უკრაინაში ომის ფონზე ყაზახეთმა მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის ბირთვული იარაღის მფლობელებს, მოუწოდა, შეიმუშაონ გეგმა ამ იარაღის სრული ლიკვიდაციისთვის 2045 წლისთვის, როცა გაერო ასი წლისთავს აღნიშნავს. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ განაცხადა სტატიაში, რომელიც უკავშირდება ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების შეხვედრას ვენაში.
თავისი ინიციატივის აქტუალურობას მინისტრი ასაბუთებს კონფლიქტით უკრაინაში. „ამჟამინდელი სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში, ბირთვული შეიარაღების დაბრუნებაზე საუბრები და ბირთვული იარაღით ურთიერთმუქარა გვაიძულებს, როგორც არასდროს მანამდე, დავფიქრდეთ... ამ სასიკვდილო იარაღის აკრძალვისა და ლიკვიდაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე“, - წერს ტლეუბერდი.
როგორც უკრაინაში შეჭრის, ისე მის შემდეგაც პირველ რიგში რუსეთის წარმომადგენლები მიანიშნებენ ან პირდაპირ აცხადებენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა კატასტროფული შედეგების შესახებ, თუკი ის ჩაერევა კონფლიქტში და განკარგულება გასცა ბირთვული შეკავების ძალების საგანგებო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე. ამასთან, შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის წარმომადგენლები ასახელებდნენ იმას, რომ უკრაინას თითქოს აქვს ბირთვული იარაღის შეძენის გეგმები.
ყაზახეთს სსრკ-ს დაშლის შემდეგ ერთ ხანს მოეპოვებოდა ბირთვული არსენალი და, უკრაინის მსგავსად, ნებაყოფლობით თქვა მასზე უარი.
ამ დღეებში ყურადღება მიიქცია ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის განცხადებამ. მან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას“ ვლადიმირ პუტინის თანდასწრებით უწოდა „კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნები“ და თქვა, რომ ყაზახეთი მათ არ აღიარებს. ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის თაობაზე ყაზახეთში სხვადასხვა აზრი არსებობს. ტოყაევის განცხადება რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა პირდაპირი და არაპირდაპირი გზით.
ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 86-მა სახელმწიფომ, მათ შორის ყაზახეთმაც. ხელმომწერთა სიაში არ არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული იარაღი მოეპოვებათ. მომავალ კვირაში ვენაში გაიმართება ამ ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების პირველი შეხვედრა.