ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა 17 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთ პლენარულ შეხვედრაზე, რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად მონაწილეობდა, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აპირებს როგორც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევას, ასევე ე.წ. კვაზისახელმწიფოების, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას. ყაზახეთის ლიდერის ამგვარმა ხისტმა განცხადებამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ვლადიმირ პუტინი არ გააოცა. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერეტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტოყაევმა შეგნებულად დაამცირა უკრაინასთან ომის გამო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი პუტინი, რათა ყაზახეთმა და, პირადად, პრეზიდენტმა ტოყაევმა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას.
19 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შეწყვიტა ყახახური ნავთობის ტრანსპორტირება ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალიდან, რის პასუხადაც, თითქოს, ყაზახეთმა შეაჩერა რუსეთის კუთვნილი ქვანახშირის სარკინიგზო გადაზიდვები. რა და როგორ მოხდა სინამდვილეში?
რა თქვა ტოყაევმა
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ შეხვედრას, რომელშიც რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ, ჰყავდა მოდერატორი, ინგლისურენოვანი რუსული პროპაგანდისტული არხის RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც ტოყაევს პირდაპირ ჰკითხა, რას ფიქრობდა ყაზახეთი რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე.
ყაზახეთის პრეზიდენტმა დაიწყო იმით, რომ ყაზახეთში უკრაინის ომზე განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს, რადგან ქვეყანაში განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებაა. რუსეთის მიერ აღიარებულ უკრაინის სეპარატისტულ რესპუბლიკებზე საუბრისას კი მან აღნიშნა, რომ გაეროს წესდების ორი ძირითადი პრინციპი - ერთა თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა - ერთმანეთს დაუპირისპირდა.
„გამოთვალეს, რომ თუ ერთა თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ დედამიწაზე 193 სახელმწიფოს ნაცვლად 500-600-ზე მეტი სახელმწიფო წარმოიქმნება. ეს იქნება ქაოსი. ამის გამო ჩვენ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს არ ვაღიარებთ. ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუგანსკი და დონეცკი“, - განაცხადა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა.
რუსეთში ასევე კარგად არის ცნობილი ყაზახეთის ლიდერის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
„სანქციები სანქციებია, ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ისინი, მით უმეტეს, რომ ვიღებთ შეტყობინებებს, რომ სანქციების დარღვევის შემთხვევაში, დასავლეთი ჩვენს ქვეყანას დაუწესებს ე.წ. მეორად სანქციებს“, - განუცხადა ტოყაევმა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე რუსულ ტელეკომპანია „როსია 24“-ს.
ტოყაევის სიმამაცე თუ სიმონიანის კრახი?
რუსი პოლიტოლოგი და ექსპერტი ცენტრალური აზიის საკითხებში, არკადი დუბნოვი ამბობს, რომ აქამდე, რუსეთის მიმდებარე სივრცეში, არცერთ მოკავშირე სახელმწიფოს არ მიუცია თავისთვის უფლება, „გულწრფელად დაერქმია საგნებისთვის სახელები“.
„ამ გამოსვლას "ჭეშმარიტების მომენტს" დავარქმევდი... უფრო მკვეთრადაც ვიტყოდი. არსებობს ასეთი ანდაზა: "ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ", მაგრამ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა "თოკის ხსენება ჩამოხრჩობილის სახლში", - ამბობს არკადი დუბნოვი.
პოლიტოლოგის თქმით, 17 ივნისს ტოყაევმა ილაპარაკა არა მხოლოდ როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა, არამედ როგორც გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ.
„ტოყაევმა ფაქტობრივად გაეროს პირით გამოხატა მსოფლიო საზოგადოების პოზიცია. გაერო რუსეთისა და პუტინის მიერ, თითქოსდა, აღიარებულია მსოფლიო წესრიგის საზომად და მსოფლიო მოწყობის ქვაკუთხედად. [ტოყაევმა] თქვა, რომ დონეცკის ამ არაღიარებულ რესპუბლიკებს არც ყაზახეთი აღიარებს, ისევე როგორც არ აღიარებს სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს და ა.შ., - ეს არის გაეროს პოზიცია. ამ თვალსაზრისით, ის, რაც ტოყაევმა თქვა, ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა არკადი დუბნოვმა, რომლის თქმითაც, ყაზახეთსა და რუსეთს „განსხვავებული საბოლოო მიზნები“ აქვთ: „რუსეთი ცდილობს ხელახლა შექმნას თავისი იმპერიული არსი ტერიტორიების გაფართოებითა და გაკონტროლებით, ცდილობს დაამტკიცოს, რომ არის ზესახელმწიფო, ხოლო ყველა სხვა, მიმდებარე ქვეყანა მისი კოლონიაა. ვინც წინააღმდეგობას არ გაუწევს, განწირულია ასეთ კოლონიად ყოფნისთვის“.
რუსი ეკონომისტი და მწერალი, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმების ხშირი მონაწილე, დმიტრი პოტაპენკო წარმოუდგენელ ჩავარდნას უწოდებს რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების მონაწილეობით გამართულ სადისკუსიო პანელს, რომელმაც კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ისედაც არასახარბიელო ვითარებაში მყოფი ვლადიმირ პუტინი.
„ვფიქრობ, რომ მარგარიტა სიმონიანმა კატეგორიულად არასწორად წაიყვანა დისკუსია. ის პუტინის (როგორც თვითონ უწოდებს, "უფროსის") აშკარა მხარდამჭერია. ასეთი დისკუსიების წარმართვისათვის აუცილებელია სათანადო უნარი: რესპონდენტების პოტენციური პასუხების გააზრება. ეს იყო სრული ჩავარდნა. ახლა რუსეთი ძალიან უსიამოვნო მდგომარეობაშია, რადგან ტოყაევის ნათქვამი, ფაქტობრივად, საჯარო განცხადებაა და მისი უარყოფა-დეზავუირება შეუძლებელია. ეს კითხვა რომ არ დასმულიყო და არ ყოფილიყო ასეთი პასუხი, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ორაზროვნების შენარჩუნება. ახლა კი ნიღბები ჩამოხსნილია. ყველას ესმოდა, რომ პოტენციური პასუხი ასეთი იქნებოდა. თუ ვლადიმირ პუტინი გულწრფელად მიიჩნევს, რომ აუცილებელია დისკუსიაში ლოიალური, მაგრამ არა ჭკვიანი ადამიანების ჩართვა, იძულებული ვარ, გული დავწყვიტო შიდაპოლიტიკის დეპარტამენტს: ბოლოს და ბოლოს, დაიწყეთ მუშაობა ჭკვიან ადამიანებთან და არა - ლოიალურებთან, სპეციალისტი მიზნის ერთგულია და არა - კონკრეტული ადამიანის. ეს არის ამ დისკუსიის ფუნდამენტური ნაკლი“, - განაცხადა დმიტრი პოტაპენკომ.
ჩაწყობილი კითხვა-პასუხი?
ცხადია, ტოყაევის სიტყვებმა რეზონანსი გამოიწვია ყაზახეთში, თუმცა, როგორც ყოფილი ყაზახი დიპლომატი ყაზბეკ ბეისებაევი ამბობს, ტოყაევმა მხოლოდ ქვეყნის ოფიციალური პოზიცია გაახმოვანა:
„პრეზიდენტს გმირობა არ ჩაუდენია. მან მხოლოდ ყაზახეთის ოფიციალური პოზიცია გააჟღერა. რა თქვა ახალი? ამის შესახებ მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ფართო საზოგადოება ამბობს: „აი, ყოჩაღ! პუტინის გვერდით იჯდა და შიშის გარეშე ილაპარაკა“. და რატომ უნდა ეშინოდეს პუტინის? ის რა, მონსტრია? პრეზიდენტმა დიპლომატიურად გამოხატა ყაზახეთის პოზიცია, რაც გასაკვირი არ არის“.
ყაზბეკ ბეისებაევის თქმით, არსებულ ვითარებაში ყაზახეთი ვერანაირად ვერ ცნობს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, შესაბამისად, ყაზახეთს სხვა არჩევანი არც აქვს:
„თუ ყაზახეთი მათ აღიარებს, მაშინვე დაექვემდებარება დასავლეთის სანქციებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. სანქციებს ვერ გავუძლებთ. შემოსავალი მხოლოდ ნავთობიდან გვაქვს, რა უნდა ვქნათ, თუ ამ წყაროსაც დაგვიკეტავენ?“
ყაზახი პოლიტოლოგი დიმაშ ალჟანოვი კი ვარაუდობს, რომ ტოყაევის პასუხი წინასწარ იყო კრემლთან შეთანხმებული.
