კონკრეტულად მან თქვა: „როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. [...] გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი“.
რამდენად შესაძლებელია, ევროპაში ინტეგრაციისთვის „გეოგრაფიული ფაქტორი” ხელის შემშლელი იყოს ნებისმიერი ქვეყნისთვის და კონკრეტულად, საქართველოსთვის?
ამ საკითხზე რადიო თავისუფლება 3 ექსპერტს, „ფონდ ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს, პოლიტოლოგ გია ნოდიას და ილიას უნივერსიტეტის პროფესორს ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა.
- ვის შეუძლია გახდეს ევროპის ნაწილი?
- საქართველო ევროპული ქვეყანაა?
- რატომ აღმოსავლეთ ევროპის და არა კავკასიის ნაწილი?
- რა არის „ასოცირების ტრიო“ და როგორ აქცია მან საქართველო ევროპის ნაწილად?
- როდის გაასწრეს მოლდოვამ და უკრაინამ საქართველოს?
- საქართველო, გეოგრაფია და ევროპა - „ქართული ოცნება“ ერთადერთია, ვინც ეს კავშირი ახსენა?
- თუკი წინაღობებს გეოგრაფია არ ქმნის, მაშ, რაშია საქმე?
ვის შეუძლია გახდეს ევროპის ნაწილი?
ევროკავშირის ხელშეკრულების (ბლოკის ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი საფუძვლის) 49-ე მუხლი ამბობს: „ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს მე-2 მუხლში ჩამოთვლილ ფასეულობებს, შეუძლია მიმართოს გაწევრიანებისთვის [...]“.
თავად ხელშეკრულების მე-2 მუხლი იმ ფასეულობების ჩამონათვალია, რომელსაც ეყრდნობა ევროკავშირი და რომელიც უნდა გაიზიაროს იმ ევროპულმა ქვეყანამ, რომელსაც კავშირში სურს გაწევრიანება:
„ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ღირებულებები, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. ეს ღირებულებები საერთოა წევრი სახელმწიფოების საზოგადოებისთვის, სადაც ჭარბობს პლურალიზმი, არადისკრიმინაცია, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის“.
საქართველო ევროპული ქვეყანაა?
დიახ, ევროკავშირი საქართველოს ხედავს და აღიარებს, როგორც ევროპულ ქვეყანას. ეს დადასტურებულია არაერთი შეთანხმებით, დეკლარაციით თუ საჯარო განცხადებებით.
მათ შორის, 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, რომელშიც წერია, რომ საქართველო აღმოსავლეთევროპული ქვეყანაა.
- ამ შეთანხმებაში მითითებულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცნობენ „საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს“;
- [მხარეები] აღიარებენ, „რომ ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა – ასევე წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს“;
- მხარეები აღიარებენ, „რომ საქართველო, აღმოსავლეთევროპული ქვეყანა, ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ ღირებულებებით და ხელი შეუწყოს მათ დამკვიდრებას“.
რატომ აღმოსავლეთ ევროპის და არა კავკასიის ნაწილი?
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ საქართველომ დიდი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ მოახერხა და დაანგრია აღქმა, რომ ის კავკასიის ნაწილია. კავკასიის, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ შექმნილი რეგიონია, მისი პოლიტიკური გავლენის სფერო.
„საქართველოს წინა მთავრობა, ჩვენი, დღევანდელი მთავრობის მიერ შეძულებული “ნაცები” და კიდევ უფრო იქით, შევარდნაძის მთავრობა, ცდილობდა, რომ საქართველო ამოეღო სამხრეთ კავკასიის ტრიოდან და გადაედო შავი ზღვის სამეულში, უკრაინა-მოლდოვასთან ერთად. რატომ ხდებოდა ეს? ეს ხდებოდა მარტივი მიზეზის გამო. აზერბაიჯანს არანაირი მიზეზი არ აქვს ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა, სომხეთს აქვს თავისი მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ივანიშვილმა 2013 წელს საქართველოსთვის მისაბაძად გამოაცხადა…
დღეს საქართველოს აღიქვამენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად, ისევე როგორც უკრაინას ან მოლდოვას, რაც სამართლიანია. ჩვენ ვეკუთვნით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს. ისევ უკან გადმოსროლა და ჩაბეტონება კავკასიაში ნიშნავს იმას, რომ მიგვაბამენ ისევ რუსების მიერ წარმოდგენილ გეოგრაფიას, რუსულ იმპერიალისტურ გეოგრაფიას და დაგვტოვებენ არა აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ, ახალი, ამ რაღაც რკინის ფარდის უკან.
