უკრაინა აწარმოებს რთულ მოლაპარაკებებს თავისი პორტების გათავისუფლებისთვის რუსეთის ბლოკადისგან, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წამყვანმა დიპლომატმა რუსეთს ბრალი დასდო "ნამდვილი სამხედრო დანაშაულის" ჩადენაში, ამ პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებით.
ჯერჯერობით პროგრესი არ აღინიშნება "რთულ, მრავალ დონეზე წარმოებულ მოლაპარაკებაში ჩვენი პორტების განბლოკვის მიზნით", - თქვა ზელენსკიმ და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მარცვლეულთან მიმართებით ამჟამად შექმნილი კრიზისი შესაძლოა იმდენ ხანს გაგრძელდეს, რამდენსაც გასტანს რუსეთის "კოლონიური ომი".
ზელენსკიმ ეს აფრიკის კავშირისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მანამდე, 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ ვითარებაზე ილაპარაკა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას ლუქსემბურგში. "წარმოუდგენელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი დაბლოკილია უკრაინაში, როცა დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს ნამდვილი სამხედრო დანაშაულია", - თქვა ბორელმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უგულებელყოფს დასავლეთის ბრალდებებს, რომ მოსკოვს აკისრია პასუხისმგებლობა მარცვლეულზე გლობალური ფასების მკვეთრ მატებაზე, პორტების ბლოკირების გამო.