„მნიშვნელოვანია, არ გამოგვრჩეს ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ბოლო ვიზიტი მოსკოვში, სადაც, როგორც ჩანს, განიხილეს ფორუმში ტოყაევის მონაწილეობის კონტურები და მასში ყაზახეთის პოზიციონირება, - ამბობს დიმაშ ალჟანოვი, - ამ დონის მოვლენები, განსაკუთრებით ის, რაც პუტინისთვის პოლიტიკური მნიშვნელობისაა, ვერ ჩატარდებოდა ორივე მხარის პოზიციების წინასწარი განხილვისა და შეთანხმების გარეშე. პუტინისთვის მნიშვნელოვანი იყო ფორუმში ყაზახეთის პრეზიდენტის მონაწილეობა, ტოყაევისთვის მნიშვნელოვანი იყო თავისი იმიჯის კორექტირება იანვრის მოვლენების ფონზე“.
დიმაშ ალჟანოვის აზრით, ტოყაევის მონაწილეობის ზოგადი სცენარი „ორივე მხრიდან კარგად იყო შემუშავებული“:
„ამოცანა იყო ტოყაევის წარმოჩინება, როგორც დამოუკიდებელი და მამაცი პოლიტიკოსისა, დიპლომატისა, რომელიც თამამად იგერიებს კითხვებს და, ამავე დროს, ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას. [ტოყაევის] პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ახალი ფურცლის გადაშლა და იანვრის საპროტესტო აქციების მონაწილეების დახვრეტის თემის ჩანაცვლება "წარმატების ისტორიით". სასურველი სურათის მიღების შემდეგ დაიწყო პრეზიდენტის იმიჯის ორგანიზებული ტირაჟირება - როგორც ძლიერი სახელმწიფო მოხელისა, რომელმაც იცის, როგორ დაიცვას ეროვნული ინტერესები თუნდაც ძალიან რთულ სიტუაციებში - სოციალურ ქსელებსა და მედიაში“.
ყაზახი პოლიტოლოგის თქმით, შინაარსობრივად ტოყაევს ახალი არაფერი უთქვამს, რადგან მან გაიმეორა, თანაც საკმაოდ ბუნდოვნად ის, რაც ყაზახეთმა უკვე ოფიციალურად განაცხადა ადრე. კერძოდ, ყაზახეთმა არ აღიარა არც აფხაზეთი სამხრეთ ოსეთთან და არც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები.
„ტოყაევი გაექცა პირდაპირ პასუხს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შესახებ დასმულ კითხვაზე (მას სთხოვეს შეფასება). ტოყაევმა თავისი პასუხი უსაფრთხო ზონაში ჩამოაყალიბა, საერთაშორისო სამართლის ნორმების „ჟონგლირებით“. მიმაჩნია, რომ პუტინს ამ კუთხით იმთავითვე არ ჰქონდა დიდი მოლოდინი. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ფორუმზე ტოყაევის ყოფნის ფაქტი“, - უთხრა დიმაშ ალჟანოვმა რადიო თავისუფლების ყაზახურ სამსახურს.
რას იზამს პუტინი - „შურისმაძიებელი ამხანაგი”?
ყაზახი პოლიტოლოგის მოსაზრებას, თითქოს პუტინთან წინასწარ იყო შეთანხმებული ტოყაევის პასუხი, ეჭვის ქვეშ აყენებს შეხვედრის უშუალო მონაწილე, ეკონომისტი დმიტრი პოტაპენკო, რომელიც ვლადიმირ პუტინის რეაქციაზე დაყრდნობით ამბობს:
„ყველაფერი ძალიან ნათელი იყო. არაოფიციალურ კადრებში (ტელევიზიით დამონტაჟებული კადრები გავრცელდა) ჩანს, რომ პუტინის პოზა და თავის დახრილობა შეიცვალა. გასაგებია, რომ როგორც ნორმალურ პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია ტექსტის გაკონტროლება, არ უთქვამს: „ეს რა ჯანდაბა თქვი ასეთი?!“ მაგრამ ვლადიმერ პუტინს სახიდან ჩამოუვარდა ნიღაბი, ყბები დაებერა და სხვა მიმართულებით დაიწყო ყურება ანუ მაგრად დაიწვა“, - ამბობს დმიტრი პოტაპენკო.
