„მევახშის“ ვალი - ოჯახი გასახლების მოლოდინში

"გაფრთხილებთ, რომ კარი გახსნილი იქნება იძულების წესით. გაფრთხილებთ, რომ გამოსახლების დღემდე სახლიდან გაიტანოთ ფული, ფასიანი ქაღალდები და ძვირფასეულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პრეტენზიები არ მიიღება. გაფრთხილებთ, თქვენი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროცესისთვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა, ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია, მსგავსი ქმედებისთვის დაგეკისროთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა", - კეკელიძის #1-ში მცხოვრებ მარინა ხატიაშვილის ოთხსულიან ოჯახს აღსრულების პოლიცია ბინიდან გასასახლებლად 2022 წლის 5 ოქტომბერს მიაკითხავს. მან მორიგი წერილი აღსრულების ბიუროდან დღეს, 22 ივნისს მიიღო.

17 ივნისს, აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის, ჩვილის, აუქციონზე გაყიდული ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ შეცვალა. აღსრულების ბიურომ გადაწყვეტილების შეცვლა იმით ახსნა, რომ ბინაში სამი თვის ჩვილი ცხოვრობს და ოჯახის გასახლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადადო. თუმცა, რამდენიმე დღეში მარინა ხატიაშვილს გასახლების შესახებ მორიგი წერილი გაუგზავნა.

კეკელიძის პირველი ნომერი. მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს. 17 ივნისი

კეკელიძის პირველ ნომერში, პირველ სართულზე მდებარე 108 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა, თითქმის ოთხი წელია მარინა ხატიაშვილს აღარ ეკუთვნის. ბინა, რომელშიც მან მთელი ცხოვრება გაატარა, 2018 წელს, მას შემდეგ გაიყიდა აუქციონზე, რაც ვეღარ შეძლო იპოთეკარებისთვის ყოველთვიური სესხის გადახდა. როგორც მარინა ხატიაშვილი ამბობს, ბინა აუქციონზე თავად მისმა ერთ-ერთმა იპოთეკარმა, დარეჯან დვალმა, 40 ათას ლარად შეიძინა.

ბინის კარი, რომლის გაჭრასაც აღსრულების პოლიცია ცდილობდა

აღსრულების ბიუროს განმარტებით, 17 ივნისს უწყებამ მეორედ ისარგებლა კანონიერი უფლებით გარკვეული შემთხვევების დროს გადადოს გამოსახლების პროცესი. თუმცა, „თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ეს ვალდებულება უახლოეს პერიოდში უნდა შესრულდეს“.

გამოსახლების შესახებ აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და გამოსახლების პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს, კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა. მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.

ახლა, მარინა ხატიაშვილი ბინიდან გასახლებას უკვე ოქტომბერში ელის. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, აღსრულების პოლიციამ ჩემს შვილს დაუბარა, რომ სამ თვეში „500 კაცით“ მოვალთო.

რას ითხოვს ოჯახი, რომელსაც სახლიდან ასახლებენ

მარინა ხატიაშვილი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. პირველ რიგში ითხოვს, რომ სახელმწიფომ იშუამდგომლოს მასსა და იპოთეკართან მოლაპარაკებებში: „ნაცვლად იმისა, რომ „მევახშეს“ „ზურგი გაუმაგროს“, იმაზეც იფიქროს, რამდენი ადამიანია „მევახშეებისგან“ დაზარალებული, რომლებიც ასე, ქუჩაში რჩებიან და არსად წასასვლელი არ აქვთ“.

მარინა ხატიაშვილი გვეუბნება, რომ გარდა გამოსახლებისა, „მევახშეს“ მის წინააღმდეგ სხვა საჩივარიც აქვს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში: „ითხოვს, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მან ჩვენი ბინა აუქციონზე შეიძინა და ჩვენ მის კუთვნილ ფართში ვრჩებით, ეს თანხაც გადავუხადოთ. ლაპარაკია 60 ათას ლარზე. სახელმწიფომ თუნდაც ეს საკითხი მაინც ხომ უნდა დაარეგულიროს. ადამიანები წლების განმავლობაში ვიხდით ვალებს, ზედ პროცენტებს და საბოლოოდ გასაჭირს გასაჭირზე გვიმატებენ“.

მარინა ხატიაშვილის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ. ის თავს დაზარალებულად თვლის, ბანკს კი - თაღლითად: „სწორედ „საქართველოს ბანკია“ პასუხისმგებელი იმაში, რომ მე „მევახშეების“ ხელში ჩავვარდი“, - ამბობს ის.

2019 წელს, მარინა ხატიაშვილმა „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ საჩივარიც ფინანსურ პოლიციაში შეიტანა.ფინანსურმა პოლიციამ საქმე გამოსაძიებლად ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციას გადასცა.

ნანო ცხადაია, მარინა ხატიაშვილის ადვოკატი და „მშენებლობით და იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა ასოციაციის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მან პროკურატურაში დაახლოებით თვენახევრის წინ მოიკითხა, თუმცა, იქ უთხრეს, რომ საქმე ვეღარ იპოვეს:

„ფინანსურმა პოლიციამ, ამ საქმეს რატომღაც თავი აარიდა და საქმე გადაგზავნა ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში, სადაც არ მოხდა არანაირი რეაგირება. ვაკე-საბურთალოს პროკურატურას თვენახევრის წინ მივმართე, მოვიკითხე საქმე, მაგრამ გამომძიებელმა, საჩივარი, რომელიც შეტანილი იყო, ვერც კი ნახა. ჩვენ ახლა თავიდან ვაპირებდით საჩივრის შეტანას“.

დაიწყო თუ არა პროკურატურამ „საქართველოს ბანკის“ მიერ შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება ან რა ბედი ეწია მარინა ხატიაშვილის განცხადებას, რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით გენერალურ პროკურატურას მიმართა. პროკურატურაში გვითხრეს, რომ წერილი 2019 წელსვე გადაუგზავნეს შსს-ოს, რადგან განცხადების შინაარსი სწორედ „ამ უწყების ქვემდებარე იყო“.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მარინა ხატიაშვილის მიერ გაგზავნილ დოკუმენტაციაში დანაშაულის დამადასტურებელი ნიშნები ვერ იპოვეს და ამის შესახებ მას მალევე, 2019 წელს აცნობეს:

„ვაკე-საბურთალოს პოლიციამ მოქალაქეს მისი მომართვის საპასუხოდ წერილობით აცნობა, რომ მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მოქალაქეს ასევე განემარტა, რომ შეეძლო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიემართა სასამართლოსთვის“.

რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“, ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წერილობითი კომენტარის თანახმად, ბანკისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია მათ წინააღმდეგ რაიმე სახის გამოძიების დაწყების შესახებ.

"მარინა ხატიაშვილის ბინა „საქართველოს ბანკის“ იპოთეკით 2008 წლის თებერვალში დაიტვირთა. კრედიტის რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირება რამდენჯერმე მოხდა. 2014 წელს კი მან ვალდებულებები სრულად დაფარა და იპოთეკაც მოიხსნა. ეს დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებითაც. "რაც შეეხება პროკურატურაში აღძრულ საქმეს, ასეთი ფაქტი ჩვენთვის არ არის ცნობილი“, - გვიპასუხა "საქართველოს ბანკმა".

მარინას ვალი - რას ედავება მარინა ხატიაშვილი "საქართველოს ბანკს"?

მარინა ხატიაშვილმა იპოთეკური სესხი, 20 ათასი დოლარი, „საქართველოს ბანკისგან“ 2008 წლის თებერვალში, აუცილებელი საჭიროების გამო აიღო. ვალის სანაცვლოდ ბანკმა იპოთეკით დატვირთა მისი ბინა. მარინას ბანკისთვის თვეში 350 ამერიკული დოლარი უნდა გადაეხადა, რაც იმ პერიოდისათვის მისთვის აუწეველი ტვირთი არ იყო - მარინა ხატიაშვილი მერიის არქიტექტურის სამსახურში, ძველი თბილისის განყოფილებაში მუშაობდა. გარდა ამისა, ჰქონდა შემოსავალი სხვადასხვა კვლევითი პროექტიდან. სიტუაცია ერთ წელში შეიცვალა, როცა 2009 წლის დასაწყისში, ის სამსახურიდან გამოუშვეს:

მარინა ხატიაშვილი

„2008 წლის დეკემბერში სერიოზული კონფლიქტი მომივიდა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ერთ-ერთ ისტორიულ ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოების გამო. გარდა ამისა, ჩემგან ითხოვდნენ ხელი მომეწერა ისეთ დოკუმენტებზე, რაც უკანონო იყო. მე ძველი თბილისის განყოფილებაში ვმუშაობდი, ისტორიულ ძეგლებზე და ჩემი ვალდებულება იყო, საკუთარი პოზიციები დამეცვა. საბოლოოდ, ამ უთანხმოების ფონზე, 2009 წლის თებერვალში სამსახურიდან გამომიშვეს. შესაბამისად, შემოსავლის ეს წყარო გაქრა“.

როგორც მარინა ხატიაშვილი გვიყვება, სამსახურიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, მას „საქართველოს ბანკიდან“ პირადი კრედიტ-ოფიცერი დაუკავშირდა:

„მითხრა, რომ ბანკი ინფორმირებული იყო, რომ მე სამსახურიდან გამომიშვეს და მომთხოვეს სესხის სრულად დაფარვა. დამიბარეს ბანკში, ვუთხარი, რომ იმ ეტაპისთვის, თანხას სრულად ვერ გადავიხდიდი. მაშინ შემომთავაზეს სესხის რესტრუქტურიზაცია, რასაც დავთანხმდი. რესტრუქტურიზაცია ორჯერ გაკეთდა, რადგან მძიმე ტვირთად დამაწვა ყოველთვიურად ვალის გადახდა“.

მარინა ხატიაშვილმა „საქართველოს ბანკისგან“ აღებული სესხის ყოველთვიური შესატანი 2013 წლამდე იხადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ფინანსური მდგომარეობა გართულდა და სესხის დაფარვის პროცესში „დაგვიანებები“ დაუგროვდა, მისი საქმე „საქართველოს ბანკმა“ სასამართლოს გადასცა, მისგან კი 21 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა მოითხოვა.

მარინა ხატიაშვილმა სასამართლო პროცესში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვა მოითხოვა, რადგან ბანკიდან მიღებული დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, გაუჩნდა ეჭვი, რომ გადახდილ თანხებსა და ბანკიდან მიღებულ დოკუმენტაციას შორის, ცდომილებები იყო:

„ბანკის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია ჩემს ქვითრებს შევადარე და აღმოვაჩინე, რომ გარკვეული თანხა, რომელიც მე გადავიხადე, არ იყო ასახული ბანკის დოკუმენტებში. სწორედ ამიტომ მოვითხოვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვა. მოსამართლესთან დავაყენეთ შუამდგომლობა, რათა ბანკი დაევალდებულებინა, რომ ჩვენთვის სრულად გადმოეცა დოკუმენტაცია, თუმცა მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა არცერთ ჯერზე არ დააკმაყოფილა და ბანკი არ დაავალდებულა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის სრული დოკუმენტაცია გადაეცა. საბოლოოდ, ექსპერტიზის ბიურომ ჩაგვაბარა არასრული დასკვნა, სადაც მითითებული იყო, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, თუ სად გაქრა ჩემს მიერ გადახდილი თანხა - 443 ამერიკული დოლარი. ამით ბანკი ექსპერტიზამ, ფაქტობრივად, ირიბად დაადანაშაულა თანხის გაქრობაში“.

2013 წლის დეკემბრის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მარინა ხატიაშვილს დაუყოვნებლივ დაეკისრა ბანკისთვის 21 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კუთვნილი ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიყიდებოდა.

2014 წლის დასაწყისში, მარინა ხატიაშვილს „საქართველოს ბანკის“ იურისტი დაუკავშირდა, შეატყობინა, რომ მისი ბინა აუქციონზე გასატანად იყო გამზადებული და ამ სიტუაციიდან „გამოსავალიც“ შესთავაზა.

როგორ აღმოჩნდა მარინა „საქართველოს ბანკიდან“ „მევახშეებთან“

მარინა ხატიაშვილი გვიყვება, რომ„საქართველოს ბანკის“ იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, „მევახშესთან“ დაკავშირება ურჩია და ნოტარიუსის მისამართიც თავად მისცა:

„მითხრა, ძალიან მეცოდებით ამ სიტუაციაში რომ ხართო და მირჩია მივსულიყავი წინამძღვრიშვილის პირველ ნომერში, ნოტარიუსთან, ვინმე ნანობაშვილთან, რომელიც დამეხმარებოდა ჩემთვის აუცილებელი თანხის მოძიებაში. მივედი ნოტარიუსთან. ვუთხარი, რომ მათთან მისვლა „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა მირჩია. იქ ამიხსნეს, რომ არსებობდნენ „მევახშეები“, რომლებიც ფულს მასესხებდნენ. იმ მომენტში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მძიმე სიტუაციაში ვიყავი, ვიცი, რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვერც სხვა გზას ვხედავდი მაშინ. გავაფორმეთ საჭირო დოკუმენტები. და მომცეს 27 ათასი დოლარი. რატომ 27 ათასი, როცა ბანკისთვის 21 ათასი უნდა გადამეხადა? იმიტომ, რომ 10% - საშუამავლო, იქვე უნდა დამეტოვებინა. ასევე წინასწარ უნდა გადამეხადა სამი თვის გადასახადიც“.

ასე აღმოჩნდა 2014 წლის დასაწყისიდან მარინა ხატიაშვილი კერძო კრედიტორების, ანუ „მევახშეების“ ქსელში, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა და მათგან აღებული თავდაპირველი ვალი, 27 ათასი ამერიკული დოლარი, 2017 წლის გაზაფხულზე 50 ათას დოლარად იქცა. თანხის ზრდა პირდაპირ იყო დაკავშირებული „მევახშეთა“ მიერ უკვე კარგად აპრობირებულ სქემასთან - მცირევადიან ხელშეკრულებებთან, რომლებსაც ისინი მოქალაქეებთან აფორმებენ:

„ერთი მევახშე მსესხებელს ექვს თვეზე მეტი ხნით არ უდებს ხელშეკრულებას. ექვს თვეში ეს ვალი სხვა მევახშესთან უნდა გადაიტანო. თავიდან უნდა გადაიხადო საშუამავლო - 10%, პლიუს წინასწარი სამი თვის გადასახადი, ეს ყველაფერი კი ცხადია, სესხის ოდენობაზე აისახება. მას შემდეგ, რაც დავფარე ბანკის ვალი და ჩემი სახლი გათავისუფლდა ბანკის იპოთეკისგან, ამჯერად უკვე მევახშეებთან დაიტვირთა ჩემი სახლი იპოთეკით. საბოლოოდ, მევახშეების ვალი, რომელთანაც ყოველ ექვს თვეში ახალ-ახალ ხელშეკრულებებს ვდებდი, 27 ათასი დოლარიდან 50 ათას დოლარამდე გაიზარდა“.

