„ტვ პირველის“ ოპერატორის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით

„ტვ პირველის“ ოპერატორის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

18 ივნისს, ღამით, ბათუმში ტელეკომპანია "ტვ პირველის" ოპერატორს, მურმან ზოიძეს თავს დაესხნენ. ინციდენტი 26 მაისი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ოპერატორს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხუთი ადამიანი გაუსწორდა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ოპერატორი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მას 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები პირდაპირ ეთერში უნდა ჩაერთო ბათუმიდან, რა დროსაც მას რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ თავდამსხმელების აგრესია გამოწვეული იყო ოპერატორის ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე:

„ორი ახალგაზრდა მოვიდა. ოპერატორს ხმამაღლა ჰკითხეს, "ტვ პირველიდან" ხართო? იცნეს მიკროფონი, რომელიც მის მცირეწლოვან შვილს ეჭირა ხელში. იმ ორ ახალგაზრდას მაშინვე დაემატა რამდენიმე სხვა ახალგაზრდა. აშკარა იყო, რომ ახალგაზრდების აგრესია გამოწვეული იყო "ტვ პირველის" ლოგოთი და საქმიანობით“.

ინციდენტს შეესწრო უფლებადამცველი ციალა ქათამაძე, რომლის თქმით, თავდამსხმელები რამდენიმე წამის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ „ტვ პირველის“ ოპერატორს.

ოპერატორის ცემის ფაქტზე განცხადება გაავრცელა მედიის ადვოკატირების კოალიციამ. ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.

კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა.