უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტ მეტელკინოზე. ამის შესახებ დღეს, 20 ივნისს ტელეგრამ-არხით იუწყება ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. ერთი დღით ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ დასახლებულ პუნქტს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
ჰაიდაის ცნობით, რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკის სამრეწველო ზონასა და ქალაქის შემოგარენზე გააძლიერეს საარტილერიო და საავიაციო შეტევა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკის გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებშიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გრძელდება საბრძოლო მოქმედებები სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს უკრაინის ამ ქალაქზე კონტროლის დამყარება სჭირდება, რათა გამოაცხადოს, რომ ლუგანსკის ოლქი მთლიანად „გაათავისუფლა“.