ბინა აუქციონზე

უკანასკნელი ხელშეკრულება კერძო კრედიტორებთან მარინა ხატიაშვილმა 2016 წელს გააფორმა. ამბობს, რომ ამ კრედიტორებს შორის იყო დარეჯან დვალი, ის, ვინც მისი ბინა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა და რომელმაც 2018 წელს თავადვე, 40 ათას ლარად შეიძინა ის:

„2016 წლის დეკემბერში გავაფორმე მათთან ხელშეკრულება, წინა მევახშის ვალი გადავფარე და ამჯერად, თვეში 1000 დოლარი უნდა გადამეხადა. როგორც სხვა ყველა კრედიტორთან, მათთანაც წინასწარ გადავიხადე სამი თვის გადასახადი. გარდა წინასწარ გადახდილი სამი თვისა, მათ 2017 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი თვის გადასახადი გადავუხადე, პარალელურად დავიწყე ბინის გაყიდვაზე ზრუნვა და ხელშეკრულების ვადა კიდევ ექვსი თვით გავახანგრძლივე, რადგან იმედი მქონდა, რომ ამასობაში ბინა გაიყიდებოდა, მევახშის ვალს გავისტუმრებდი და დარჩენილი ფულით რაიმეს ვიგირავდებდი“.

მარინა ხატიაშვილმა ბინის გაყიდვა ვერ მოასწრო. 2017 წლის ბოლოს მან წერილი მიიღო, რომელიც ატყობინებდა, რომ ბინა აუქციონზე გასატანად იყო გადაცემული:

„შეტყობინება კერძო აღმასრულებლისგან მივიღე. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ კერძო აღმასრულებლის შვილი, გიორგი სუხიტაშვილია ჩემი „მევახშის“ ადვოკატი. აუქციონი 2018 წელს გაიმართა. თავდაპირველად ბინის გასაყიდ თანხად 80 ათასი ლარი განისაზღვრა. საბოლოოდ ბინა 40 ათას ლარად გაიყიდა“.

აუქციონის დასრულების შემდეგ, ბინის ახალმა მფლობელმა, დარეჯან დვალმა სასამართლოს მიმართა ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის განცხადებით. სასამართლო 2019 წლის ზაფხულში დაინიშნა და გადაწყვეტილებაც მალევე გამოვიდა.

„სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღეში, მოქალაქეს აქვს უფლება, სასამართლოში წარადგინოს შესაგებელი და იდავოს. ეს პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს ორი და სამი წელი, მაგრამ რას აკეთებს სასამართლო? სასამართლო ხელს უწყობს მოსარჩელე მხარეს, ამ შემთხვევაში „მევახშეს“ და მოპასუხე მხარეს არ აწვდიან ინფორმაციას, მისი უფლების შესახებ - რომ მას აქვს უფლება, შეიტანოს შესაგებელი და დაიწყოს დავა. ამასობაში, გამოდის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ აღსრულების ბიუროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემა დოკუმენტი და შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად ინიშნება გამოსახლების პროცედურა. მოქალაქეს არ ეძლევა საშუალება, რომ სასამართლოში იდავოს, მაგალითად, როგორი ტიპის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული მევახშესთან, ხომ არ იყო ეს თვალთმაქცური ხელშეკრულება, რომ ეს იყო სასესხო ურთიერთობა და არა ის, რომ მე ვიყიდე ბინა, სადაც ცხოვრობს უცხო ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობ. დაზარალებულ ადამიანს ყველა მხრივ ეზღუდება კონსტიტუციური უფლება. ადამიანს, რომელსაც სესხის პროცენტები უკვე გადახდილი აქვს და მაინც ძალიან წამგებიან პოზიციაშია“, - ამბობს ნანო ცხადაია, მარინა ხატიაშვილის ადვოკატი.

რას ამბობს ბინის ახალი პატრონი?

კეკელიძის #1-ში მდებარე ბინის ახალი პატრონი დარეჯან დვალია. ამ საქმეში დარეჯან დვალის სტატუსისა და პოზიციის შესახებ, რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი ელაპარაკება.

ადვოკატი ირწმუნება, რომ დარეჯან დვალს მარინა ხატიაშვილის ქონებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია იმ დრომდე, სანამ მისი ბინა აუქციონზე არ იყიდა. მისი თქმით, დარეჯან დვალი არსად, მათ შორის, არც საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება მარინა ხატიაშვილის იპოთეკარად. გიორგი სუხიტაშვილის თქმით, მარინა ხატიაშვილის იპოთეკარები იყვნენ დარეჯან დვალის ნაცნობები და ბინა აუქციონზე მათ დასახმარებლად შეიძინა:

„ვინაიდან მარინა ხატიაშვილმა იპოთეკარებს ვერ გადაუხადა ნასესხები თანხა, იპოთეკარებმა დაიწყეს იძულებითი აღსრულება, ანუ აუქციონზე გაიტანეს ბინა. დარეჯანმა ბინა აუქციონზე შეიძინა იმისათვის, რომ დახმარებოდა თავის მეგობრებს, რათა მათ არ დაეკარგათ თანხა. დარეჯანმა ეს ბინა შეიძინა იმ პირობით, რომ მარინა ხატიაშვილი ერთ თვეში უკან დაუბრუნებდა გადახდილ თანხას. მან დარეჯანს უთხრა, რომ „საქართველოს ბანკთან“ ჰქონდა წამოწყებული დავა, ერთი თვე სჭირდებოდა საქმის მოსაგებად და როგორც კი „საქართველოს ბანკისგან“ აიღებდა თანხას, ბინაში გადახდილ თანხას დარეჯანს უკან დაუბრუნებდა. დარეჯანი კი ამ ბინას კვლავ მარინას გადაუფორმებდა. მაგრამ, ცხადია, ეს ასე არ მოხდა. მეტიც, ქალბატონ მარინას სხვა ორი იპოთეკარისგან ჰქონდა აღებული დამატებითი სესხი, ჯამში 15 ათასი დოლარი. მას შემდეგ, რაც ბინა დარეჯანმა შეიძინა, ისინი უკვე დარეჯანს ემუქრებოდნენ, როგორც ბინის ახალ მესაკუთრეს, რომ ისინი დაიწყებდნენ აღსრულებას და ბინას ახლა ისინი გაყიდიდნენ და ამიტომ, გარდა 43 ათასი ლარისა, რომლითაც დარეჯანმა აუქციონზე შეიძინა ბინა, მას მოუწია დამატებით კიდევ 15 ათასი დოლარის გადახდა იპოთეკარებისთვის. ანუ მარინა ხატიაშვილის აღებული ის ვალიც დარეჯანმა გადაიხადა“.

როგორც გიორგი სუხიტაშვილი ამბობს, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მარინა ხატიაშვილმა დარეჯან დვალს დაპირებული თანხა ვერ გადაუხადა და ამიტომ ის იძულებული გახდა, რომ მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა გამოსახლება:

„სასამართლოში მოვიარეთ სამივე ინსტანცია, მოვიგეთ სამივე ინსტანცია და 2019 წელს მივმართეთ აღსრულების პოლიციას გამოსახლების მოთხოვნით. 2020 წლის თებერვლის დასაწყისში დაგეგმილი გამოსახლებისას, მარინა ხატიაშვილის ახლობლებმა, აქტივისტებმა აღსრულების პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, მოხდა დაპირისპირება და აღსრულების პოლიციამ გამოსახლება გადადო. გამოსახლების მომდევნო თარიღად დაინიშნა 2020 წლის 20 მარტი, თუმცა, იმ დროს ქვეყანაში უკვე კოვიდ-პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და გამოსახლება განუსაზღვრელი ვადით ისე გადაიდო, რომ აღსრულების პოლიცია ადგილზე არც კი მისულა. გამოსახლების პროცედურა უკვე განახლდა 2022 წლის 17 ივნისს, თუმცა, როგორც ყველამ ნახა, კვლავ დაპირისპირებისა და წივილ-კივილის ფონზე და ამჯერად უკვე თოთო ბავშვით მანიპულირებით, გამოსახლების პროცესი ისევ გადაიდო“.

გიორგი ხატიაშვილი ირწმუნება, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც დარეჯან დვალმა ბინა შეიძინა, ის მარინა ხატიაშვილს აძლევდა უფლებას გაეყიდა ბინა, გადაეხადა მისთვის თანხა და „მშვიდობიანად დაესრულებინა პროცესი“:

„ამისთვის ქალბატონ მარინას სამი წელი ჰქონდა. ამ მოლაპარაკებებში მეც ვმონაწილეობდი. დარეჯან დვალი ბინის გასაყიდად მას ვადას აძლევდა, მაგრამ მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. რატომღაც მედიაში ისმის, რომ ქალბატონ მარინას ბინის გაყიდვის უფლებას არ აძლევდნენ, ეს არის ტყუილი და სიტუაციის დრამატიზება. ჩვენ 2020 წლის თებერვლის ჩათვლით მუდმივად გვქონდა საუბრები ამ საკითხზე“.

დარეჯან დვალის ადვოკატი ელის, რომ სახელმწიფო ამჯერად მაინც შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დაიცავს დარეჯან დვალის კონსტიტუციურ უფლებას, საკუთრების უფლებას და კუთვნილი ბინით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება მორიგების პერსპექტივას მარინა ხატიაშვილთან, განვითარებული მოვლენების ფონზე, გიორგი სუხიტაშვილი ამ პერსპექტივას გამორიცხავს:

„გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებასა და მესაკუთრის ინტერესებს. მორიგებასთან დაკავშირებით, მყარად გიფიქსირებთ, რომ დარეჯან დვალი უკვე კატეგორიული წინააღმდეგია მარინა ხატიაშვილთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე. ამის მიზეზი, პირველ რიგში, უნდობლობაა და მეორე, დარეჯან დვალისთვის ზიანის მიყენება. მასზე ისეთი მორალური ზეწოლა მიდის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა“.

