ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "ყველაზე დამაჯერებელ სცენარს" უწოდებს MH17-ის ჩამოგდებას რუსული რაკეტით

ფოტო არქივიდან: "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ნამსხვრევები დონეცკის მახლობლად. 2014 წელი, 17 ივლისი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) "ყველაზე დამაჯერებელი სცენარი" უწოდა იმას, რომ ბოინგი MH17 უკრაინის თავზე რუსული "ბუკის" კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი.

ასამბლეამ ერთხმად მიიღო შესაბამისი რეზოლუცია. "შოკირებულნი ვართ რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით ავიაკატასტროფის შესახებ", რამაც დაზარალებულთა ნათესავებსა და მეგობრებს 'ტკივილი და ტანჯვა' მიაყენა", - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

"იმის ნაცვლად, რომ საგამოძიებო ორგანოებს სანდო ინფორმაცია მიეწოდებინათ, რუსეთის ხელისუფლება ავრცელებდა დეზინფორმაციას, მათ შორის მოვლენების ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს, რომელთა მიზანი გამოძიების განზრახ დაბნევა იყო. როგორც არაერთ ანგარიშში გამოქვეყნებული ღია წყაროების სადაზვერვო მონაცემები ცხადყოფენ, რუსეთის ხელისუფლება იმდენად შორს წავიდა, რომ სიმართლის დამალვის მიზნით ფალსიფიცირებული სარადარო, სატელიტური და სხვა მონაცემები წარმოადგინა", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ "სრულიად უარყო" ვერსიები, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი რეისი უკრაინულმა Su-25-მა ან MiG-29-ის გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს, ან რომ Boeing MH17-ს უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლი "ბუკი"-ს რაკეტა მოხვდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულთა ნათესავებს.

„მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილმა „ბოინგმა“ (რეისი MH-17), რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა რეისს, 2014 წლის 17 ივლისს განიცადა ავარია დონეცკის ოლქში. მასში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ავიაკატასტროფასთან კავშირს.