ამას ისტორიული შეცდომაც არ უნდა დაერქვას, ესაა კატასტროფა. 1801 წლიდან ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, როგორც ცალკეული, დემოკრატიული, დაწინაურებული, გათანამედროვებული ქვეყნისთვის, ყველას, ვინც იბრძოდა და შეეწირა ამ უბედურებას, მონსტრს, გამოვა, რომ აჯობა [ბიძინა] ივანიშვილმა, რომელსაც აქვს თავისი მერკანტილური ინტერესი“.
რა არის „ასოცირების ტრიო“ და კიდევ უფრო როგორ აქცია მან საქართველო ევროპის ნაწილად?
„ასოცირების ტრიომ“, რომელიც 2021 წლის მაისში გაფორმდა, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთთან დააკავშირა.ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მემორანდუმით დათქვეს, რომ ამ სამი ქვეყნის ერთობის საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აერთიანებენ ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის განსავითარებლად და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ჩვენი სამი სახელმწიფო ერთად უფრო ძლიერია“, - წერდა ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.ევროკავშირის გაფართოების ისტორიიდან გამომდინარე, მისი ინტერესი, ძირითადად, რეგიონების მიმართ იყო, ვიდრე კონკრეტული ქვეყნის (მაგალითად: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები).
„ფონდ ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დარჩეს ტრიოში და არ დაბრუნდეს სამეზობლოში, სადაც არცერთი ქვეყანა არ გეგმავს ევროპაში ინტეგრაციას.
„საქართველო ცდილობდა გაჰქცეოდა ამ [კავკასიის] რეგიონს და დაჰკავშირებოდა, იგივე უკრაინასა და მოლდოვას. დღეს თუ უკრაინა და მოლდოვა ჩვენზე წინ წავა და თუ ჩვენსა და მათ შორის მანძილი გაფართოვდება, დიდი რისკია, ჩავრჩეთ ამ რეგიონში, სადაც თითქმის არაა სურვილი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“, - ამბობს იგი.
როდის გაასწრეს მოლდოვამ და უკრაინამ საქართველოს?
ტრიოს დანარჩენი წევრებისგან საქართველოს გამოყოფაზე დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 ივნისს, ევროკომისიამ მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოს სტატუსამდე 12 პირობის შესრულება დაავალა.
ევროკომისიამ, ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.
საქართველო, გეოგრაფია და ევროპა - „ქართული ოცნება“ ერთადერთია, ვინც ეს კავშირი ახსენა?
არა. კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარი.
15 ივნისს, მოლდოვაში პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკრაინისა და მოლდოვისგან გამიჯნა და აქცენტი მის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე გააკეთა. საქართველო მაკრონმა სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად ახსენა: „თუ კარგად დააკვირდებით, ისინი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად დღეს არ არიან ანალოგიურ ვითარებაში, როგორც უკრაინა და მოლდოვა“, - თქვა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას „არასწორს“ უწოდებს „ფონდ ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და იმის დასტურად, რომ საქართველო „ევროპულ ქვეყნად“ დიდი ხანია აღიარებულია, სამი არგუმენტი მოჰყავს:
- „საფრანგეთის პარლამენტს რატიფიცირებული აქვს ასოცირების შეთანხმება, რომელიც ევროკავშირმა გააფორმა და მასში წერია, რომ საქართველო არის აღმოსავლეთევროპული სახელმწიფო;
- მეორე - დიდი ალბათობით, მაკრონი მხარს დაუჭერს ევროკომისიის 17 ივნისის ჩანაწერს, სადაც წერია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია;
- მესამე - 2011 წლის ოქტომბერში თბილისში ჩამოსული იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა: „მე, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ თქვენი ქვეყანა თავისი კულტურით, განვითარებითა და განსაკუთრებით, თავისი ფასეულობებით, ევროპულია. გულწრფელად გეტყვით, როცა თბილისში ვარ, თავი ევროპაში მგონია და არა სხვაგან სადმე.
ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტ მაკრონის განცხადება აზრს კარგავს“, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
„მაკრონს ნამდვილად არ უგულისხმია ის, რა აზრსაც ამაში დებენ კობახიძეები, პაპუაშვილები და [ბიძინა] ივანიშვილის მომსახურე პერსონალი. სხვა შემთხვევაში, საქართველო არ იქნებოდა ამ უკრაინა-მოლდოვის ტრიადაში ჩასმული. ჩვენ დღესაც იქ ვართ. ისინი გვეუბნებიან, რომ კი, გაქვთ ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ის, რაც თქვენ ხელს გიშლით, ესაა ივანიშვილის მიერ აშენებული მახინჯი რეჟიმი“, - თქვა ზაალ ანდრონიკაშვილმა.
თუკი წინაღობებს გეოგრაფია არ ქმნის, მაშ, რაშია საქმე?
„მმართველი გუნდის არგუმენტი არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, ევროკავშირის მოთხოვნების გადასაფარად“, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი“.
ვანო ჩხიკვაძის თქმით, ამით „ქართულ ოცნებას“ სურს, გაამართლოს ევროკომისიის გადაწყვეტილება, რაც ემთხვევა რუსულ ინტერესებს.
„შეიძლება, ყველაფერი შეცვალო, მაგრამ ვერ შეცვლი გეოგრაფიას. ეს დიდწილად ეხმიანება ზუსტად იმ ნარატივს, რომელიც გვესმის მოსკოვიდან, რომ ეს არაა ის ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ესაა რუსეთის “ახლო საზღვარგარეთი”.
როგორც ის განმარტავს, ევროკომისიამ ბოლო ჩანაწერით აღიარა, რომ „საქართველო ევროპული სახელმწიფოა“, გეოგრაფიული ფაქტორის შემთხვევაში კი, ევროკავშირთან ურთიერთობები ამ დონეზე ვერ ავიდოდა.
„ძალიან მარტივი პასუხია: გეოგრაფიულ მდებარეობას ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ასეა რამდენიმე მიზეზის გამო, ევროკომისიის დოკუმენტში ვხედავთ ჩანაწერს, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა.
ევროკავშირი და ევროკომისია ყველაფერს უყურებს პოლიტიკური გადმოსახედიდან, რაშიც შედის მართლმსაჯულება, დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უმცირესობათა უფლებების დაცვა. თუკი შევხედავთ ჩვენ ამ 12 რეკომენდაციას, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა, ზუსტად ეს იგულისხმება ამ მოთხოვნებში“, - ამბობს ის.
პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს გამიჯვნა ასოცირების ტრიოდან გეოგრაფიას გადააბრალოს და პასუხისმგებლობა აირიდოს.
„ზოგადად, გეოგრაფიული ფაქტორი, ცხადია, არსებობს, მაგრამ იმ რეკომენდაციებში ეს არანაირად არ ჩანს და ლოგიკური არაა ამაზე საუბარი.
როდესაც ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა მოლდოვასა და უკრაინას, მან ამავე დროს რეკომენდაცია მისცა ევროპის საბჭოს იმაზეც, რომ ევროპული პერსპექტივა მიეცა საქართველოსთვის. თუ გეოგრაფიული ფაქტორია, მაშინ ასეც არ უნდა მომხდარიყო“.
23 ივნისს, ევროკომისიის სხდომაზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე გაავრცელა.
მან საქართველოს შესახებ ცალკე ტვიტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა და დაწერა: „ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“.