“არ არის აუცილებელი, მთელ საქართველოში ერთდროულად გათხრები ტარდებოდეს” - არქეოლოგები გათხრის უფლებას ვერ იღებენ

2022 წლის ზაფხულში დაგეგმილი რამდენიმე საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ჩაიშალა - მეცნიერებმა გათხრების ნებართვა ვერ მიიღეს.

არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე ახლა დასავლეთ საქართველოში ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსს უნდა იკვლევდეს. წელს მან ძველი ქვის ხანის არქეოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ლიკის ფონდის გრანტი მოიპოვა, თუმცა გათხრების მაგივრად ის თბილისში, ეროვნული მუზეუმის წინ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს.

ნიკოლოზი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის თავმჯდომარეა და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ეროვნული მუზეუმიდან „არაკომპეტენტურობის” გამო გაათავისუფლეს. მას და მის კოლეგებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არ აძლევს ნებართვას არქეოლოგიური გათხრებისთვის, ეროვნული მუზეუმი უარს ეუბნება ფონდებში მუშაობაზე. ასეთია ათამდე არქეოლოგი, ანუ თითქმის ყველა, ვინც ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდა.

„წელს 7 პროექტში გავიმარჯვეთ. არ მგონია, ასე მარტივი იყოს 7 პროექტის, მათ შორის საერთაშორისო, უმაღლესი დონის კვლევებისთვის დაფინანსების მოძიება. ამგვარი კვლევების გარეშე არ იქნება ის აღმოჩენები, რომლითაც მერე მთელი ქვეყანა ამაყობს… ის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, პირველი ევროპელების, პირველი ძაფის და სხვა უამრავი რამის სამშობლო, ეს აღმოჩენები ამ ექსპედიციების გარეშე ვერ გვექნებოდა”, - ამბობს ნიკოლოზ წიქარიძე.

კაჟის ბუნებრივი საბადოები უნდა ეკვლიათ მდინარე ყვირილას აუზში ანა მგელაძეს და მის გუნდს. მეცნიერები პალეოლითურ ხანაში კაჟის ხმარების სტრატეგიების კვლევით იმდროინდელი ადამიანების ცხოვრების წესისა და ყოფის სურათს აღადგენდნენ

ანა მგელაძეც, მღვიმეებში მუშაობის ნაცვლად, ნიკოლოზივით ორ თვეზე მეტია ექსპედიციის ნებართვას ელოდება. თითქმის 20 წელია, რაც ანა ექსპედიციებში მონაწილეობს. ყოფილა მოხალისეც და ექსპედიციის ხელმძღვანელიც და ამ 20 წლის მანძილზე არ ახსოვს შემთხვევა, გათხრებზე უარი მიეღო.

„17 წლიდან ველზე ვარ, არ მახსოვს, ვინმეს გათხრების უფლება არ მოეცა. ჩავაბარებდი [განაცხადს] და 2-3 დღეში მქონდა პასუხი. პატარა გოგო ვიყავი, 25-27 წლის, ჯავახეთში უზარმაზარ ქართულ-ფრანგულ ექსპედიციას რომ ვხელმძღვანელობდი 5 წელი და მაშინაც არ შემქმნია პრობლემა”, - იხსენებს ანა.

არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვის მიღება ასე ხდება:
  • ექსპედიციის ხელმძღვანელი ნებართვის მისაღებად დოკუმენტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში წარადგენს;
  • სააგენტოს ხელმძღვანელი განცხადებებს სამეცნიერო საბჭოს სხდომის მდივანს გადასცემს;
  • თანხმობასაც და უარსაც ექსპედიციაზე სამეცნიერო საბჭო ამბობს, თუმცა თავისი გადაწყვეტილებები უნდა დაასაბუთოს;
  • სააგენტო ვალდებულია, მეცნიერებს პასუხი 20 სამუშაო დღეში დაუბრუნოს;
  • პასუხის დაგვიანების შემთხვევაში მეცნიერს შეუძლია მიმართოს პრემიერ-მინისტრს, ის კი ვალდებულია, ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილოს, თუმცა მას ნებართვის გაცემა არ შეუძლია;
  • საბოლოოდ, ნებართვას მაინც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გასცემს;
  • ნებართვის გარეშე არქეოლოგიურ ძეგლზე სამუშაოების დაწყება არ შეიძლება, ეს დანაშაულია;
  • არქეოლოგიურ სამუშაოებზე ნებართვას და ვადებს სააგენტოს მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს; დარღვევის შემთხვევაში რეაგირებაც მას ევალება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად 2021 წელს ნიკოლოზ აზნაურაშვილი დანიშნეს. მას არც სააგენტოს რეორგანიზაციასა და არც სხვა თემებზე ამ დრომდე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მათ შორის, თხოვნის მიუხედავად, არც რადიო თავისუფლებასთან.

უწყების ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის მინისტრი. მინისტრთან შეთანხმების გარეშე მას არც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. სწორედ ამიტომ თვლიან არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები და მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, რომ მათი საქმიანობა თეა წულუკიანთან შეთანხმებით შეჩერდა.

„ორი თვის წინ, ჩვენი კოლეგის, მიხო აბრამიშვილის ფილმის ჩვენებაზე მოვიდა მინისტრი მუზეუმში და პირდაპირ თქვა: "მე არც დედა მყავს არქეოლოგი, არც მამა, შევქმნი კულტურის სამინისტროსთან არქეოლოგიურ კომიტეტს, სადაც შემოვიკრებ ჩემს ერთგულ კომპეტენტურ ადამიანებს და მათი რჩევით გადავწყვეტ, ვინ სად გათხაროს და როგორო. (ამ ღონისძიების ამსახველი ვიდეო ეროვნული მუზეუმის ფეისბუკის გვერდზე დევს, თუმცა იქ ეს ფრაგმენტი არ არის მოხვედრილი - რ.თ.). ამ ჩვენების მერე ვუთხარი კიდეც კოლეგებს - დამთავრებულია ჩვენი ამბები, ეს ქალი ამ საქმესაც ჩაიგდებს ხელში-თქო. ამ ზაფხულს გამოიყენებს ამ მარიონეტულ საბჭოს და მერე შექმნის პირდაპირ მასზე დაქვემდებარებულ კომიტეტს”, - ჰყვება არქეოლოგი ანა მგელაძე.

შეჩერებული არქეოლოგიური კვლევები

ოროზმანი დმანისში

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან 2019 წელს ქართველმა არქეოლოგებმა ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა იპოვეს. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენილი არტეფაქტები თითქმის 2 მილიონი წლის წინანდელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ძეგლი დაახლოებით დმანისის ასაკისაა. ეს აღმოჩენა მიანიშნებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსები უფრო ფართოდ და უფრო დიდი ხნით სახლობდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლი ახალია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ შესაძლებელია კიდევ უფრო სენსაციური აღმოჩენები იყოს.

ადამიანების ძვლები აქ ჯერ არ უპოვიათ, თუმცა არქეოლოგებმა მიაგნეს ჰომო ერექტუსის ქვის იარაღებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტერიტორია ჰომინიდებით უნდა ყოფილიყო დასახლებული. აქვე ნაპოვნია ანტილოპას, ხმალკბილა ვეფხვის, კატის და, სავარაუდოდ, ეტრუსკული მგლის ნაშთებიც.

ქვემო ოროზმანი, 2021 წელი

ოროზმანის ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილია. ისიც მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არის. არქეოლოგიური ძეგლის კვლევა რომ არ შეჩერებულიყო, მეცნიერი ჩამოშორდა ოროზმანის ექსპედიციას, თუმცა არქეოლოგებმა გათხრების გაგრძელების უფლება მაინც ვერ დაიბრუნეს.

„ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური პროექტი გაჩერებულია. წამყვანი მეცნიერები გამოუშვეს მუზეუმიდან. სახელმძღვანელოებშია შესული კონკრეტულად ამ მეცნიერების შესწავლით მიღებული შედეგები. არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, სადაც არქეოლოგია ისწავლება და არ ისწავლება საქართველოს შესახებ, იმის გამო, რომ საქართველოში არის აღმოჩენილი პირველი ევროპელები, პირველი ღვინო, საუბარია მეტალურგიაზეც. არქეოლოგიის სწავლისას ამ ფაქტებს გვერდს ვერ აუვლი. ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გაჩერდეს კულტურული პროცესები, აღარაფერი მივცეთ მსოფლიოს და ვიყოთ მაჩანჩალა ქვეყანა”, - ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.

