სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წერილობით მიმართა და მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაიყვანონ წნორის "ხანდაზმულთა სავანე ბეთელი"-დან ოცდაერთივე ხანდაზმული ისეთ დაწესებულებაში, სადაც მათ ცხოვრების ღირსეული პირობები ექნებათ. ეს მოთხოვნა უწყებას17 ივნისს გაეგზავნა, თუმცა ჯერ არ დაკმაყოფილებულა. მიმართვამდე სახალხო დამცველის აპარატმა „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ გეგმური მონიტორინგი ჩაატარა.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მონიტორინგის შედეგები, წესით ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში უნდა ასახულიყო, თუმცა „არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, გადაწყვიტეს ინფორმაცია ახლავე გაესაჯაროებინათ, იმისთვის, რომ მდგომარეობა დაუყოვნებლივ გამოსწორდეს“.
წიკლაურის თანახმად, განსაკუთრებული პრობლემაა ანტისანიტარია, კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, მონიტორინგის დროს მთელ შენობაში იდგა გაუსაძლისი მძაფრი სუნი, ყურადღება არ ექცეოდა ბენეფიციარების ჰიგიენას და უმეტესობას დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა. „მსგავსი მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში არცერთ მოხუცთა თავშესაფარში არ გვინახავსო", - ამბობს წიკლაური.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა:
- ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან
- დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს
- ხანდაზმულებს არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია
- ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა
- არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა
- შესამჩნევია, ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს.
ომბუდსმენის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. სველ წერტილებში კი ზოგჯერ წყალი არ მოდის.
დაწესებულებას არ გააჩნია წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს საკვების კვებითი ღირებულების შეფასება.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თქმით, პერსონალს არ აქვს გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის საჭირო ტრენინგები. დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება.
„მონიტორინგის დროს სამედიცინო დოკუმენტაციაც მოსაწესრიგებელი იყო. მაგალითად, თითქმის ყველა მოხუცს კორონავირუსი ორჯერ აქვს გადატანილი და ისტორიებში ეს არ არის ასახული. სათანადო არ არის მომვლელების კვალიფიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ მოხუცები სხვადასხვა ინტელექტუალურ და ფიზიკურ აქტივობებში იყვნენ ჩართული, თუმცა გამოიკვეთა რომ ასეთი აქტივობები დიდი ხანია არ ჰქონიათ. ეს არის პრობლემა“, - თქვა წიკლაურმა.
წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ რადიო თავისუფლება ესაუბრა, როგორც ადმინისტრაციას, ასევე, რამდენიმე მოხუცს. კაცი, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს უთხრა, რომ მიმდინარე წელს არ დაუბანია, ინფორმაცია ჩვენთანაც დაადასტურა, თუმცა მეტის თქმა არ ისურვა.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელი გოგო რომ იყო მოსული, იმას ვუთხარი, წლეულს რომ ამ მიბანავია. მერე საყვედურიც მითხრეს, ასე რატომ თქვიო“ - გვითხრა ხანდაზმულმა კაცმა.
წნორის მოხუცთა თავშესაფრის ადმინისტრაციამ ხანდაზმულებთან გასაუბრების ნებართვა მოგვცა, თუმცა იმ პირობით რომ საუბარს თავადაც დაესწრებოდნენ. ამ პირობებში 84 წლის ქალმა გვითხრა, რომ თავშესაფარში კარგი პირობებია და პრეტენზია არავის მიმართ არ აქვს.
„ჩემს ოჯახს აქაურობა მირჩევნია. ოთხი წელია, აქ ვარ და მინახავენ, როგორც საკუთარ და-ძმას. სუფთად ვარ. როცა მინდა შევდივარ აბაზანაში და გამაბანებენ ხოლმე“.
წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ ხელმძღვანელი ილია დემეტრაშვილი სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ერთადერთი პრობლემა, რომელიც პერიოდულად აქვთ, წყალმომარაგებაა. ის არ პასუხობს შეკითხვებს, რატომ ვერ მოხერხდა 6 თვის განმავლობაში ერთ-ერთი მოხუცის დაბანა? რატომ არ აქვთ წინასწარ გაწერილი გეგმა, რა სახის საკვები უნდა მიიღონ მოხუცებმა? რატომ არის მოსაწესრიგებელი სამედიცინო ისტორიები? რატომ არ არსებობს მოხუცთა აქტივობებისთვის შემუშავებული პროგრამა?
„არ ვეთანხმები იმაში [სახალხო დამცველის აპარატს], რომ თითქოს აქ ანტისანიტარიაა და ჩვენ მოხუცებს ვჩაგრავთ. მე არ დავსწრებივარ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და ჩვენი მოხუცების საუბარს. ზუსტად მაშინ მყავდა მოყვანილი ხელოსანი, რომელიც წყლის ავზს აკეთებდა. წყალი როცა არ მოდის, აქ სუნი დგება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დემეტრაშვილმა.
წნორის ხანდაზმულთა სახლის 21 ბენეფიციარიდან 17-ის მომსახურებას „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“ აფინანსებს. 2 პირს მუნიციპალიტეტი და ორი თვითდაფინანსებაზეა. ხანდაზმულთა სახლში გვითხრეს, რომ თითო მათგანზე დღეში 25 ლარი იხარჯება.
სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ პირველ რიგში სახელმწიფოა პასუხისმგებელი ხანდაზმულთა საცხოვრებელი მდგომარეობის მონიტორინგზე და მათთვის სერვისის მიმწოდებლის მხრივ სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.
23 ივნისს წნორის ხანდაზმულთა სახლში მივიდა სააგენტოს წარმომადგენელი ზაზა ხუხუნეიშვილი. თქვა, რომ ბოლოს ეს დაწესებულება 2019-2020 წლებში შეამოწმეს და მსგავსი პრობლემები არ გამოვლენილა. მან არ უპასუხა შეკითხვას, შეასრულებენ თუ არა სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნას და გადაიყვანენ თუ არა ხანდაზმულებს, სხვა შენობაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც. ჩვენ მათ ვკითხეთ:
- ბოლოს როდის ჩაატარა მონიტორინგი თქვენმა უწყებამ წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ და რა მდგომარეობა იყო?
- პრობლემები რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი?
- სახალხო დამცველის აპარატი თქვენი უწყებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს ბენეფიციართა გაყვანა ისეთ ადგილზე სადაც, „მათ ღირსეული პირობები ექნებათ“. მოხდება თუ არა ამ მოთხოვნის შესრულება და როდის?
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან მოგვწერეს:
„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს.
ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით..."
სახალხო დამცველის აპარატმა კახეთში სხვა მოხუცთა თავშესაფრებიც შეამოწმა. როგორც უწყებაში ამბობენ, თითოეულ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია ნინო ლომჯარიას წლიურ ანგარიშში აისახება.