შარშან ორი ქანდაკება იდგა, წელს კიდევ ორი დაემატა. სულ 17 უნდა იყოს. ბრინჯაოში ჩამოსხმული მებრძოლების ქანდაკებები შინდისში სათითაოდ ჩააქვთ.
იქ, სადაც 2008 წელს შინდისის გმირები დაიღუპნენ, ნუგზარ ჭავჭავაძის პორტრეტული მონუმენტი უნდა დაიდგას. ერთმანეთის მხარში და მხრებზე მდგომმა მებრძოლებმა ხორუმი უნდა მოგაგონოთ, რომელიც ერთიანობის სიმბოლოს შექმნის.
ორს პლუს ორი 17 არ არის
შინდისის მემორიალის შესასვლელთან ახმეტა მხვდება. ახმეტა, იგივე ბადრი ხუციშვილი, ტერიტორიას უვლის, ასუფთავებს, ყურადღებას აქცევს. 2008 წლის 11 აგვისტოსაც აქ იყო, როცა ბრძოლის ველიდან დაჭრილები და დაღუპულები გამოჰყავდა. ინტერვიუზე უარს მეუბნება.
ვიდრე ამ ბიჭების მონუმენტს აქ დადგმულს არ ვნახავ, ხმის ამომღები არა ვარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მოქანდაკეს თავდაცვის ბიჭები ეხმარებიან და დღედაღამ მუშაობენ. ქანდაკებები სათითაოდ ჩამოაქვთ, რომ გზაში რომ არ დაუზიანდეთო. ოღონდ ამ ბიჭების ძეგლს ვეღირსო, ოღონდ დადგან და მერე არც ინტერვიუზე დაგზარდებიო, მეუბნება.
იქვე მოწყობილი მარმარილოს ძველი მემორიალიდან (ქვებზე გამოსახული პორტრეტები ზოგს სასაფლაოს აგონებს) გამხმარ ყვავილებს იღებს და მემშვიდობება.
დემონტაჟს გადარჩენილი მონუმენტი
2021 წლის 11 აგვისტოს შინდისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ, დაუმთავრებელი მემორიალის წინ ჭირისუფლებს და იქ შეკრებილებს ახალი მონუმენტის იდეა გააცნეს და თქვეს, რომ ძველის დემონტაჟს მალე დაიწყებდნენ.
არქიტექტორმა ირაკლი ჟვანიამ ახალი პროექტის გამოსახულებით ბანერებიც ჩაიტანა. ცისკენ ამართული თეთრი სვეტის ფონზე, კიბეებზე შინდისის გმირები ჩამოდიან.
Your browser doesn’t support HTML5
„...ჩვენ უკვე გვაქვს ახალი პროექტი, კონცეფცია, ყველა ოჯახის წევრთან შევათანხმეთ... და საერთო აზრი არის, რომ მოგვწონს ყველას ეს კონცეფცია. მომავალ წელს ჩვენ ვიხილავთ აქ აღმართულ მემორიალს“, - თქვა შინდისში ჩასულმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მაგრამ ახალი პროექტიც ფურცელზე დარჩა. ჟვანიას პროექტი გვერდზე გადადეს და ისევ ნუგზარ ჭავჭავაძის პროექტს დაუბრუნდნენ.
ასევე ნახეთ გმირების დაუდგმელი მონუმენტი შინდისშითაღლითობა თუ არასაკმარისი თანხა?
შინდისის გმირების მემორიალის მშენებლობისთვის შექმნილ სპეციალურ ფონდში 2011 წელს უკვე 1 160 000 ლარი იყო ჩარიცხული. აქედან 930 ათასი ლარი თავდაცვის სამინისტრომ გამოყო, კიდევ 230 ათასი ლარი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებმა და ფიზიკურმა პირებმა.
მემორიალის მშენებლობა ფონდის შექმნისთანავე დაიწყო, მაგრამ ვეღარ დასრულდა. ათი წლის შემდეგაც კი, შინდისში ანსამბლის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იდგა. 2 მერძოლის დაუსრულებელი ქანდაკება.
თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ „შინდისის გმირების მემორიალის ფონდის“ თანამშრომლების შესაძლო თაღლითობის დასადგენად გამოძიება გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და გაფლანგვისთვის დგება.
თავდაცვის სამინისტროდან რადიო თავისუფლებას წერილობით აცნობეს, რომ მემორიალის მშენებლობაზე პასუხისმგებელ ფონდთან სამართლებრივი ურთიერთობა არ აქვთ და ამ მიზეზით, სასამართლოში ვერ უჩივიან. სწორედ ამის გამო გადაწყდა, რომ არქიტექტორი ნუგზარ ჭავჭავაძე საქმეს ჩამოსცილდებოდა. მისი ქანდაკებების უკვე დადგმული ფრაგმენტები დაიშლებოდა და შინდისში ახალ მონუმენტს ირაკლი ჟვანია დადგამდა.
მაგრამ ვითარება ისევ შეიცვალა. დაღუპულთა ნათესავებს ახალი პროექტი არ მოეწონათ და ჭავჭავაძის იდეის დასრულება მოითხოვეს. თავდაცვის სამინისტროში გვიდასტურებენ, რომ სწორედ ამიტომ დაუბრუნდნენ ძველი პროექტის იდეას.
