„არ მშურს არც მოლდოვის და არც უკრაინის“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაციები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ. პრემიერის თქმით, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატების სტატუსი "ავანსად" მისცეს და საქართველოსთვისაც ისევეა ღიაა ევროკავშირის კარი, როგორც ამ ორი ქვეყნისთვის.

"17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - პირველად გახდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას", - თქვა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს და ქვეყანას პირობების შესრულება მოუწევს.

ასევე ნახეთ ევროკომისია: საქართველოს პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებით

"ახლა როგორც კი დაამტკიცებს საბჭო რეკომენდაციებს, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. მე მინდა განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის საკითხები, რომელსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და მოქალაქეებს შესთავაზა საკუთარი ინტერპრეტაცია, რატომ აღმოჩნდა საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებულ მდგომარეობაში.

"მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით - მათაც ჩაუწერეს, საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი პერსპექტივა და ასევე სტატუსი. რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვას, რომელიც ასევე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამავდროულად, მათაც სთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას.

ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა – ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც დადებულია, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და, რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი. ჩვენ კარგად გვესმის - უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვს, ომი გრძელდება. ასევე მოლოდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში - თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთია მოლდოვა, ძალიან დიდი ნაკადი იყო დევნილების.

ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მინდა მივულოცო უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ეს გამარჯვება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განმარტებით, ორივე ქვეყანას უკრაინაში ომის გამო მისცეს ეს სტატუსი.

პრემიერ-მინისტრმა დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დასახულ ამოცანებში ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის დეოლიგარქიზაციაა. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: "ქართული ოცნების" და ივანიშვილის დამსახურებაა ევროინტეგრაციის მიღწევები