გიორგი სუხიტაშვილის თქმით, თუკი სახელმწიფო არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, მაშინ ისინი უკვე იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანენ სარჩელს სასამართლოში. გარდა ამისა, მიმართავენ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ამერიკის საელჩოს:

„ზუსტად წლის ბოლოს უწევს საქართველოს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მისცა, რათა ევროკავშირის წევრობის სტატუსი მოგვენიჭოს. ამ პროცესში საკუთრების უფლებაზე ძალიან დიდი ყურადღება იქნება გამახვილებული. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ამერიკის საელჩოს და მათი ზეწოლის მექანიზმებით ვაიძულებთ სახელმწიფოს, რომ გამოასახლონ ქალბატონი მარინა ხატიაშვილი უძრავი ქონებიდან“.

ფიგურირებს თუ არა დარეჯან დვალი მარინა ხატიაშვილის იპოთეკართა ნუსხასა და დოკუმენტაციებში?

მიუხედავად დარეჯან დვალის ადვოკატის, გიორგი სუხიტაშვილის მტკიცებისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მარინა ხატიაშვილის საქმეში მხოლოდ ბინის აუქციონზე გატანის შემდეგ გამოჩნდა, მარინა ხატიაშვილის მრავალრიცხოვან საბუთებსა და ხელშეკრულებებს შორის, რომელიც მას იპოთეკარებთან ურთიერთობისას წლების განმავლობაში დაუგროვდა, დარეჯან დვალის სახელი და გვარი 2016 წელს ჩნდება. ის ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც მარინა ხატიაშვილის ერთ-ერთი იპოთეკარის, მადონა დარსაძის წარმომადგენელი. ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს დარეჯან დვალი თავად აწერს ხელს.

კიდევ ერთი ხელწერილის თანახმად კი, რომელიც ასევე ნოტარიულადაა დამოწმებული, დარეჯან დვალი, 2016 წლის 17 დეკემბერს წერს: „მე, დარეჯან დვალმა, წინასწარ ავიღე მარინა ხატიაშვილისგან 3 თვის პროცენტი - 3000$“.

დარეჯან დვალის მიერ ხელმოწერილი, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი

ნანო ცხადაია, მარინა ხატიაშვილის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არის კრედიტორებისა და მათი იურისტების მიერ, ჯგუფურად, წინასწარ აწყობილი სქემა, რომელიც საბოლოოდ მათ აძლევს საშუალებას, რომ აუქციონზე გატანილი ბინები თავადვე შეიძინონ:

„ამ კრედიტორებს უკვე ვეღარ ედავები კეთილსინდისიერების ნაწილში, რადგან გეუბნებიან, რომ ჩვენ ყველაფერი კანონის ფარგლებში გვაქვს გაფორმებული. ჩვენ სწორედ ამ გამოძიებებს ვითხოვთ, რომ ამ სქემებში იმთავითვე იკითხება თაღლითობის ნიშნები. იკრიბება ჯგუფი, ერთმანეთთან დაკავშირებული სანაცნობო წრე, სადაც გარდა კრედიტორებისა, ხშირად ჩართულნი არიან ადვოკატებიც და ქონების დაუფლების მიზნით, იწყება თაღლითური მანქანის ამუშავება. ამიტომ ვითხოვთ გამოძიებას, ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს დოკუმენტაციები დეტალურად იქნას შესწავლილი. ის დოკუმენტები, რომელიც მარინა ხატიაშვილს აქვს, სადაც დარეჯან დვალი თავად წერს, რომ პროცენტი აქვს აღებული, ეს უკვე ჩვეულებრივი სასესხო ურთიერთობაა. ის დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ დარეჯან დვალი იპოთეკარის წარმომადგენელია, ესეც სასესხო ურთიერთობაა. სიცრუეა და სწორედ სქემის ნაწილია ის, როდესაც დარეჯან დვალის მხარე ამბობს, რომ დარეჯან დვალს აუქციონის გამოცხადებამდე არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა მარინა ხატიაშვილის ქონებასთან“.

„მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ“

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „მევახშეობით“ დაზარალებულთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ნანო ცხადაია ამბობს, რომ ათასობით ასეთი ადამიანია.

მას პირადად უწევს შეხება ათობით მოქალაქესთან, რომლებმაც კერძო იპოთეკარებთან დადებული ხელშეკრულებების შემდეგ, საცხოვრებლები დაკარგეს. ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, „მევახშეები“ მოქალაქეებთან თვალთმაქცურ გარიგებებში შედიან და მათი უმწეო მდგომარეობით სარგებლობენ:

„მევახშეები ხშირად სარგებლობენ მოსახლეობის არაინფორმირებულობით, უუნარობით, მარტივად შედიან ნდობაში და მარტივად ატყუებენ. მოტყუების თემა და პირდაპირი განზრახვით ნდობაში შესვლა, ეს კიდევ ცალკე თემაა და სისხლის სამართლის მიმართულებით არაერთი საჩივარი გვაქვს პროკურატურაში შეტანილი და ვითხოვთ გამოძიებების დაწყებას, რადგან ეს არის კარგად დაგეგმილი თაღლითური სქემა. როგორც წესი, მოქმედებს ხოლმე ჯგუფი, ეს არის კლასიკური მაგალითი თაღლითობისა, დაზუსტებით გეუბნებით ამას. სხვადასხვა სქემები აქვთ, როგორ მივიდნენ კონკრეტულ ადამიანთან, მას სწავლობენ, რა პრობლემები აქვთ, როგორ შეიძლება მიუდგნენ. ყველას სხვადასხვა თაღლითური სქემით უდგებიან. მაგალითად, აფორმებენ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, ეს არის გადაფორმებითი ხელშეკრულება, რომ არ დაფიქსირდეს მათ შორის სასესხო ურთიერთობა. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, რომლებიც იდება ორი თვით, სამი თვით, ექვსი თვით, როდესაც ვერც მსესხებელი ვეღარ ახერხებს თანხის გადახდას, მიდის მევახშე საჯარო რეესტრში და ერთპიროვნულად იფორმებს ამ უძრავ ქონებას. შემდეგ უკვე შედის სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოში ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, და ამ დროს ძალიან მარტივად ხდება საქმის განხილვა, თუნდაც ერთ პროცესში“.

ნანო ცხადაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ „მევახშეებს“ მფარველობენ მაღალჩინოსნები პროკურატურიდან და სასამართლოდან:

„სწორედ ამიტომ აქვთ მათ მოქმედების ასეთი არეალი. ამბობენ, რომ ჩვენ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთ და ვერ მოგვედავებით. პროკურატურაშიც რომ მივდივართ, გვეუბნებიან, ამ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი რომ მოაწერეთ, ხომ იცოდა, რას აწერდა ხელს. და აღარავინ კითხულობს იმას, თუ როგორ მოაწერა ამ ადამიანმა ხელი ამ ხელშეკრულებას, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ მომენტში. ამ სქემაში ნოტარიუსებიც არიან ჩართულები. ნოტარიუსებსაც საკუთარი მფარველები ჰყავთ. დებენ ხელშეკრულებებს კაბალური პირობებით. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანები არც კი კითხულობენ, რაზე აწერენ ხელს. არადა ნოტარიუსის პირდაპირი მოვალეობაა, ზედმიწევნით გააცნოს მოქალაქეს ხელშეკრულების თითოეული პუნქტი“.

„მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ვრცელი კვლევა.

გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ მაგალითად 2018 წლის მონაცემებით, საჯარო რეესტრში 287 ათასი იპოთეკით დატვირთული ქონება იყო რეგისტრირებული. ამ მონაცემებში, სავარაუდოდ, იგულისხმებოდა იპოთეკით დატვირთული კომერციული ფართიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებული კვლევის („დასაკუთრებული უძრავი ქონების მიმოხილვა“) თანახმად, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციას ეყრდნობა, 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სულ 17 589 უძრავი ქონება გაყიდა აუქციონზე.

2015 წელს გაყიდული უძრავი ქონების 56.6% (720 უძრავი ქონება) ფიზიკური პირების და სხვა იურიდიული პირების, ანუ „მევახშეების“ მიერ იყო რეალიზებული.

მომდევნო წელს გამოქვეყნებულ ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს რეალიზებული უძრავი ქონების 55% „მევახშეების“ მიერაა რეალიზებული (978 შემთხვევა).

2019 წლის ათი თვის მონაცემებით კი რეალიზებული 1039 უძრავი ქონებიდან, 49% სწორედ „მევახშეებმა“ გაიტანეს აუქციონზე.

2020 წლის იანვრის მონაცემებით, სესხის გამცემ სუბიექტად ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული იყო 15 ბანკი, 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მხოლოდ 204 ე.წ. სესხის გამცემი სუბიექტი.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის ავტორი, სოციალური პოლიტიკურ პროგრამის დირექტორი, თათული ჭუბაბრია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "მევახშეთა" კვლევამ არაერთი ნიშანდობლივი ფაქტი გამოავლინა. მათ შორის ის, რომ მაგალითად, კრედიტორთა უმთავრესი ინტერესია დაეუფლონ იპოთეკით დატვირთულ ქონებას; ბოროტად სარგებლობენ მსესხებლების უყურადღებობითა თუ გამოუცდელობით; ქონების დაუფლების შესახებ კრედიტორთა უმთავრეს ინტერესს ხელს უწყობს საკრედიტო რისკების დაზღვევის მთელი რიგი სტრუქტურული პრივილეგიები და უპირატესობებიც, რაც მხოლოდ კრედიტორთა მხარეს არის.

„მევახშეობა“ და კანონმდებლობა

1992 წლამდე, საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოში „მევახშეობა“ დასჯად ქმედებათა რიგში შედიოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბანკებთან ერთად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გარანტორები გახდნენ კერძო გამსესხებლებიც. დამოუკიდებელ საქართველოში, ფაქტობრივად, არასდროს შეზღუდულა „მევახშური“ საქმიანობა, დარეგულირების საგანი იყო მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა სესხის ხელშეკრულებებში.

1997 წლიდან მოქმედი სამოქალაქო კოდექსი არეგულირებდა სესხის ხელშეკრულების მხარეებს შორის განსაზღვრული პროცენტის ოდენობას და ამბობდა, რომ ის „გონივრულ შესაბამისობაში“ უნდა ყოფილიყო „ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან“.

ამის საპირისპიროდ, 2007 წლიდან მხარეებს მიენიჭათ უფლება თავისუფლად განესაზღვრათ პროცენტი სასესხო ხელშეკრულებებში.

2013 წლიდან, „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო ცვლილებები საპროცენტო განაკვეთების ხელახლა რეგულირებისთვის. სახელმწიფომ დაიწყო იმის აღიარება, რომ კერძო გამსესხებლების უპირველესი მიზანი არა საპროცენტო სარგებელი, არამედ იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლება იყო.

დამატებით, ბაზრის ფორმალიზებისთვის, 2014 წელს სავალდებულო გახდა კერძო „მევახშესთან“ გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ნოტარიუსთან დამოწმება.

2018 წელს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ფიზიკურ პირებს შეეზღუდათ მათ მიერ გაცემული სესხისთვის გარანტიაში ჩადონ მოვალის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, ავტომანქანები და ა.შ“.

2019 წლის პირველი იანვრიდან, ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, სესხის გამცემი ყველა პირი სესხის გამცემ სუბიექტად უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში იმისთვის, რათა სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება მიენიჭოს. რეგისტრაციისათვის მათ ერთჯერადად უნდა გადაიხადონ 10 000 ლარი და დაასაბუთონ, რომ მათ მიმართ 20-ზე მეტ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება. პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული დაკრედიტების სისტემის ხელშესაწყობად დადგინდა, თუ რა ოდენობის შემოსავლის მქონე პირებს რა ოდენობის მაქსიმალური ყოველთვიური გადასახადი შეიძლება ჰქონდეთ სესხზე. განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ვადებიც.

თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, კვლავაც ათასებს აღწევს კერძო იპოთეკართა საქმიანობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა რიცხვი. ეკონომისტთა ნაწილი თვლის, რომ არაფერი შეიცვლება იმ დრომდე, სანამ მოსახლეობისთვის დაბალპროცენტიანი სესხები არ იქნება ხელმისაწვდომი. ეკონომისტები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე უნდა იზრუნოს.

საჩივარი აღსრულების ბიუროს წინააღმდეგ

20 ივნისს, „მშენებლობით და იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა ასოციაციის“ სახელით, ნანო ცხადაიამ აღსრულების ბიუროს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში.

მისი თქმით, 17 ივნისს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების მცდელობისას, აღსრულების პოლიციამ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა:

„ისინი ახორციელებდნენ ძალმომრეობით ქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების პოლიციას აქვს უფლება წინააღმდეგობა გაუწიოს მოქალაქეს და მაგალითად, კარი ჩაჭრას, 17 ივნისს, კეკელიძის პირველ ნომერში ბევრი გადაცდომა დაფიქსირდა. მათ დაზიანებები მიაყენებს ადამიანებს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ხელჯოხით, რომელიც წააქციეს. გარდა ამისა, როდესაც კარს ჭრიდნენ, მათ უკვე მიღებული ჰქონდათ ბრძანება, რომ გადაედოთ ეს პროცესი, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და აგრძელებდნენ კარის ჭრას. გარდა ამისა, ჩვენ აღსრულების ბიუროს არაერთხელ მივმართეთ, რომ გაჩნდა ახალი გარემოება, ოჯახში დაიბადა ბავშვი, ოჯახს ჰყავს ჩვილი, თუმცა, აღსრულების პოლიცია აცხადებდა, რომ ჩვენ მსგავსი არაფერი ვიცოდითო. ანუ არც კი განუხილავთ ჩვენი განცხადებები ამ ახალი გარემოების შესახებ. სახემწიფომ უნდა იზრუნოს ამ ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფაზე, რადგან ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელია. მით უმეტეს, გაჩნდა ახალი გარემოება, სამი თვის ბავშვი ცხოვრობს ამ სახლში. ასეთი გარიგებები და ხელშეკრულებები, რაც ქალბატონ მარინას აქვს დადებული, დასავლეთის ქვეყნებში ბათილად არის ცნობილი და ამორალურ ხელშეკრულებად არის წოდებული“.

სადარბაზოს კარი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მონაცემებით, მიმდინარე პერიოდში, აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლების 2200-ზე მეტი საქმე აქვს წარმოებაში. შესაბამისად, ისინი თვლიან, რომ მიმდინარე წელს, იძულებითი გამოსახლების შემთხვევები უპრეცედენტოდ გაიზრდება.

ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობა არაფერს აკეთებს იძულებითი გამოსახლების პრევენციის, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, არც ღირსეულ აღსრულებაზე ზრუნავს და არც გამოსახლებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფაზე.

ორგანიზაციის განცხადებით, სუსტია სასამართლო რგოლიც - გამოსახლების საკითხებზე მსჯელობისას სასამართლო მხოლოდ საკუთრების უფლების გამორკვევაზე ორიენტირდება და უგულებელყოფს ოჯახის შემადგენლობას, მოწყვლადობას, უკანასკნელი საცხოვრებლის არსებობის ფაქტსა და ქუჩაში დარჩენის საფრთხეებს.