„ბიჭების ოჯახების წევრებს, მშობლებს, როგორც ჩანს, ის ახალი მონუმენტი (ირაკლი ჟვანიას მონუმენტის პროექტი - რ.თ.) არ მოეწონათ და შარშან, შინდისში როცა წარადგინეს, იქვე ეს არ თქვეს... თავდაცვის სამინისტრომ დაგვიდო ყველას პირობა, რომ წელს დასრულდება ამ მონუმენტის დადგმა. გამოძიების შესახებაც ვიკითხეთ და გვიპასუხეს, რომ ისევ მიმდინარეობს გამოძიება და თუ რამე დანაშაული გამოიკვეთება, ყველა დაისჯება, მაგრამ მე როგორც ვიცი, მაგას (ჭავჭავაძეს) თანხებთან არ ექნება კავშირი, თანხებზე ისიც გავიგეთ, რომ მას არა აქვს რაიმე გარღვევა. უბრალოდ თავიდან ვერ გათვალა, რა თანხა დასჭირდებოდა, მართლა არარეალურ თანხას ამბობდა თავიდან და სხვებმაც თქვეს, რომ ამ ფულით ერთ მონუმენტსაც ვერ ჩამოასხამდა. ახლა ყველანაირი მასალით იქნება უზრუნველყოფილი. აუცილებელი პირობა დადეს, რომ აგვისტოში მონუმენტი უკვე დადგმული იქნება. ჭირისუფლებსაც მუდამ კონტროლზე გვაქვს ეს საქმე. თავდაცვის სამინისტროშიც ჩავედით და ყველამ ხელი მოვაწერეთ იმაზე, რომ თანახმა ვართ, ამ მონუმენტზე მუშაობა გაგრძელდეს“, - გვეუბნება ეროვნული გმირის, ალეკო ონიანის და, ელენე ონიანი.
ასევე ნახეთ შინდისის გმირების უკვდავსაყოფად ახალი მონუმენტი დაიდგმებათავდაცვის სამინისტროს მონიტორინგი
შინდისის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, ირაკლი ჯანელიძის მამას, ვაჟა ჯანელიძეს სჯერა, რომ მონუმენტის საქმე წელს აუცილებლად ბოლომდე მივა.
„რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე მოქანდაკეს, მეუბნება, რომ მუშაობა დღედაღამ მიდისო, სამი-ოთხი მონუმენტი უკვე ჩამოსხმულიაო. აგვისტოში უნდა დავდგაო - იძახის. გამოძიების შესახებ არ ვიცი, რა ხდება. თავდაცვის სამინისტრომ მასალები მისცა არქიტექტორს და მონიტორინგსაც სამინისტრო უწევს. ქუთაისიდან მე მაგას ვერ გავაკონტროლებ. სამინისტროს აქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ეს უნდა გაკეთდეს“.
პროექტის ავტორი ნუგზარ ჭავჭავაძე გვეუბნება, რომ ახლა სახელოსნოში მიდის მთავარი სამუშაო და ივლისიდან უკვე შინდისში გადაინაცვლებენ.
„თავდაცვის სამინისტრო მიდგას გვერდში, ძალიან სერიოზულად. ყველაფერი გვაქვს და დროში უნდა ჩავეტიოთ და აგვისტომდე უკვე უნდა დაიდგას. ახლა სახელოსნოში მიდის ძირითადი სამუშაოები. ავჭალაში გვაქვს სახელოსნო და სათითაო ქანდაკება ჩაგვაქვს შინდისში“.
აღძრულ სისხლის სამართლის საქმესა და შარშან დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას, ამბობს, რომ "თავის დროზე ყველაფერი გაირკვა":
„უკაცრავად, რა თანხებზეა საუბარი, ჭორის დონეზეა ყველაფერი. მაგ თემის სიღრმეებში ჩასვლის არანაირი სურვილი არ მაქვს. თავის დროზე ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ახლა ყველანაირი მხარდაჭერა მაქვს. ასეთი მხარდაჭერა რომ ყოფილიყო წლების განმავლობაში, აქამდე ეს ძეგლი დიდი ხნის დადგმული იქნებოდა. პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის მინისტრის დამსახურებაა, რომ ეს საქმე ბოლომდე მიგვყავს. მშობლების და ჭირისუფლების გარეშე ერთ ნაბიჯს არ ვდგამთ. მე რომ მკითხოთ, ამ ბიჭებს ყველა ქალაქსა და სოფელში ეკუთვნით ძეგლები“.
შინდისის გმირების ისტორია
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
13 წელია, ყოველ 11 აგვისტოს დაღუპულთა ოჯახის წევრები სოფელ შინდისში იკრიბებიან. 13 წელია ისინი მემორიალის მოწყობას მოითხოვენ. მე-14 წელს იმედი გაჩნდა, რომ შინდისში, ხორუმის ცეკვის მსგავსი, გმირების პორტრეტული მონუმენტი ამ წლის 11 აგვისტოს მაინც გაიხსნება.