ღარიბაშვილი: ევროპელმა კოლეგებმა მითხრეს, რომ უკრაინას ომის გამო აძლევენ სტატუსს

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინას მხოლოდ მიმდინარე ომის გამო აძლევენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„ევროპელმა კოლეგებმა პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს“, - თქვა ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას.

მოგვიანებით პრემიერმა დაამატა: „საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში?! როგორ გავიგოთ ეს?!“. პრემიერ-მინისტრის ამ სიტყვებს მოჰყვა პროტესტი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან.

ირაკლი ღარიბაშვილისვე თქმით, საქართველო ასოცირებული ტრიოდან, "გაკეთებული საქმეების მიხედვით", ყველაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის სტატუსს. პრემიერ-მინისტრმა ამის მტკიცებულებად მოიყვანა საერთაშორისო ანგარიშები მმართველობისა თუ კორუფციის ინდექსის შესახებ, რომლებშიც საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მოწინავე პოზიციებს იკავებს.

„მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი პირველი, მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ Merit Based (დამსახურებაზე დაფუძნებული) გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ. ეს ძალიან გულდასაწყვეტია“, - თქვა პრემიერმა.

მოლდოვასთან დაკავშირებით, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჩამორჩება საქართველოს ბევრი პარამეტრით, მაგრამ აღიქმება ომში მყოფ უკრაინასთან გათანაბრებულ მდგომარეობაში, ვინაიდან უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოა და რთული გამოწვევები აქვს როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

კანდიდატის სტატუსის შესახებ

საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.