პავილიონისი: მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ

აქცია „შინ ევროპისკენ". თბილისი. 20 ივნისი

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა. ლიეტუველი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალები უნდა დაუბრუნდნენ „შარლ მიშელის შეთანხმებას" და საჭირო არის საზოგადოების კონსოლიდაცია.

„ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის შემდეგ - გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვს საგზაო რუკა, 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით. ის ექვსი თვის განმავლობაში სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან შეთანხმებულ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ", - თქვა ვიდეომიმართვაში ჟიგიმანტას პავილიონისმა.

17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.