პრემიერის გზავნილს საქართველოსთვის დამაზიანებელსა და რუსეთის ინტერესების შესაბამისს უწოდებენ ექსპერტები თუ პოლიტიკოსები.
პრემიერის სადავო გზავნილმა განსაკუთრებით მიიქცია ყურადღება იმ ფონზე, როცა საქართველოს მისწრაფება გამოწვევის წინაშე დადგა ევროკავშირის მიმართულებით და კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხების გამო, საქართველოში პროტესტს ღიად გამოხატავს ათობით ათასი ადამიანი, რომელიც 20 ივნისის აქციას შეუერთდა.
ნატოსთან და რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებული შეკითხვები პრემიერ-მინისტრს დეპუტატებმა, 22 ივნისს, პარლამენტის სხდომაზეც დაუსვეს.
- რა გზავნილები აქვს საქართველოს ხელისუფლებას ნატოს სამიტის წინ და ვინ არის მათი ადრესატი?
- რატომ არის დამაზიანებელი პრემიერის გზავნილები ნატოსთან დაკავშირებით?
კატარშიც და პარლამენტშიც
ირაკლი ღარიბაშვილმა, დასმული შეკითხვების საპასუხოდ, 22 ივნისს, წლიური ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის სხდომაზეც გაიმეორა მანამდე კატარში გახმაურებული პოზიცია, რომ - რუსეთთან კონფლიქტისა და "მიმდინარე ოკუპაციის" პირობებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი.
„რუსეთმა განათავსა 2 ბაზა აფხაზეთში და ოსეთში, ცხინვალის რეგიონში... რუსეთის მხრიდან მოხდა, რა თქმა უნდა, უკანონოდ აღიარება ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიების... ამან საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში პროცესი, რომელიც უკავშირდება ნატოში ინტეგრაციას - ამ ეტაპზე, ამ მოცემულ მომენტში...
ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ, რა თქმა უნდა, ერთიანი ძლიერი საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი... და რა ვერ გაიგეთ ჩემს ნათქვამში?! მე ვთქვი, რომ პრობლემაა, ბარიერი ნამდვილად არის [ოკუპაცია - რთ] - ეს ჩვენს ევროპელ და ნატოელ მეგობრებს პირადად უთქვამთ, რომ ვერ გახდება ქვეყანა ნატოს წევრი... სანამ გაქვთ კონფლიქტი, მიმდინარე ოკუპაცია და ეს კონფლიქტი რუსეთთან...“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ და იქვე დააზუსტა, რომ "ეს ბარიერი" წინა ხელისუფლებამ შექმნა.
„რუსულ დეზინფორმაციულ სტილში გაკეთებული განცხადება“, - ასე შეაფასა „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრის მიერ კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაკეთებული განცხადება და 22 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვა შეკითხვები - არის თუ არა ეს ნატოზე უარის თქმა, რა გზავნილებით მიდის პრემიერი ნატოს „ისტორიულ სამიტზე“ და რა გეგმა აქვს მმართველ გუნდს რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად?
პასუხების მოსმენის შემდეგ, დეპუტატმა აქუბარდიამ პრემიერს უპასუხა, რომ "საშინლად იმედგაცრუებული" დარჩა და მოსთხოვა, დაეზუსტებინა - მის პოზიციაზეა თუ არა საქართველოს მთელი მთავრობა.
„ნატოს წევრობა არ არის მიბმული არც 2008 წლის აგვისტოს ომზე და არც თქვენს განაცხადზე ... 1992 წლიდან გვაქვს ჩვენ ომი რუსეთთან და ეს ომი უნდა მოვიგოთ ნატოში წევრობით“, - აცხადებს აქუბარდია.
22 ივნისს, პრემიერმა თქვა, რომ ნატოს გენერალური მდივნის მიწვევით გაემგზავრება ესპანეთში, ივნისის ბოლოსთვის დაგეგმილ მადრიდის სამიტზე.
ნატოს სამიტისთვის გამიზნული გზავნილებითა და მოლოდინებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც დაინტერსდა.
პრემიერ-მინისტრის პასუხიდან ირკვევა, რომ საქართველო არ აპირებს რაიმეს მოთხოვნას, ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით.
„[სამიტზე - რთ] ჩვენ ველით იმას, რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენს ჯარს აქვს, ჩვენს ქვეყანას აქვს სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ზოგადად - თავსებადობის თვალსაზრისით... ჩვენი ქვეყანა დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ჯარი იყოს უკეთ მომზადებული, რომ ნატოსთან თავსებადობა გაიზარდოს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები, გავატაროთ სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც გასატარებელი იყო, განვახორციელეთ ჯარში და ასე შემდეგ... ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ, ოფიციალურ განცხადებებსა თუ დოკუმენტებში, გაწევრებისა და ოკუპაციის საკითხები არასოდეს დაუკავშირებია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
მათთვის ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც კარგად იცნობს ალიანსის შიდა სამზარეულოს, სავსებით რეალისტურად მიიჩნევს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, გარკვეული დათქმით, ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორის გათვალისწინებითაც.
წინადადება გულისხმობდა ნატოს წესდების მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება - ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის) გავრცელების დროებით შეჩერებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის.
რა იკითხება პრემიერის გზავნილებში?
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები განსაკუთრებით დამაზიანებელია ნატოს სამიტის წინ, როცა საქართველოს მაქსიმალური აქტიურობა ჰმართებს და, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში ამ ეტაპზე კონსენსუსი არ არის, საქართველო სამოქმედო გეგმასაც (MAP) მაინც აუცილებლად უნდა ითხოვდეს.
„იმისთვის, რომ ნატომ მოინდომოს, სურვილი და ძალისხმევა პირველ რიგში გაწევრიანების მსურველი ქვეყნიდან უნდა მოდიოდეს. პაპზე მეტი კათოლიკეები ხომ ვერ გახდებიან ჩვენი მხარდამჭერები?! MAP-ს უნდა ვითხოვდეთ სულ, წინა სამიტზეც უნდა მოგვეთხოვა და ახლაც უნდა ვითხოვდეთ...
თუ ჩვენ არ მოვითხოვეთ, ნატოს დღის წესრიგში ამ საკითხს ვერავინ გაააქტუალურებს. თუ უკრაინასთან ერთად ვიაქტიურებთ, ტანდემში, კიდევ უფრო მეტი შანსი გაჩნდება...
ვფიქრობ, უფრო და უფრო უკეთესად ჩანს, რომ ხდება [საქართველოს - რთ] პროდასავლური კურსიდან გადახვევა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მუჩაიძე. ის ასევე ფიქრობს, რომ „არსებობს სერიოზული გავლენები რუსეთიდან, ასეთი პოლიტიკის გასატარებლად“.
ასევე ნახეთ ბლინკენის თქმით, უკრაინაში რუსეთის მოქმედება არასოდეს ყოფილა "სიცოცხლის დაცვა"
პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის ინტერესების შესატყვისი უწოდეს რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრების“ სტუმრებმა.
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა, დიპლომატმა, ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის მთავარი პრინციპი გაიხსენა - არავინ უნდა აჰყვეს რუსეთის მიერ დაწესებულ თამაშის წესებს.
„ტერიტორიების ოკუპაცია, სიტუაციის მუდმივი დესტაბილიზაცია - რუსეთი ცდილობს ამ გზით დაანახოს დანარჩენ მსოფლიოს, ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ ქვეყნებში [უკრაინა, საქართველო - რთ] არასტაბილურობაა და ამიტომ თქვენ ამ ქვეყნებთან საქმე არ უნდა დაიჭიროთო...
ჩვენ, ქართველი დიპლომატები, საზღვარგარეთ როცა ვსაუბრობთ, ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ამ თამაშში არ უნდა შეჰყვნენ რუსეთს... ვეუბნებით, თუ თქვენ ამ თამაშში შეჰყვებით რუსებს და გაიზიარებთ მიდგომას, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, თქვენ შემდეგ ნაბიჯს არ გადადგამთ ნატოში და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის თვალსაზრისით, გამოვა, რომ რუსეთი იმარჯვებს“, - ამბობს გიგიაძე "დილის საუბრების" ეთერში.
ასევე მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან მოსმენილი განცხადებები ნიშნავს "რუსეთის თამაშის წახალისებას, რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმას" და "ეს აზიანებს ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს“.
„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევრის, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის შეფასებით, პრემიერმა „მავნებლური განცხადება“ გააკეთა და „ეს არის გზავნილი რუსეთისთვის - ნუ ნერვიულობთ, ჩვენ არაფერს ვაჩქარებთ, არაფერი ცუდის გასაკეთებლად მადრიდში [ნატოს სამიტზე - რთ] არ მივდივართო“.
გვარს არ აკონკრეტებს, მაგრამ, პეტრიაშვილის თქმით, „ერთმა დასავლელმა კოლეგამ“ საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატებს დიდი ხანია აღარ სმენიათ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნები „ნატოში გაწევრიანებასთან და MAP-თან დაკავშირებით“.
ნატოს ლიდერების სამიტი, მადრიდში, 28-30 ივნისს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს დაამტკიცებენ.
სამიტს ისტორიულს იმის გამოც უწოდებენ, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიით, რომელიც სამიტზე უნდა განიხილონ, რუსეთის სტატუსი შეიცვლება და ის ალიანსისთვის პარტნიორის ნაცვლად, საფრთხედ იქნება იდენტიფიცირებული.