არქეოლოგი იხსენებს იმ დროს, როცა ოროზმანში პირველი ექსპედიცია ჩავიდა - ამ დროს ახალი მომხდარი იყო ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება დმანისში და ეს დაძაბულობა მეზობელ სოფლებშიც იგრძნობოდა. ოროზმანის აღმოჩენის მნიშვნელობამ ამ პატარა სოფელში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ერთნაირად გაუღვივა სიამაყის შეგრძნება.

„ძალიან უხაროდათ. ჯერ მოვიდნენ სოფლის უხუცესები, აზერბაიჯანული სოფელია ოროზმანი და მოლამ მოგვიკითხა, ხილი მოგვიტანა. მეორე დღიდან დაიწყო ჯგუფებად მოსვლა: ხან მოსწავლეები მოდიოდნენ, ხან ქალები და კერძები მოჰქონდათ, ხან კაცები გვთავაზობდნენ დახმარებას. როგორც ყველგან, იქაც უჭირს ხალხს, ვეუბნებოდით, არ გვინდა, ნუ წუხდებით, მერე გარეთ გვიტოვებდნენ მოსაკითხებს. მათ დაინახეს, რომ ჩვენი ექსპედიცია მათთვის ძალიან კარგი იყო, ტურისტები გამოჩნდნენ, უცხოელი სტუდენტები, ჟურნალისტები - იქ უცხო მანამდე თითქმის არავინ არ იყო ნამყოფი. მთელმა თემმა, მულტინაციონალურმა თემმა გაიგო, რომ ოროზმანი არის მათი საკუთრება და მას აქვს მსოფლიო მნიშვნელობა”, - იხსენებს გიორგი ბიძინაშვილი. გიორგი ოროზმანის სკოლისთვის არქეოლოგიის სასწავლო პროგრამის შექმნასაც კი გეგმავდა.

50-60 ათასი წლის წინანდელი მღვიმე ხარაგაულში

არქეოლოგიური ექსპედიციისთვის პრესტიჟული ფონდის დაფინანსება აქვს მოპოვებული ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ კიდევ ერთ არქეოლოგს, ნინო ჯაყელს. National Geographic-ის გრანტით მას ებრაელ და ავსტრიელ კოლეგებთან ერთად ხარაგაულში, სოფელ ხანდებში 2019 წელს აღმოჩენილი მღვიმე უნდა შეესწავლა. პირველადი კვლევებით ეს შუა პალეოლითის ხანის ძეგლი უნდა იყოს. მღვიმე იმერეთში ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ აღმოაჩინეს და, სავარაუდოდ, 60 000 წლის წინანდელია. ამ დრომდე ვერც ნინომ და მისმა ჯგუფმა მიიღეს გათხრების ნებართვა.

„მე როგორც ვხედავ, საერთაშორისო პროექტებს არ აძლევენ [გასაქანს]. დღეს მულტიდისციპლინური კვლევების გარეშე გათხრებს აზრი არ აქვს. რომ ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, აიღეთ ბილეთი და ღია ფურცელი [ოფიციალური ნებართვა გათხრებზე - რ.თ.] არ მოგვცეს, რა ვქნათ? სიმართლე რომ ვთქვა, პროტესტის გრძნობაც აქვთ ჩემს [უცხოელ] კოლეგებს. ვამზადებ წერილს, რომ ავუხსნათ სიტუაცია ფონდს და ვითხოვოთ [კვლევების] გადავადება. ასეთი გრანტი ჩვენს გუნდს არასოდეს მიუღია იმ მოცემულობით, რომ ხელმძღვანელი ქართველი იყოს”, - ჰყვება ნინო ჯაყელი, რომელიც წლების განმავლობაში თვითონაც სააგენტოსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრია. ის ამბობს, რომ წელს საბჭომ ერთადერთი სხდომა გამართა, 2022 წლის 28 აპრილს. ამ დღეს განხილულ ყველა ექსპედიციას ნებართვა მისცეს, თუმცა, არცერთი არ ყოფილა საერთაშორისო პროექტი.

