მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“, მთავარი მოთხოვნა: გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა

თბილისი, რუსთაველის გამზირი, აქცია „შინ ევროპისკენ"

თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, ახალი სახალხო მოძრაობის, „შინ ევროპისკენ", წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა საზოგადოებას მთავარი მოთხოვნები გააცნო. ესენია: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც შეასრულებს თორმეტივე პუნქტს, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნებშია.

„ჩვენ წარმოგიდგენთ მოთხოვნას, ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა, პირობა, ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!

ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც თორმეტივე პუნქტს შეასრულებს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებშია, ზამთარი სანამ მოვა“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ.

„ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას“, - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის მთავრობა - შოთა დიღმელაშვილის განმარტება

სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, ქართველი ხალხის ნება არის ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც არ ემთხვევა „ოლიგარქის ნებას“. ამიტომ, როგორც მან თქვა, „დეოლიგარქიზაცია“ არის მთავარი საკითხი, რის გარეშეც ვერ მოხერხდება ევროინტეგრაცია და საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.