მარგველაშვილი, სააკაშვილი და სხვები EU-ს მიმართავენ, მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ევროკავშირს წერილით მიმართავენ, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„წერილის შინაარსი შემდეგია: ვეთანხმებით მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მათი შესრულების მიზანშეწონილობას, მაგრამ ვითარების სირთულიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გთხოვთ, არ დაშალოთ ტრიო - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, არამედ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი და მოთხოვნები დატოვოთ შემდეგ შესასრულებლად“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელმაც წერილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს გადასცა.

წერილს ხელს, ასევე, აწერენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - ისინი, რომლებიც 2016 წლამდე იკავებდნენ ამ თანამდებობას: დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, მიმართვას არ შეუერთდა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით. საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.