მღვიმე აღმოჩენის პირველ წელს

კიდევ ერთი სხდომა, რომელმაც არქეოლოგებისთვის ნებართვების მინიჭებაზე უნდა იმსჯელოს, ხვალ, 22 ივნისსაა დაგეგმილი. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა წინასწარ არ იციან, რომელ პროექტებს მისცემს მათ განსახილველად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი. ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი, თუკი ექსპედიციების განახლების უფლებას ყველას მისცემენ, მეცნიერების ნაწილი წელს გათხრების დაწყებას მაინც ვეღარ შეძლებს. მათ შორის, ნინო ჯაყელიც, რომელსაც 16 ივლისამდე ელოდებოდნენ უცხოელი კოლეგები, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ. ხარაგაულის მღვიმის საკვლევად ისინი მხოლოდ მომავალი ზაფხულისთვის თუ მოიცლიან.

გადაჭრილი გორა იმირში

თვენახევრიანი არქეოლოგიური ექსპედიცია ფაქტობრივად ჩაეშალა ეროვნული მუზეუმის თანამშრომელს მინდია ჯალაბაძეს. ის წლებია კანადელ კოლეგებთან ერთად იკვლევს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურას. წელს კოლეგებს რამდენიმე ამოცანა ჰქონდათ: გეგმავდნენ ახალი მონაკვეთების გათხრას, ნიმუშების აღებასა და მათ ლაბორატორიულ კვლევებს, გადაჭრილ გორაზე შემორჩენილი ალიზით აშენებული სახლების კონსერვაციას. ეს ვიზიტორებისთვის ძეგლს უკეთ ხილვადს გახდიდა.

„28 აპრილს შევიტანე სააგენტოში განცხადება, მაქსიმუმ 20 დღეში უნდა მქონოდა ნებართვა. კანადელი პარტნიორები გვყავდა ტორონტოს უნივერსიტეტიდან, ერთად უნდა გვემუშავა გადაჭრილ გორაზე. 5 დღის წინ წავიდნენ. 1 მაისიდან 15 ივნისამდე იყო ჩვენი ექსპედიცია დაგეგმილი. ახლა რომც მოგვცენ ნებართვა, არანაირი რესურსი აღარ გვაქვს, არც ადამიანების, არც ფინანსური. რაც დაგეგმილი იყო პროექტით, იმას ვეღარ შევასრულებთ”, - გვიყვება მინდია ჯალაბაძე და გვიხსნის, რომ არქეოლოგიურ ძეგლზე მუშაობისას ორი კვირა მის მომზადებას და დახურვას სჭირდება. ნებართვის ლოდინში წელს მისმა ექსპედიციამ მხოლოდ გაწმინდა ტერიტორია და ხელახლა დახურა მომავალი გათხრებისთვის.

2014 წელს ქვემო ქართლში, სოფელ იმირში გადაჭრილ გორაზე, VI ათასწლეულით დათარიღებულ ძეგლზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა უძველესი ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა მსოფლიო სენსაცია გახდა. კვლევამ აჩვენა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოაშენა და კულტურული ვაზისგან პირველად დაწურა ღვინო. აქ ნაპოვნ კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის ნაწილაკები, რაც ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.

ამ აღმოჩენის შემდეგ, რომელიც სწრაფად მოექცა სამეცნიერო და პოპულარული მედიის ყურადღების ცენტრში, ქართული ღვინისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში გაიზარდა - აიწია ქართული ღვინის ფასმაც.

„საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ – გამოფენა ბორდოში, 2017 წელი

რაბათის ნამოსახლარი ასპინძაში, სოფელ ზველში

ავსტრალიელ კოლეგებთან ერთად არქეოლოგიური გათხრების ნებართვას ელოდება ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გიორგი ბედიანაშვილი. ასპინძის სოფელ ზველში, მათ სასიმაგრო სისტემის მქონე გორა ნამოსახლარი უნდა შეისწავლონ, სადაც ცხოვრების უწყვეტი ნაკვალევია ადრებრინჯაოს (ძვ. წ. III ათასწლეული) ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით.

