაჩნია, რომ ევროპული მომავლის დასაცავად, პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს: ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების პრინციპების დაუყოვნებლივ განსაზღვრა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ამის შემდეგ კი, სამოქმედო გეგმის დასახვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად და საგზაო რუკის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
ახალმა სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის მთავრობა - შოთა დიღმელაშვილის განმარტებაამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.
3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.