უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ გრძელდება სამხედრო ოპერაცია კუნძულ ზმეინიზე მყოფი რუსი სამხედროების წინააღმდეგ. სარდლობის მიერ 22 ივნისს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის არმიის სამხედროებმა დარტყმა მიაყენეს რუსული ძალების კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, „პანცირ“-ს.
21 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა იუწყებოდა, რომ ზმეინიზე დარტყმა მიაყენეს რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, რადიოლოკაციურ სადგურს და საავტომობილო ტექნიკას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კუნძულზე შეტევა დაადასტურა, თუმცა, განაცხადა, რომ ყველა დარტყმა მოგერიებულია. ამერიკული კომპანიის Maxar Technologies მიერ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ზმეინიზე დანგრეული ობიექტები.
ასევე ნახეთ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა რუსულ გემზე დარტყმის შესახებ იუწყებაუკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა 22 ივნისს, ღამით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ზმეინის გათავისუფლებამდე გაგრძელდება. ბუდანოვის ინფორმაციით, კუნძულზე იმყოფებიან რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დაჯგუფება, რომელსაც აქვს რეაქტიული საარტილერიო სისტემები.
რუსეთის სამხედრო ძალებმა შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი, რომელიც ოდესის ოლქში შედის, უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს.