აკუნა, ნუ არტისტობ... ხაბეიშვილო, შე საცოდავო... ეს წასაყვანია საავადმყოფოში - პრემიერი ოპოზიციას

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკებს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტრიბუნიდან ცინიკური ფრაზებით ეხმაურებოდა.

განსაკუთრებული დაძაბულობა მოჰყვა პრემიერის გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც ის უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ საუბრობდა:

„დღეს რა ნამუსით გველაპარაკებით, სანქციებს რატომ არ უერთდებითო. მე მინდა მათ [ოპოზიციას] ყველაფერი შევახსენო, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, უნდა მოითმინონ და მოისმინონ ბოლომდე მათი დანაშაულებები. დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს რატომ არ შეუერთდითო. რატომ არ დავუწესეთ ეკონომიკური სანქციები ხალხს. ეს ხომ ამას ნიშნავს, ფაქტობრივად. მე მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს: ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი. არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში ჩვენ არ გვინახავს. პირიქით, მათ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერეს ხელი. რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდეს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები“.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას, დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ხმაური მოჰყვა, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ასე გამოეხმაურა:

„ნუ ყვირიხარ, კაცო, აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, წყნარად იყავი. ათეულობით ენერგეტიკული ობიექტი მიყიდეთ და კარგად იცით“...

„აუ, ეს წასაყვანია საავადმყოფოში... ამის შემდეგ, ცალმხრივად თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა, დაუწესა უვიზო რეჟიმი მოქალაქეებს... და პირადად მივიდა ეს მანიაკი, მასხარა კაცი, სააკაშვილი, საზღვარზე და პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ომის შემდეგ. დღეს ესენი მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, რუსეთს კი არა, საკუთარ თავს, მეგობრებო“...

„ხაბეიშვილო, შენ და ყველანი, თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას სააკაშვილის ლიდერობით, თქვენ ხართ მოღალატეები“.

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში მოისმინეს, განსაკუთრებული ხმაურის ფონზე წარიმართა.