საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საკორინთლოსა და დვანშიც გააქტიურდნენ

ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული ბანერი სოფელ დვანში

ხურვალეთის შემდეგ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. საკორინთლოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დრონმა რამდენიმე ათეული მეტრის სიგრძის თხრილი დააფიქსირა. კადრების მიხედვით, თხრილი იმდენად ღრმაა, რომ სანგარს უფრო ჰგავს. საკორინთლოს მცხოვრებლები გათხრილ ადგილს შიშით ვეღარ უახლოვდებიან. მათი თქმით, სოფელი ყოველწლიურად მიწის ფართობებს კარგავს, საოკუპაციო ძალები კი მუდამ პატრულირებენ და იქით შემთხვევით მოხვედრილ მოქალაქეებსაც აკავებენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში კი, საოკუპაციო ღობის მიღმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ადგილზე ტრაქტორი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ოსური მხარის მტკიცებით, ეს ხნულები იმისთვისაა, რომ ზაფხულის სეზონზე ყანებში ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკორინთლოსა და დვანში განახლებული ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ მცირე ცნობა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და საქმის კურსში უკვე ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სუსმა რეგიონში გააქტიურებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს უფრო ვრცელი განცხადება მიუძღვნა კვირას, 19 ივნისს, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სათვალთვალო კოშკურებს ამონტაჟებდნენ.

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე მცირე მთა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიკავეს. ამ ფერდობზე არის სოფლის სასაფლაო, რომელიც ამჟამად ორ ნაწილადაა გაყოფილი. ფერდობზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებიც დამონტაჟებულია, მაგრამ ხურვალეთელების თქმით, ამ ბანერების ქვემოთ, სოფლის სიღრმეში, ეკლესიამდე, შეიარაღებული ჯარისკაცები ხშირად ჩამოდიან.

სუსმა პირობა დადო, რომ ერგნეთის მომდევნო შეხვედრაზე რეგიონში გააქტიურებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს მკაცრი რეაქცია მოჰყვება. შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება, მანამდე მხარეები კონსულტაციებს ცხელი ხაზის მეშვეობით გააგრძელებენ.