რუსეთში ევროკავშირის ელჩს, მარკუს ედერერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ, ლიეტუვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებს გამო, რომლის თანახმად, იკრძალება ტვირთების ნაწილის ტრანსპორტირება კალინინგრადის რეგიონიდან ლიეტუვის მიმართულებით. ბიბისის თანახმად, ამის შესახებ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა.
„როგორც ვიცი, ხვალ [სამშაბათს] ევროკავშირის ელჩი რუსეთში მარკუს ედერერი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი პირობების წარსადგენად“, - ციტირებს "რია ნოვოსტი" ალიხანოვს.
18 ივნისიდან ვილნიუსმა, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად, ლიეტუვის ტერიტორიის გავლით, კალინინგრადის რეგიონში და უკან, საქონლის ტრანზიტი აკრძალა.
აკრძალვა შეეხება რუსეთსა და კალინინგრადს შორის გადაზიდული სარკინიგზო ტვირთების დაახლოებით 50%-ს, მათ შორის სამშენებლო მასალებს, ბეტონს და ლითონებს.
ალიხანოვის თქმით, ბლოკადასთან დაკავშირებით რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს.
"მოდით, რუკას შევხედოთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსული ტრანზიტის გარეშე, ბალტიისპირეთის პორტების არსებობა დასრულდება. მრავალი საპასუხო ზომის მოფიქრება შეიძლება", - თქვა კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა.
„რუსეთის მხრიდან მუქარას მიჩვეულმა ვილნიუსის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვის გაფრთხილებები უსაფუძვლო მუქარად მიიჩნიეს“, - ვითარების კომენტირებისას წერს New York Times-ი.
„ჩვენ განსაკუთრებით არ გვაწუხებს რუსული საფრთხეები“, - თქვა ლაურინას კაშჩიუნასმა, ლიეტუვის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. „კრემლს რეაგირების ძალიან ცოტა ვარიანტი აქვს“.
მისი აზრით, რუსეთის მხრიდან სამხედრო პასუხი თითქმის შეუძლებელია, რადგან ლიეტუვა ნატოს წევრი სახელმწიფოა. ეს გარემოება რომ არა, მოსკოვი, ალბათ, მსგავს შესაძლებლობას განიხილავდა, მიიჩნევს კაშჩიუნასი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ელჩის გამოძახების შესახებ ინფორმაცია.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებით ცალმხრივად შეზღუდვების ზომები არ დაწესებულა და ის 2022 წლის 17 ივნისიდან ამოქმედებული ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტს შეესაბამება.
ასევე ნახეთ მოსკოვი აპროტესტებს კალინინგრადისკენ მისი გადაზიდვების შეზღუდვას ლიეტუვის მიერ„მგზავრები და პროდუქცია, რომლებზეც ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი არ ვრცელდება, ლიეტუვის ტერიტორიაზე როგორც კალინინგრადის, ასევე უკან გადაადგილებას განაგრძობენ “, – განმარტავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთმა 20 ივნისს ვილნიუსს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გააუქმოს ახალი შეზღუდვები, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვედრილ რუსულ საქონელს დაუწესდა ლიეტუვის ტერიტორიაზე, რუსეთის კალინინგრადის ექსკლავისკენ.