გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტმა მატარებელში ჩაწერა ტრადიციული ვიდეომიმართვა.
„სამხრეთიდან ვბრუნდები. ვიყავი ნიკოლაევის ოლქში, თავად ნიკოლაევსა და ოდესის ოლქში. ველაპარაკე ჩვენს დამცველებს - ქალებსა და კაცებს: პოლიციელებს, სამხედროებს, ეროვნული გვარდიის წევრებს. ერთი წუთითაც არ ეპარებათ ეჭვი ჩვენს გამარჯვებაში. სამხრეთს არავის დავუთმობთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ზღვაც უკრაინული იქნება და იქნება უსაფრთხო“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისივე სიტყვებით, ქვეყნის სამხრეთში მგზავრობისას, მან ასევე განიხილა პორტების უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის საკითხი:
„ჩვენი პოზიცია მკაფიოა, უცვლელი: როგორც კი საერთაშორისო შუამავლობით მოხერხდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა წინ აღუდგეს მსოფლიო სავაჭრო კრიზისს, რომელიც რუსული ომის გამო წარმოიქმნა“.
გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, უკრაინული ხორბლის ექსპორტის ბლოკირების გამო, ზოგიერთ ქვეყანაში შიმშილის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 18 ივნისს პირველად მოინახულა ომით დაზარალებული ქალაქი ნიკოლაევი.
ნიკოლაევი, რომელიც საკვანძო მნიშვნელობის საპორტო ქალაქ ოდესისკენ მიმავალ გზაზეა, სამხრეთ უკრაინის ფრონტს იცავს.
ზელენსკის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ნიკოლაევში, რომელსაც რუსეთის ჯარები რეგულარულად უშენენ ცეცხლს მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინაში შეიჭრნენ 24 თებერვალს.