ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გარდა, უკრაინამ 20 ივნისს ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანების „სამი ზღვის ინიციატივის“(სზი) მონაწილე-პარტნიორის სტატუსი მიიღო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რიგის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა გაერთიანების ლიდერებს და ამ ინიციატივაში უკრაინისათვის სპეციალური სტატუსის მიღების იდეა წამოაყენა.
„ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი გახდებოდა გაერთიანების რეალიზება. მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეძლებენ ჩვენი ქვეყნები თავიანთი პოტენციალის რეალიზებას... ჩემი მეორე წინადადება იმაში მდგომარეობს, რომ გაძლიერდეს „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობის განმარტება“, - მიმართა ვიდეოხიდის საშუალებით რიგის სამიტის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც მათ შორის თანამშრომლობის უსაფრთხოების ელემენტის გაძლიერება ჰქონდა მხედველობაში.
„უკრაინისთვის იარაღისა და საწვავის მიწოდება, უკრაინული პროდუქციის ექსპორტისთვის „მწვანე დერეფნები“, ხალხთა მიგრაცია - ეს ყველაფერი ამ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიების გავლით ხორციელდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდომიმართვაში.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინისთვის, რომელსაც რუსეთის მხრიდან მის ტერიტორიაზე დაწყებული მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები საზღვაო ბლოკადით ემუქრება, ასეთი სცენარის შემთხვევაში, „სამი ზღვის ინიციატივამ“ შეიძლება „მაშველი რგოლის“ როლი შეასრულოს.
„იმიტომ, რომ ის საზღვაო არხები და მარშრუტები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო უკრაინისათვის სავაჭრო-ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისით, დღეს ჩაკეტილია რუსეთის მიერ. და თავისთავად ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ახალი გზის შეთავაზება უკრაინისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
მკაფიო და გასაგები ამბიცია
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 6 წლისაა, პოლონეთისა და ხორვატიის ინიციატივით 2016 წელს, დუბროვნიკის სამიტზე დაფუძნებულ „სამი ზღვის ინიციატივას“, ანალიტიკოსების აზრით, სრულიად გასაგები და მკაფიო ამბიცია აქვს.
ევროკავშირის 12 წევრისგან შემდგარი გაერთიანების ძირითადი მიმართულებები, რომელიც ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და ეკონომიკის ციფრულ სფეროს მოიცავს, ბუქარესტის 2018 წლის სამიტზე დამტკიცდა.
„ამ გაერთიანების ჩანაფიქრი იყო ეკონომიკის განვითარება ევროპის იმ ნაწილში, სადაც ეკონომიკა ყველაზე მცირედ არის განვითარებული. შესაბამისად, თავიდანვე ხაზგასმული იყო ორი ფაქტორი: უსაფრთხოების პრინციპები უნდა ყოფილიყო მაღალი და, რაკი მასში ევროკავშირის ქვეყნებიც არიან ჩართული, უნდა ჰქონოდათ საერთო ფასეულობები. ამიტომ სამი ზღვის ინიციატივის წინა, სოფიის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ეკონომიკური კავშირები დამყარდება მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც იქნებიან დემოკრატიულები და საერთო ხედვები აქვთ საგარეო პოლიტიკაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კოკი იონათამიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო - სამი ზღვის ინიციატივის“ თავმჯდომარემ.
„სამი ზღვის ინიციატივის“ წევრები არიან:
- ავსტრია
- ბულგარეთი
- უნგრეთი
- ლატვია
- ლიეტუვა
- ესტონეთი
- პოლონეთი
- რუმინეთი
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- ხორვატია
- ჩეხეთი
ეს ქვეყნები მოიცავს 1,21 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობს (ევროკავშირის ტერიტორიის 29%), სადაც 112 მილიონი ადამიანი (ევროკავშირის მოსახლეობის 25%) ცხოვრობს. ხოლო „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირის მთლიანი მშპ-ს 19%-ს შეადგენს.
სზი-ს პერსპექტივა - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო
„სამი ზღვის ინიციატივის“ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი განეკუთვნება ბალტიისა და ადრიატიკის სარკინიგზო დერეფანი; ავტომაგისტრალი Via Baltica, რომელიც პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის გავლით ერთმანეთთან აკავშირებს პრაღასა და ჰელსინკის; გათხევადებული ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, პოლონეთსა და ხორვატიაში მდებარე ტერმინალები და სხვა.
„სამი ზღვის ინიციატივა“ ძირითადად მოიცავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, სადაც ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება იყო მთავარი პრობლემა. სწორედ იქ გადიოდა „ცივი ომის“ ხაზი და ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობდა საბჭოთა კავშირს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად განეხორციელებინა სამხედრო მანევრიც. შესაბამისად, ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მაინცდამაინც, არავინ ზრუნავდა. მაგრამ ევროკავშირის შექმნამ ეს მოცემულობა შეცვალა“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.
„სამი ზღვის ინიციატივით“ აშშ-ის დაინტერესება განსაკუთრებით გაძლიერდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს. 2017 წლის 6 ივლისს, ვარშავაში ვიზიტისას, დონალდ ტრამპი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს, სწორედ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის ფარგლებში შეხვდა.
2019 წელს პოლონურმა და რუმინულმა ბანკებმა შექმნეს „სამი ზღვის ინიციატივის“ საინვესტიციო ფონდი, რომელმაც უნდა განავითაროს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის ობიექტები რეგიონში. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან განვითარების ბანკების წარმომადგენლები პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან და ჩეხეთიდან.
ხოლო 2020 წლის თებერვალში აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ გეგმავს 1 მილიარდ დოლარამდე თანხის გამოყოფას კერძო სექტორში, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში.
პოლონეთი, როგორც გაერთიანების ერთ-ერთი ინიციატორი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრებში. ვარშავის ასეთი პროაქტიულობის გამო დასავლეთის მედია იმასაც კი წერდა, რომ ვარშავა „სამი ზღვის ინიციატივას“ ევროკავშირში გერმანია-საფრანგეთის დომინანტური მდგომარეობის საპირწონედ განიხილავსო.
ასევე ნახეთ
დონალდ ტრამპი და „სამი ზღვის ინიციატივა“სწორედ პოლონეთი იყო ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი იმისა, რომ უკრაინას ამ ორგანიზაციის მონაწილე-პარტნიორის სტატუსი მიეღო.
რიგის 20 ივნისის სამიტზე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხაზგასმით განაცხადა, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში ასეთი პარტნიორობა განკუთვნილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ კი აღნიშნა, რომ სზი-ს პროექტი შეუძლებელია უკრაინის მონაწილეობის გარეშეო. თუმცა, უკრაინაში ამბობენ, რომ კიევმა დააგვიანა „სამი ზღვის ინიციატივასთან“ დაახლოება.
„უკრაინამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, სტარტზე შეერთებოდა „სამი ზღვის ინიციატივას“, მაგრამ ახლა საომარი მდგომარეობის წყალობით, ამ გაერთიანებაში შემავალმა სახელმწიფოებმა უკრაინა თანამშრომლობისთვის მიიწვიეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პირველ ყოვლისა ენერგეტიკული სისტემებისთვის. მაგალითად, უკრაინის გაზ-სატრანსპორტო სისტემისთვის, ვინაიდან „სამი ზღვის ინიციატივა“ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით და აშშ დაინტერესებულია „სამი ზღვის ინიციატივის“ განვითარებით, როგორც ამერიკული გათხევადებული გაზის მიმღები ქვეყნების გაერთიანებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
გარდა ამისა, „სამი ზღვის ინიციატივის“ პარტნიორობა უკრაინას აძლევს პერსპექტივას, დაიმკვიდროს ადგილი ევროპის ბაზარზე, სრულიად თქვას უარი რუსეთის ფედერაციასთან ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ კავშირებზე.
„ახალა რა გადაწყვეტილებაც რიგაში მიიღეს, როდესაც უკრაინას ფაქტობრივად მიანიჭეს არაწევრი-პარტნიორის სტატუსი, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მათ შორის ექნება წვდომა იმ ფინანსებსა და კონკრეტულ საგზაო, სარკინიგზო, ციფრული ტექნოლოგიების და ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში ვითარდება“, - ამბობს კოკი იონათამიშვილი.
ის დარწმუნებულია, რომ სურვილისა და აქტიურობის შემთხვევაში, უკრაინასთან ერთად „სამი ზღვის ინიციატივაში“ გაწევრიანების პერსპექტივა აქვთ ასევე საქართველოსა და მოლდოვას.
„და განსაკუთრებით საქართველოს, რადგან ჩვენ რეგიონში ზღვით პირდაპირ ვესაზღვრებით „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრ რამდენიმე სახელმწიფოს. მაგრამ დამოკიდებული იქნება შიდა რეფორმებზე და ხელისუფლების მზაობაზე. თუ საქართველოს ექნება მზაობა, სურვილი და ნება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პარტნიორული პროექტი, როგორიც „სამი ზღვის ინიციატივაა“, კარს საქართველოსაც გაუღებს“, - ამბობს კოკი იონათამიშვილი.
საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ იჩენს ჯეროვან დაინტერესებას „სამი ზღვის ინიციატივით“. კოკი იონათამიშვილის თქმით, რიგაში გამართულ სზი-ს სამიტში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მონაწილეობდა.