რა შეუძლია გააკეთოს პუტინმა საპასუხოდ? როგორც რუსულ ოპოზიციურ მედიაში ხუმრობენ, პუტინი „შურისმაძიებელი ამხანაგია“ და, შესაბამისად, მას უყვარს სამაგიეროს გადახდა. შეუძლია თუ არა რუსეთს, რაიმე სახის გავლენა მოახდინოს ყაზახეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ეს საკითხი აქტუალური გახდეს ასტანისა და მოსკოვისთვის?
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დასრულებიდან ორიოდ დღეში რუსულ და საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ჯერ შეამცირა, შემდეგ კი შეწყვიტა ყახახური ნავთობის ტრანსპორტირება ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალიდან, რის პასუხადაც, თითქოს, ყაზახეთმა შეაჩერა რუსეთის კუთვნილი ქვანახშირის სარკინიგზო გადაზიდვები.
რუსეთმა მართლაც შეაჩერა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალის გავლით, თუმცა მიზეზად დაასახელა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმების აღმოჩენა.
„ნოვოროსიისკის პორტის აკვატორიაში კასპიის მილსადენის კონსორციუმის (КТК) ობიექტების ირგვლივ ჩატარებული შემოწმებისას აღმოაჩინეს 50-ზე მეტი ნივთი, რომლებიც შეიძლება იყოს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ასაფეთქებელი მოწყობილობები. სულ მცირე, 2022 წლის დასაწყისში ნოვოროსიისკის პორტთან უკვე იყო აღმოჩენილი მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც პოტენციურად სახიფათო. განაღმვითი სამუშაოები 20 ივნისიდან დაიწყო. სავარაუდოდ, ნავთობის მიწოდება КТК-ის მილსადენით შესაძლოა შეჩერდეს მინიმუმ თვის ბოლომდე“, - ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
კასპიის მილსადენის კონსორციუმის მილსადენის (თენგიზ-ნოვოროსიისკი) სიგრძე 1511 კმ-ია და ამ მარშრუტით ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის 2/3-ზე მეტი ტრანსპორტირდება.
რაც შეეხება რუსეთის კუთვნილი ქვანახშირის ტრანსპორტირების შეფერხებას ყაზახეთის ტერიტორიაზე - ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო ყაზახეთის მთავრობამ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაზახეთმა დაბლოკა თავის ტერიტორიაზე რუსული ნახშირით დატვირთული 1,7 ათასი სარკინიგზო ვაგონი, მცდარია, განაცხადა ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო კომიტეტის პრესსამსახურმა:
„დსთ-ს მედიასივრცეში აქტიურად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაზახეთმა თითქოსდა დაბლოკა რუსული ნახშირის 1,7 ათასი სარკინიგზო ვაგონი თავის ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო კომიტეტი ოფიციალურად აცხადებს: ეს შეტყობინებები სიყალბე და ფეიკნიუსია“.
ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო კომიტეტმა ასევე დასძინა, რომ ყაზახეთის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფება რუსული ნახშირით სავსე ვაგონები, ვაგონები ასევე არ არის რუსეთის რკინიგზის იმ ხაზებზე, რომლებიც ყაზახეთისკენ მიემართებიან. ყაზახეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ „ეს გზავნილი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური პარტნიორობის დისკრედიტაციას“.
რუსი ეკონომისტის, დმიტრი პოტაპენკოს თქმით, ტექნიკურად რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია ყაზახეთის ეკონომიკისათვის პრობლემების შექმნა, მაგრამ ეს უკიდურესად წამგებიანი იქნება თვითონ რუსეთისთვისაც.
„ეს კიდევ უფრო გაზრდის ყაზახეთის მიდრეკილებას თუ მიბრუნებას ჩინეთისკენ. ყაზახეთს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან. რუსეთთან პრობლემების გაჩენის შემთხვევაში, ჩინეთიდან მეტი ინვესტიცია შევა ყაზახეთში. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი იყოს ყაზახეთის შეგნებული, გააზრებული პოლიტიკა. მიმაჩნია, რომ ყაზახეთი უბრალოდ ფოკუსირებულია ბევრად უფრო ძლიერ, მრავალჯერ უფრო დიდ (პირველ რიგში ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით დიდ) მოთამაშეზე. მოგეხსენებათ, ჩინეთი მაღალტექნოლოგიური ზესახელმწიფოა, განსხვავებით ნედლეულის წყაროდ ქცეული რუსეთისგან“, - ამბობს დმიტრი პოტაპენკო.