ბორელი: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა "ნამდვილი სამხედრო დანაშაულია"

ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა რუსეთს „ნამდვილ სამხედრო დანაშაულში“ დასდო ბრალი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვისთვის.

„წარმოუდგენელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი დაბლოკილია უკრაინაში, როცა დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს ნამდვილი სამხედრო დანაშაულია“, - თქვა ბორელმა 20 ივნისს ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

მინისტრები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტებში დაკავებული ხორბლეულის გათავისუფლება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და პორტები ბლოკადაში მოაქცია, უკრაინიდან შეწყდა ექსპორტი. 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული სილოსებშია დაბლოკილი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო დასავლეთის ბრალდება, რომ მოსკოვი პასუხისმგებელია მსოფლიოში მარცვლეულის ფასების მკვეთრი ზრდისთვის, რაც უკრაინის პორტების ბლოკადითაა გამოწვეული.

გასულ კვირაში მან თქვა, რომ რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს უკრაინის შავიზღვისპირა პორტებიდან მარცვლეულის ტრანსპორტირება. ამავე დროს მან თქვა, რომ უკრაინას აქვს სახმელეთო მარშრუტებით ექსპორტის საშუალებაც, რაზეც დასავლეთი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია.

მანამდე მოსკოვმა მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა მოითხოვა მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველყოფის სანაცვლოდ.

ბორელმა თქვა, რომ რუსეთის მოქმედება და არა დასავლეთის სანქციები არის სასურსათო კრიზისის გაუარესებისთვის პასუხისმგებელი და რომ ევროკავშირი მუშაობს კრემლის მიერ გავრცელებული ვერსიის გაბათილებაზე.

„მინდა დაბეჯითებით ვთქვა, რომ ამ კრიზისს არ ქმნის ევროპული სანქციები. ჩვენი სანქციების სამიზნე არ არის სურსათი, არ არის სასუქი“, - თქვა ბორელმა.

რუსეთთან დაპირისპირების პირობებში მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა მარცვლეულის ფასები და ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მთავარ იმპორტიორებს მომარაგების პრობლემები გაუჩნდათ.