არქეოლოგები ცდილობენ, დაადგინონ, როგორ ახერხებდა სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ადამიანი გარემოსთან ადაპტაციას და როგორ სოციო-ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესებში იყო ჩართული. გიორგი მელბურნის უნივერსიტეტთან ერთად ამ ძეგლზე 2016 წლიდან მუშაობს და არასოდეს შექმნია პრობლემა ნებართვის მიღებაზე.

„მათი [ავსტრალიელი მეცნიერები - რ.თ.] ნაწილი ნამუშევარია თურქეთში, სირიაში, ეგვიპტეში და იქ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა მთავრობა არ გასცემს არქეოლოგიური გათხრების ნებართვებს, თუმცა ეს ქვეყნები ავტოკრატიული ქვეყნებია და ნაკლებად უკვირთ. ეგვიპტეში, მაგალითად, პასუხსაც არ აძლევენ, თურქეთშიც ძალიან გართულებულია უცხოელებისთვის ნებართვის მიცემა. ერთი მიყვებოდა, რომ ერდოანი პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს ამ ნებართვებს და მხოლოდ თავის მომხრე მეცნიერებს აძლევს”, - ამბობს გიორგი ბედიანაშვილი. მას იმედი აქვს, რომ 22 ივნისის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო საბჭო მას ნებართვას მისცემს, თუმცა აქვს გეგმაც იმ შემთხვევისთვის, თუკი ეს ასე არ მოხდება. თუკი ნებართვას ვერ მიიღებენ, მეცნიერები უკვე აღმოჩენილ მასალაზე იმუშავებენ და ახალ ობიექტებს დაზვერავენ. თუმცა, ცხადია, ეს ვერ ჩაითვლება სრულფასოვან ექსპედიციად.

რაბათის ნამოსახლარი

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, არქეოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე გვეუბნება, რომ რიგ შემთხვევებში ნებართვები იმიტომ არ გაიცა, რომ დოკუმენტაცია იყო არასრული, რიგ შემთხვევაში იმიტომ, რომ სააგენტოში ახლა რეორგანიზაციაა.

„ვინ იცის, რომ ნებართვას ვერ მიიღებს? ამის თქმა ვის შეუძლია? ესენი არიან ჩემი კოლეგები, მეც ვმუშაობდი ამ მუზეუმში და ამ თემით შეწუხებული ვარ, ამაზე ვფიქრობ. გარკვეული რიტმი უნდა გვქონდეს სხდომებთან დაკავშირებით, საჭიროა შეხვედრები სამინისტროშიც და ვცდილობ, წინ წავწიო. ამ წუთში კონკრეტული პასუხები არ მაქვს, მაგრამ ვაქტიურობ ზომიერების ფარგლებში, რომ შემეძლოს წესიერი პოზიციიდან და არა მომჩივანის პოზიციიდან ეს საქმე წინ წავწიო. დღენიადაგ ვფიქრობ მე ამაზე. მოდერნიზაცია მოხდა სისტემის, საჭიროა დახვეწები, დროული პასუხებიც საჭიროა. ახალი დირექტორი იურისტია და შეცდომებს არ დაუშვებს… არ არის აუცილებელი, მთელ საქართველოში ერთდროულად გათხრები ტარდებოდეს… ესენი მიეჩვივნენ, რომ რაღაც ხარვეზები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ მაინც იღებდნენ ნებართვებს. მე მომისმენენ. ჩემს აზრს გაითვალისწინებენ”, - გვეუბნება ვახტანგ ჯაფარიძე.

21 ივნისს, კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციისთვის კონკურსი გამოაცხადა - "არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად". სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ კონკურსში გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად ჯამურად 20 000 ლარი დაიხარჯება, სტუდენტებს კი საშუალება ექნებათ, გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად იმუშაონ ველზე. მუზეუმიდან გათავისუფლებული არქეოლოგები, რომლებიც თვეებია ველზე გასვლის ნებართვას ელოდებიან, ამ კონკურსის გამოცხადებას დაცინვად მიიჩნევენ.